„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მიდგომა „ახლა თუ არ ისწავლა ამან, მერე ნახე რა იქნება,“ არასწორია. ის ბავშვებთან ურთიერთობის ძალიან აგრესიულ ფორმას ბადებს,“ - ბაკურ კოტეტიშვილი
ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ოჯახში არსებულ იერარქიულ სისტემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვისთვის სილაღის და თავისუფლების ზედმეტად შეზღუდვა არასწორია:
„ოჯახში აუცილებლად დგება იერარქიული სისტემა. არცერთ სისტემას არ აწყობს ამბოხი. ხომ გახსოვთ „ვერის უბნის მელოდიებში“ როგორც არის: „ნუ იქნება მხოლოდ ბუნტი.“ ბავშვი თავისი ბუნებით არის აბსოლუტურად ლაღი და თავისუფალი. ზრდასრულები, ოჯახი და მთლიანად საზოგადოება, ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე გადმოვიყვანოთ ბავშვი ჩვენს წეს-ჩვეულებებზე, რომ ის იყოს უფრო მართვადი. ამის მიზანი ისაა, რომ მე დისკომფორტი არ შემიქმნას. ამიტომ ვიგონებთ უამრავ სისტემას. მიდგომა: „ახლა თუ არ ისწავლა ამან, მერე ნახე რა იქნება,“ ეს რა თქმა უნდა არასწორია. ასეთი მიდგომა ბავშვებთან ურთიერთობის ძალიან აგრესიულ ფორმას ბადებს.“
„პირველი, რაც გვიფუჭებს ყოველთვის ურთიერთობებს არის აკრძალვების ფენომენი. ნებისმიერ საკითხში ჯერ არის ქმედება და მერე მისი აკრძალვა. ჩვენ ვიწყებთ „არ შეიძლებათი.“ ძალიან მარტივი მაგალითი: სანამ ბავშვი დამოუკიდებლად გაივლის, ის ხედავს და უყურებს, რომ დედამ დღის განმავლობაში ვერც დავთვლით რამდენჯერ გამოაღო კარადა, აიღო რაღაც ნივთი, ჩადო და დახურა ისევ. ეს იმდენად ბევრჯერ გაიმეორა დედამ და ბევრჯერ აჩვენა, რომ ბავშვს არც აქვს სურვილი კითხვა დასვას, ეს შეიძლება თუ არ შეიძლება. თუ დედა აკეთებს ამას, ე.ი. შეიძლება. გაიარა თუ არა ბავშვმა, მივიდა კარადასთან, გამოაღო და დაიწყო იქიდან რაღაცების ამოღება. ჩვენ ამას ვეძახით „აურია,“ სინამდვილეში გაეცნო. ჩვენ მივდივართ და ვეუბნებით: „არ შეიძლება, ნუ აღებ!“ ამ დროს ვასწავლეთ, რომ გაეღო. ასეთი უამრავი ქმედებაა ოჯახში. ჩვენს ქმედებას ბაძავენ ბავშვები. როდესაც ამას აკეთებენ, ჩვენ მერე შენიშვნას ვაძლევთ.“
ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, ადამიანები „შავი კატის“ ფენომენს ქმნიან, რომელსაც ბევრი პრობლემის გამომწვევ მიზეზად ასახელებენ:
„ადამიანებს გვჩვევია „შავი კატის“ ფენომენის არსებობა. ვიგონებთ შავ კატას, რომელსაც დავაბრალებთ რაღაც-რაღაცებს. ჩემს ბავშვობაში ასეთი შავა კატა იყო ტელევიზორი. ნელ-ნელა ეს შავი კატა ჩამოვიდა ტელეფონამდე. ძალიან მარტივია, რომ იმას დავაბრალოთ რაღაც და არ განვსაზღვროთ ვითარება, თუ რატომ იყენებს ადამიანი ასე ხშირად ტელეფონს. სინათლე ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ მას. შეიძლება სინათლემ თვალი გაგვიფუჭოს კიდეც და დაგვაბრმავოს.“
„ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტებს უთქვამთ, რომ ბავშვს თავის ტკივილი აქვს და პირველი განსაზღვრება აქვთ, ხომ არ უყურებს დიდხანს ტელეფონს. ტელეფონი არაფერ შუაშია ამ დროს თავის ტკივილთან. თუ მას მხედველობის პრობლემა აქვს ან კისრის არასწორი მდებარეობა, აქედან ტკივა თავი. ნაცვლად იმისა, რომ ეს გავიაზროთ, ყველაფერს ვაბრალებთ ტელეფონს. ტელეფონის მაგივრად რომ წიგნი ეჭიროს და ბავშვს იგივე დაემართოს, არავინ წიგნს არ დააბრალებს. წიგნი კარგია, ასე ვიცით და ტელეგონი - ცუდი. ამ ვითარებაში ტელეფონიც და წიგნიც ერთსა და იმავე პირობას ქმნის, რომ ბავშვს ან თვალები დაეძაბოს, თუ მხედველობის პრობლემა აქვს, ან არასწორი მდებარეობის გამო კისრის კუნთები დაეჭიმოს. წიგნი კარგია და ტელეფონი ცუდია არის „შავი კატის“ ფენომენი,“ - აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.