„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე მშობლებს აკლიათ, არის დრო. იმის გამო, რომ მშობელს დრო არ აქვს, ის ვერ იგებს შვილის საჭიროებებს,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ რადიო „იმედის“ ეთერში იმ პასუხისმგებლობების შესახებ ისაუბრა, რომელიც მშობლებს შვილების წინაშე ეკისრებათ. მისი თქმით, სოციალური და ფიზიკური პირობების შექმნის გარდა, ბავშვების საჭიროებების გაცნობიერება, მათთვის დროის გამონახვა უმნიშვნელოვანესია:
„პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა. ამის განცდა უნდა ჰქონდეს მშობელს. ჩემთვის ბევრ მშობელს უთქვამს, რომ მხოლოდ მეორე ან მესამე ბავშვზე აღმოაჩინა სულ სხვანაირი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ. პასუხისმგებლობა, ცხადია, იმასაც ნიშნავს, რომ ბავშვს ფიზიკური გარემო, ფიზიკური პირობები, სხვა სოციალური პირობები შევუქმნათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი ბავშვის აღსაზრდელად. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე მშობლებს აკლიათ, არის დრო. მათ დრო აკლიათ ტექნოლოგიების, დაჩქარებული, ცვალებადი გარემოს გამო.“
თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე მშობლებს შფოთვა ხშირად აქვთ, დროის უკმარისობის გამო კი შვილების საჭიროებების ამოცნობა უჭირთ:
თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვებს უჭირთ არასტაბილურ, ცვალებად გარემოსთან შეგუება:
„ბავშვები ვერ იტანენ ცვალებად გარემოს. ბავშვებს სჭირდებათ კონსისტენტური, თანმიმდევრული, წინასწარმეტყველებადი გარემო. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აქვთ მაღალი შფოთვა. მათ ეწყებათ ძალიან სერიოზული პრობლემები. იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ კარგად, მათი კეთილდღეობა იყოს ბევრად უკეთესი, მშობლების კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩემი ამდენწლიანი გამოცდილება მეუბნება იმას, რომ ჩემი ფოკუსი აღარ არის სწორი ფოკუსი ბავშვებზე. ჩვენ ახლა ფოკუსი უნდა გადავიტანოთ მშობლებზე. მშობლები ბევრად უფრო მეტად საჭიროებენ მხარდაჭერას, დახმარებას, სერიოზულ ღონისძიებებს თუნდაც სამუშაო გარემოში. მშობლებს უნდა ჰქონდეთ ერთი საათი მაინც კვირაში თავისთვის და თავისი შვილებისთვის.“
„არ არის საჭირო ბრძოლა, ჩხუბი, სერიოზული მდგომარეობიდან გამოსვლა, რომ გვქონდეს დისკუსია ჩვენს შვილებთან. პატარაობიდანვე ისინი უნდა მიეჩვივნონ არჩევანს, ასევე იმას, რომ ისინი არიან ზრუნვის სუბიექტები. ჩვენ ორი უკიდურესობა გვაქვს: ერთი - მუდმივად შენიშვნებს ვაძლევთ და ვსჯით ბავშვებს, მეორე - არანაკლებ უარესი უკიდურესობა არის სრული უგულებელყოფა. ორივეს ერთი შედეგი აქვს. ერთნაირად მახინჯდება ბავშვი. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი შემდგომი ძალისხმევა უნდა იყოს მშობლებზე. მშობლების ფსიქიკური ჯანმრთელობა გულისხმობს შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობას,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.