„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მიჯაჭვულობა არის დაბადებიდან ერთ წლამდე კარგი. ხუთ წლამდე აუცილებლად უნდა მოხერხდეს ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა,“ - თეა გოგოტიშვილი
ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა საზაფხულო ბანაკებში ბავშვის მშობლის გარეშე დასვენების დადებით მხარეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თანატოლებთან დასვენება ბავშვს დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება:
„როდესაც ბავშვი აბსოლუტურად ავტონომიურად არის ჩართული პროცესებში, მშობელიც ტერიტორიაზე იმყოფება, შინაგანი საყრდენის გამომუშავების პირობა ბოლომდე არ არის. უკეთესია, რომ ბავშვი, მოზარდი იყოს თავის თანატოლებთან ერთად, რომ მან გამოიმუშაოს ავტონომიური, დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები, რომელიც ცხოვრებაში წარმატებული თვითფუნქციონირების შესაძლებლობას მისცემს.“
თეა გოგოტიშვილის თქმით, მშობლებს მიჯაჭვულ ბავშვებს ბანაკში მარტო წასვლა და მათთან განშორება ძალიან უძნელდებათ:
„კაბის კალთას გამოკერებულ ბავშვებს ძალიან უჭირთ ეს თავიდან. თვითონ ბავშვს უჭირს ამ დროს, მშობელსაც უჭირს. ეს ურთიერთდამოკიდებული საკითხია. ჩვენ ჩვენს უახლოეს ადამიანებთან ორმხრივი კავშირი გვაქვს. თუ არ გვიშვებს ჩვენი ყველაზე ახლო ადამიანი, უამრავი რაციონალური ახსნა-განმარტება აქვს მშობელს, რატომ ვერ უშვებს ბავშვს მარტო. მიჯაჭვულობა არის დაბადებიდან ერთ წლამდე კარგი, მერე აუცილებლად უნდა მოხერხდეს ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა ხუთ წლამდე.“
„ბავშვი არ უნდა იყოს აბსოლუტურად განუკითხავ მდგომარეობაში. ეს სიტყვა ინდიფერენტული აღზრდის სტილს შეესატყვისება. ემოციურად გულგრილი დამოკიდებულება ისეთივე პრობლემას ქმნის, როგორსაც გადამეტებული მზრუნველობა. მშობლებს ხშირად აინტერესებთ, რა იღონონ, როდესაც ბავშვები ტელეფონთან და გაჯეტებთან არიან მიჯაჭვულები. ერთადერთი ალტერნატივა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ტელეფონის და კომპიუტერის მიმართ ინტერესი, არის ალტერნატიული საინტერესო და მიმზიდველი აქტივობები. მშობელს უჭირს ასაკის მიხედვით ისეთი აქტივობის შეთავაზება, რომელიც ბავშვს კიდევ უფრო საინტერესო ემოციურ შთაბეჭდილებებს შეუქმნის, ვიდრე ეკრანი,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ისაუბრა.