რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„რჩევის მიცემა: „მე შენს ადგილას ამას ვიზამდი,“ არის შეცდომა კომუნიკაციის,“ - მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ იმ ადამიანების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება აშინებთ. მისი თქმით, მსგავს ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ დირიჟორი, რომელიც მათ უხელმძღვანელებს:
„არსებობს ასეთი დაავადება, აბულია ჰქვია. ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, არ შეუძლია. არ შეუძლია იმიტომ, რომ თუ ვინმე არ მოქაჩავს და არ წაიყვანს, ისე ვერ მიდის. ეს არის ინფანტილიზმის ერთ-ერთი გამოხატულება. მას მუდმივად სჭირდება დირიჟორი, სცენარისტი, ადამიანი, ვინც მას სადღაც წაუძღვება. არსებობს მთელი რიგი ტექნიკები გადაწყვეტილების მისაღებად. კვადრატში ჩავწეროთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, სქემა კეთდება. დადებითია ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება იყოს კარგი ამ არჩევანის დროს.“
მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ ადამიანისთვის რჩევის მიცემა რთულია და ამ კუთხით ხშირად შეცდომას ვუშვებთ:
„ძალიან რთულია რჩევა მისცე ადამიანს. როდესაც რჩევას გეკითხებიან, ერთი ისაა, რომ ის არ შეასრულებს. თუ შეასრულა და ცუდად გამოვიდა, შენ დაგაბრალებს. თუ კარგად გამოვიდა, იტყვის, რომ მე მაინც ასე ვაპირებდი და იმისთვის არ მომისმენია. რჩევის მიცემა: „მე შენს ადგილას ამას ვიზამდი,“ ეს არის შეცდომა კომუნიკაციის. თვითონ რას ფიქრობს ადამიანი, თვითონ როგორ ფიქრობს, მისთვის რა არის უკეთესი, თვითონ გადაწყვიტოს. მშობელზე უკეთ არავინ იცის მის შვილს რა სჭირდება. ვერავის მე ჭკუას ვერ ვასწავლი, ბუნებრივია. არც არის საჭირო. ლაპარაკია იმაზე, რომ ბავშვს მივცეთ ალტერნატივა, არჩევანის საშუალება. მისი არა მივიღოთ. თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას ეხება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავ და არ განვიხილავ ამას. ბავშვი რომ ფანჯარაზე აძვრება, იქ მასთან პოლემიკაში არ შედიხარ. მოკიდებ ხელს და ჩამოსვამ.“
„ცხოვრებისეულ საკითხებში უნდა მივცეთ არჩევანი, რა ჩაიცვას, რა ჭამოს. შეიძლება მეტი არაფერი არ მაქვს და ნუ შეჭამს მაშინ. არაფერი არ მოუვა ერთხელ რომ არ შეჭამოს. ეს უნარები ბავშვობიდანვე მუშავდება. როდესაც ის გაიზრდება, ვექტორი გადის გარეთ. თავიდან მშობელია ავტორიტეტი, მერე მოდის მასწავლებელი. ძალიან დიდი ბედნიერებაა კარგი პედაგოგი რომ ჰყავს ბავშვს, კარგი დამრიგებელი და კარგი ქართულის მასწავლებელი. 11-12 წლიდან ბავშვები ავტორიტეტებს კარგავენ მეტ-ნაკლებად. მშობელი ძალიან უნდა ეცადოს, რომ დარჩეს ავტორიტეტად. მე ხშირად ვამბობ ხოლმე: ნუ დააძახებინებთ შვილებს სახელებს. დედა და მამა ერთადერთია ამქვეყანაზე. ეს არის ის, რასაც სხვას ვერასდროს ვერ დაუძახებ. მშობელი უნდა დარჩეს ავტორიტეტად, გადამწყვეტ სიტყვას ის უნდა ამბობდეს, მაგრამ ბავშვს უსმენდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.