„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვის გადამეტებული წახალისება არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით, როდესაც სათამაშოებს ეხება საქმე,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველ მეორე ბავშვს მსგავსი პრობლემა აქვს:
„ყოველ მეორე ბავშვს, რომელიც ჩემთან ვიზიტზე შემოდის, ხელში უჭირავს ტელეფონი. გარეთ რომ გამოვდივარ, მშობლებსაც ტელეფონი უჭირავთ ხელში. მე მარტო თქვენზე არ ვსაუბრობ, ჩემს თავზეც მაქვს საუბარი. იგივე პრობლემა მეც მქონდა და მეტ-ნაკლებად გადავწყვიტე. მეტი ჩართულობაა საჭირო, ზოგ შემთხვევაში დასჯა. დასჯაში არ ვგულისხმობ ცემას.“
თემურ მიქელაძის თქმით, თითოეულ ბავშვს სჭირდება წახალისება, თუმცა ზომიერების ფარგლებში:
„ყველა ბავშვს მეტ-ნაკლებად ყოველთვის სჭირდება წახალისება. გადამეტებული წახალისებაც არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით, როდესაც სათამაშოებს ეხება საქმე. ჩვენს დროს გახსოვთ, ალბათ, ბაღის ხის ცხენი იყო ერთი და იმას დავსდევდით ყველა. ჯამში სულ 5-6 სათამაშო იყო. ჩვენ ვერთობოდით მაინც და ცუდადაც არა. იქ სხვა ღირებულებები იყო, მუსიკა იყო, ცეკვა იყო, ხატვა იყო, ძერწვა და ა.შ.“
„ახლა არის პრობლემა, რომ ერთ ოთახში თითო ბავშვს 200-300 სათამაშო უყრია. არ ინტერესდება ბავშვი ამ სათამაშოებით და ეჯაჭვება ელექტრონულ მოწყობილობებს. მულტფილმებში მარკეტინგულად რა დევს? ის ისე აჯაჭვავს გმირებს ბავშვებს, რომ შემდეგ მშობლები მიდიან და ყიდულობენ ამ სათამაშოებს. მშობელი ყიდულობს უხარისხო სათამაშოებს. ამის გამო ბავშვის ეკრანდამოკიდებულებას დაემატება არამხოლოდ ტყვიით მოწამვლა, არამედ სხვა პრობლემებიც. მთავარი და აუცილებელი არის მშობლის ჩართულობა. ერთი ელექტრონული გამღიზიანებელი რაც ღირს, იმ თანხით ბავშვს ერთი წლის განმავლობაში მოუარეთ. ეს გაჯეტი ერთი წლის მერე მაინც უნდა გამოიცვალოს, ბავშვები ხომ მაინც ვერ უფრთხილდებიან,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.