რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
აღზრდის ჩუმი ტრაგედია, რომელიც ჩვენს სახლებში იმალება
ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედია მჟღავნდება, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფას საჩუქარს - შვილებს ეხება.
ჩვენი შვილები შიშისმომგვრელ ემოციურ მდგომარეობაში არიან. მკველვარები ბავშვებში ფსიქიკური დაავადებების გავრცელების მძაფრი და მდგრადი ზრდის შესახებ შემაშფოთებლად მზარდ სტატისტიკას გვაცნობენ, რომელიც უკვე ეპიდემიის მასშტაბებს აღწევს.
სტატისტიკა არ ცრუობს:
ყოველი ხუთი ბავშვიდან ერთს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლენის სიხშირე 43%-ით გაიზარდა
მოზარდებში დეპრესიამ 37%-ით მოიმატა
10-14 წლის ბავშვებში სუიციდის შემთხვევები 200%-ით გაიზარდა
რა ხდება და რას ვაკეთებთ არასწორად?
თანამედროვე ბავშვები ჭარბად წახალისებულები არიან მატერიალური საგნებითა და საჩუქრებით, მაგრამ მათ აკლიათ ჯანსაღი ბავშვობის ისეთი ფუნდამენტი, როგორიცაა:
ემოციურად ხელმისაწვდომი მშობლები
ნათლად განსაზღვრული ჩარჩოები
პასუხისმგებლობა
ბალანსირებული კვება და ადეკვატური ძილი
მოძრაობა (განსაკუთრებით სუფთა ჰაერზე გასვლა)
კრეატიული თამაშები, სოციალური ინტერაქცია, არასტრუქტურირებული თამაშის შესაძლებლობა და მოწყენილობისთვის განსაზღვრული სივრცე
ნაცვლად ამისა, ბოლო წლებში ბავშვების ცხოვრება სავსეა:
ციფრული ტექნიკით გატაცებული მშობლებით
შემწყნარებელი და დამთმობი მშობლებით, რომლებიც ბავშვებს სამყაროს მართვის უფლებას აძლევენ
განცდით, რომ ბავშვს უფლება აქვს ყველაფერი დამსახურების გარეშე მიიღოს და პასუხისმგებლობის გარეშე შეინარჩუნოს
არაბალანსირებული კვებითა და არაადეკვატური ძილით
ცხოვრების მჯდომარე წესით
მუდმივი სტიმულაციით, ტექნოლოგიური ძიძებით, მოთხოვნების მყისიერი დაკმაყოფილებითა და მოსაწყენი წუთების არარსებობით
როგორ მოვიქცეთ?
თუ გვსურს, რომ ჩვენი შვილები ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანები იყვნენ, უნდა გამოვფხიზლდეთ და საფუძვლებს დავუბრუნდეთ. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია! ბევრი ოჯახი ამჩნევს ბავშვის მდგომარეობის დაუყოვნებლივ გამოსწორებას მას შემდეგ, რაც მოცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს:
დაუწესეთ ბავშვს საზღვრები და გახსოვდეთ, რომ გემის კაპიტანი თქვენ ხართ. თქვენი შვილები გაცილებით თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს მას შემდეგ, რაც გააცნობიერებენ, რომ საჭეს თქვენ აკონტროლებთ.
დააწესეთ ძილის თანმიმდევრული რეჟიმი, რათა ბავშვმა საკმარისად გამოიძინოს. განრიგის შედგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის.
ასწალეთ ბავშვს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. არ დაიცვათ ის ზედმეტად ფრუსტრაციისა და შეცდომებისგან. გაუგებრობა მათ გამძლეობას ჩამოუყალიბებს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას ასწავლის.
არ ატაროთ თქვენი შვილის ზურგჩანთა, არ გაუფცქვნათ მათ ბანანი და ფორთოხალი, თუ ამის გაკეთება თავადაც შეუძლიათ (4-5 წლის ასაკი). არ მისცეთ ბავშვს თევზი, ნაცვლად ამისა თევზაობა ასწავლეთ.
ასწავლეთ ბავშვს ლოდინი და კმაყოფილების გადავადება.
შექმენით პირობები „მოწყენილობისთვის.“ მოწყენილობა შემოქმედებითობას აღვიძებს. ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად, რომ ბავშვი ყოველთვის გაართოთ.
მოწყენილობის დაძლევის საშუალებად ტექნოლოგიებს ნუ გამოიყენებთ, ნუ შესთავაზებთ მას ბავშვს პასიურობის პირველივე წუთებში.
მოერიდეთ ტექნოლოგიების გამოყენებას მანქანებში, კვებისას, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში. ეს წუთები სოციალიზაციისთვის გამოიყენეთ. ასწავლეთ ტვინს როგორ იმოქმედოს მოწყენილობის წუთებში.
მიაწოდეთ ბავშვს აქტივობების იდეები, როდესაც ისინი მოწყენილები არიან.
იყავით ბავშვისთვის ემოციურად ხელმიმსაწვდომი, ასწავლეთ მათ თვითრეგულაცია და სოციალური უნარები.
გამორთეთ ტელეფონები ღამით, როდესაც ბავშვები დასაძინებლად ემზადებიან. მოარიდეთ ისინი ციფრულ გასართობს.
გახდით ბავშვის ემოციების მასწავლებელი. ასწავლეთ მას საკუთარი ფრუსტრაციისა და ბრაზის ამოცნობა-მართვა.
ასწავლეთ ბავშვს მისალმება, რიგის დაცვა, გაზიარება ისე, რომ არ იგრძნონ დანაკლისი, ასწავლეთ შვილს „მადლობა,“ და „გთხოვ.“ ასწავლეთ მას შეცდომის აღიარება და მობოდიშება. იყავით მოდელი იმ ღირებულებებისა, რომელსაც ნერგავთ.
გქონდეთ ბავშვთან ემოციური კავშირი: გაუღიმეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, წაიკითხეთ იცეკვეთ, იხტუნავეთ, იხოხეთ და ითამაშეთ მათთან ერთად.