როგორც ვიცით, არსებობს სისხლის ოთხი ჯგუფი: (o),(A),(B),(AB) და ორი რეზუს ფაქორი RH(+) და RH(-).
რეზუს ფაქტორი არის მემკვიდრეობითი ცილა, რომელიც გვხვდება სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე. თუ პაციენტს სისხლში აქვს ეს ცილა, მაშინ იგი RH(+)-ია, თუ არ აქვს RH(-)-ია.
RH(+) არის ყველაზე გავრცელებული სისხლის ტიპი.
RH(-) სისხლის ჯგუფი არ არის დაავადება ან დარღვევა და, როგორც წესი, არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა ამ ფაქტორმა შეიძლება გავლენა იქონიოს ორსულობაზე. RH(-) სისხლი ქალების 15-20%-ში გვხვდება.
როგორია ამ დროს ტაქტიკა?
ორსულობის პირველივე ვიზიტზე ხდება სისხლის ჯგუფის და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა, თუ ქალი რეზუს ყარყოფითია RH(-), პარალელურად დგინდება მეუღლის სისხლის რეზუსი.
ორსულობის მე-12 კვირაზე, ყველა რეზუს უარყოფით ორსულს უნდა განესაზღვროს ანტისხეულები. ტიტრის მატება დედის სენსიბილიზაციაზე მიუთითებს და საჭიროა დაკვირვება ორ კვირაში ერთხელ. გარდა 12 კვირისა, ანტისხეულებს ვაკონტროლებთ ორსულობის 25-ე კვირაზეც!
რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ამ დროს ნაყოფს?
თუ ამ დროს ნაყოფი რეზუს დადებითია, დედის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული რეზუს ანტისხეულები იოლად აღწევს ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და იწვევს ერითროციტების დაშლას-ჰემოლიზს, რის შედეგადაც ვითარდება ანემია, ჰიპოქსია და მთელი რიგი გართულებები!
შეიძლება თუ არა რეზუს კონფლიქტის პროფილაქტიკა?
მთელს მსოფლიოში მიღებულია რეზუს კონფლიქტის პროფილაქტიკა ანტირეზუს D იმუნოგლობულინით, რომელიც დედის ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს ანეიტრალებს. ის კეთდება საპროფილაქტიკოდ ორსულობის 28-ე კვირაზე და უკეთდება ყველა რეზუს უარყოფით ორსულს
როგორ ვიქცევით მშობიარობის შემდეგ?
მშობიარობის შემდეგ დგინდება ახალშობილის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი. თუ ახალშობილი რეზუს დადებითია,D იმუნოგლონულინს ვიმეორებთ მშობიარობიდან 72 საათის განმავლობაში. რეზუს უარყოფითი სისხლის კუთვნილების ახალშობილის დაბადებისას, დედას იმუნოგლობულინი არ უკეთდება!
საფრთხე მხოლოდ ნაყოფს ექმნება თუ დედასაც?
საფრთხე მხოლოდ ნაყოფს ექმნება.
თუ ქალთან ერთად მამაკაციც რეზუს უარყოფითია?
ნაყოფს ამ დროს საფრთხე არ ემუქრება, რადგან დედისა და ნაყოფის ორგანიზმებს შორის ანტაგონიზმი არ მოხდება.
კიდევ როდის ვაკეთებთ იმუნოგლობულინს?
როდესაც ორსულობა მთავრდება თვითნებითი ან ხელოვნური აბორტით, ასევე გარე ორსულობის და ბუშტნამქერის შემთხვევაშიც.
რაც მეტია ორსულობების რაოდენობა რეზუს უარყოფითი სისხლის ქალებში, მით მეტი ყურადღებაა საჭირო. ორსულობის პერიოდში გაკეთებული იმუნოგლობულინი იცავს მიმდინარე ნაყოფს, ხოლო მშობიარობის შემდეგ კი, დედას და მომავალ ნაყოფს.
სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი არის მუდმივი და მთელი სიცოცხლის მანძილზე არის უცვლელი.
მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა