რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვგრძნობთ, რომ ყვირილისგან თავს ვერ ვიკავებთ? - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი
ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა მშობლებს გაღიზიანების დროს თავის დამშვიდების წესების შესახებ საინტერესო რჩევები მისცა:
„შეიძლება ვერ დავიჭირო თავი და უცბად დავიწყო ყვირილი. ამ მომენტში თუ დავაფიქსირე, რომ მე უკვე ვყვირი, პაუზის გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება მუხლებში ჩავჯდე და ვიგრძნო მიწა, ან უბრალოდ ხელი დავიდოთ გულზე, რაც ასევე ამშვიდებს ჩვენს ნერვულ სისტემას. გული ისე არის აჩქარებული იმ მომენტში, როდესაც ბავშვი არ მეცადინეობს, გრძნობ, რომ გიდუღს ყველაფერი.“
ნინო მარგველაშვილის თქმით, ადამიანმა ემოციას თავი არ უნდა აარიდოს:
„პირველი არის, რომ უფლება მივცე საკუთარ თავს, რომ ამ ემოციამ გაიაროს ჩემში. ვთქვათ, მეგობართან დავნიშნეთ შეხვედრა და დააგვიანა ნახევარი საათით. თუ ჩემი საჭიროება არის ვიგრძნო, რომ მე მისთვის მნიშვნელოვანი ვარ, ნახევარი საათი რომ დააგვიანა, ეს ჩემთვის იქნება ძალიან მტკივნეული. თუ ჩვენ საქმეზე ვხვდებით და რაღაც უნდა დავგეგმოთ, მე ვიქნები ფრუსტრირებული. თუ ჩემი საჭიროებაა, რომ რაღაც უნდა მოვასწრო პარალელურად, ბავშვს რაღაც მივწერო, მაშინ მადლობელიც კი დავრჩები, რომ დააგვიანა. ის ადამიანი არ არის ჩემი გაღიზიანების გამომწვევი.“
„ბრაზი არის, რომ ჩემი მოთხოვნილებები არ კმაყოფილდება. მე ეს მეორე ადამიანს ისე უნდა ვუთხრა, რომ უფრო მეტი იყოს ალბათობა იმის, რომ მან ჩემი საჭიროება დააკმაყოფილოს. გამოვხატოთ ჩვენი ბრაზი სრულად, გულწრფელად. ვთქვათ: „შენ რომ კარი მოაჯახუნე, ამ დროს ვიგრძენი შოკი, იმიტომ, რომ არ ველოდებოდი, მეწყინა. მჭირდებოდა მეგრძნო, რომ ჩემი აზრი გაინტერესებს. კარი რომ გააჯახუნე, ვიფიქრე, რომ პატივს არ მცემ და ამიტომ დავიწყე ჩხუბი.“ ასე ვკავშირდებით, ნაცვლად იმისა, რომ დავშორდეთ ერთმანეთს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.