რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„პედაგოგიკა ეს არის სინამდვილეში, რომ ტკბილი რაღაცები მოგცენ და წამალი მოაყოლონ,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში პერფექციონიზმის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პერფექციონიზმი ხშირად ბავშვში შფოთვითი აშლილობის გამომწვევი მიზეზი ხდება:
„პერფექციონიზმი ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. ეს იწვევს ბავშვის შფოთვას. როგორც წესი, ბავშვი ასე არ მიჰყავთ ხოლმე სპეციალისტთან. ბავშვი სპეციალისტთან მიჰყავთ იმის გამო, რომ აქვს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. მერე აღმოჩნდება, რომ შფოთვა აქვს იმის გამო, რომ უნდა იყოს მოსაწონი ახლობლებისთვის და უნდა იყოს საუკეთესო. ეს შეიძლება არც იყოს დამოკიდებული ოჯახურ სიტუაციაზე. ხასიათობრივადაც შეიძლება ტიპი იყოს ასეთი. მშობელს ძალიან დიდი დაკვირვება სჭირდება. მშობლისგან ბავშვს უნდა ესმოდეს ტექსტები, რომ ბავშვს რისი გაკეთებაც შეუძლია, მან ის უნდა გააკეთოს. ბავშვი საბოლოოდ დაიჯერებს იმას, რომ მისი ავტორიტეტი მშობლისთვის მისი მიღწევები არ არის მნიშვნელოვანი და ის ამ მიღწევების გარეშეც ეყვარებათ.“
თამარ გაგოშიძემ ბავშვებში მოტივაციის ნაკლებობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებმა ხშირად არ იციან ,რა ინტერესები აქვთ მათ შვილებს:
„ხშირად მშობლებს რომ ვეკითხები, რა აინტერესებთ-მეთქი თქვენს შვილს, ვერ მპასუხობენ. მერე აღმოჩნდება, რომ ბავშვს რაღაცები აინტერესებს. „ვერაფრით ვერ დავაინტერესე ბავშვი სკოლაში ვერცერთი საგნით,“ - ეს ნიშნავს იმას, რომ მოტივაცია და ჩართულობა არ აქვს ბავშვს. ისმის კითხვა: როგორ უნდა გავუზარდოთ მოტივაცია და ჩართულობა? არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ინტერესი არ აქვს. ეს არის ტყუილი.“
„მნიშვნელოვანია, პედაგოგმა და მშობელმა ერთობლივად იპოვონ ის ველი, სადაც შეიძლება ბავშვს ანკესი მოსდო. ყველა ბავშვის „ყიდვა" შეიძლება ადვილად. მე არ მინახავს ბავშვი, რომელსაც რაღაც ინტერესი არ ჰქონია, უბრლაოდ ჩვენ ამას ცხადად ვერ ვხედავთ. მერე უნდა მოხდეს შეჯვარება იმის, რაც აინტერესებს, იმასთან, რაც არ აინტერესებს და გავხადოთ ეს პროცესი სასიამოვნო. პედაგოგიკა ეს არის სინამდვილეში, რომ ტკბილი რაღაცები მოგცენ და წამალი მოაყოლონ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.