როგორ ვმართოთ ბავშვის „მიყიდე“, რომელიც გამოხატულია ტანტრუმის, აგრესიული ქცევის სახით, რა უნდა გავაკეთოთ უხერხული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად საყიდლებზე წასვლამდე და როგორ გავცეთ ყიდვის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი ისე, რომ სიტუაცია არ გავაუარესოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი.
- ხშირად ბავშვები აიკვიატებენ ხოლმე, რომ რაღაცის ყიდვა უნდათ. ამ დროს შეიძლება, მშობელს არ ჰქონდეს საშუალება ან არასაჭირო ნივთი იყოს მათთვის. რა უნდა გააკეთოს მშობელმა მანამ, სანამ ბავშვს ასეთი ქცევა ჩამოუყალიბდება?
- როდესაც ბავშვების ირგვლივ ამდენი საინტერესო, ფერადი და თვალისმომჭრელი სათამაშო, თუ პროდუქტია, გასაკვირიც არ არის, თუ ჩვენს პატარებს აქვთ განსაკუთრებული სურვილი მათი მიღების და რა თქმა უნდა, თვალებში ჩამსხდარი ეშმაკუნებით და მომნუსხველი ღიმილით ითხოვენ ჩვენგან, უფროსებისგან სხვადასხვა ტკბილეულის თუ სასურველი ნივთის შეძენას.
გეთანხმებით, ხშირად ეს ნივთი აბსოლუტურად გამოუსადეგარიც კი შეიძლება იყოს და ყიდვის შემდეგ 10 წუთში, სადღაც, რომელიღაც შარვლის ჯიბეში, ჩანთაში, მანქანის საბარგულში, ან სულაც ნაგავში დაიდოს ბინა, რატომ? იმიტომ, რომ უხშირესად ბავშვები უბრალოდ მოითხოვენ და დიდად არ ინტერესდებიან საჭიროა ის ნივთი მათთვის, თუ არა, ფულის ფუჭად გადაყრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
თქვენ შეკითხვაში ახსენეთ „ყიდვის აკვიატებული ქცევა“ და აქვე, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთეული მოთხოვნა, დაუსრულებელი, წუწუნ-ზუზუნით გამოხატული „მიყიდეს“ მოთხოვნისგან.
ერთეული მოთხოვნის დროს, მშობელს აღნიშნული მდგომარეობის გამოყენება თავისუფლად შეუძლია მოლაპარაკების და კომპრომისის ენის სწავლების მიზნით. მოთხოვნის პასუხად მშობლის რეაგირება, ბავშვის საპასუხო რეაქცია, მშობლის ადეკვატური ემოციური რეგულირების უნარი და პატარას ახირებების მიმართ სწორი გამკლავების სტრატეგიების გამოყენება მნიშვნელოვანი პრედიქტორია მომავალში სხვადასხვა სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების. მშობელი 2 ძირითადადი არჩევანის წინაშე დგას: „უყიდოს, თუ არ უყიდოს“. სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ ბავშვთან, მნიშვნელოვანია, მშობელმა ყურადღება მიაქციოს, თუ რა ფორმით ითხოვს პატარა სასურველს. ყოველთვის ხაზგასმით მიანიშნეთ და შეაქეთ, თუ მოთხოვნის ფორმა ადეკვატურია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პასუხის გაცემას აპირებთ, აქცენტი მოთხოვნის ადეკვატურ ფორმაზე გაამახვილეთ და არა თხოვნის შინაარსზე.
პრობლემა მარტივად გვარდება, თუ მშობლის გადაწყვეტილება ბავშვისთვის პოზიტიურია. მშობლის პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც სასურველი ნივთის მოთხოვნას მათი მხრიდან მოჰყვება უარი, რისი ადეკვატური გაგრძელებაა, პრეტენზიების კასკადი ბავშვის მხრიდან და ახსნა-განმარტებების ან დაჟინებული ყიდვის მოთხოვნის სერია.
შემაწუხებელია, როდესაც ყიდვის იმპერატიული მოთხოვნა ხდება წინაპირობა ტანტრუმის მოწყობის, რაც განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებში გვხვდება. მშობლის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება ყველა შემთხვევაში უალტერნატივოა. მსგავსი დამოკიდებულების საშუალებით ეყრება საფუძველი სოციალური უნარების განვითარებას და ემოციური რეგულაციის სწავლებას.
- თუ უკვე ჩამოუყალიბდა ეს ქცევა, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ბავშვის „მინდაზე“ და როგორ უნდა მართონ ეს სიტუაცია?
- როდესაც ვერ ახერხებთ ქცევის დარღვევის პრევენციას და სახეზეა სასურველის მოთხოვნის არაადეკვატური ფორმა, ტანტრუმის, ქცევის დარღვევის, აგრესიული გამოხატულებების სახით, სასკოლო ასაკის ბავშვს:
მნიშვნელოვანია მკვეთრად გაუმიჯნოთ, რომ არც კი განიხილავთ მის სურვილს მანამ, სანამ ამ ფორმით გააგრძელებს სასურველის მოთხოვნას. „როგორც კი შენს მოთხოვნას ადეკვატური სახე ექნება, მოგისმენ“.
არც დადებით და არც უარყოფით პასუხს არ აძლევთ მანამ, სანამ მოთხოვნის ადეკვატურ ფორმას არ გამოიყენებს.
გააგებინეთ, რომ უსმენთ და გესმით, რასაც ითხოვს.
უარის დროს ეცადეთ, გქონდეთ ურყევი პოზიცია. სხვა შემთხვევაში წუწუნის შედეგად მიღებული სასურველი პროდუქტი იქნება წინაპირობა, რომ შემდგომშიც გაგრძელდეს მანიპულაციური ქცევა და ამ გზით მიიღოს ხოლმე სასურველი.
ეცადეთ, უარის თქმას თან ახლდეს თანაგრძნობა და ასევე გაითვალისწინეთ ყურადღების გადართვის ეფექტური სტრატეგიები.
აუცილებლად აიღეთ პაუზა პასუხის დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. ერთი, რომ ბავშვისკენ აგზავნით მესიჯს, რომ განიხილავთ მის წინადადებას და მეორე, რომ ნამდვილად წელავ დროს გადაწყვეტილებისთვის, რა უპასუხო, ღირს თუ არა თემატიკა მოსალაპარაკებლად, უარის ან დადებითი პასუხის სათქმელად.
ასწავლით რა ფორმით მოითხოვოს.
რა ფორმაა მისაღები თქვენთვის და ზოგადად ეფექტურია შემდგომი ურთიერთობებისთვის.
მისი მოთხოვნები განიხილება, უსმენენ და მნიშვნელობას ანიჭებენ.
- როგორ უნდა ავირიდოთ უხერხული სიტუაცია მაღაზიაში, სანამ ისტერიკაში ჩავარდება პატარა?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის ოქროს წესების შემუშავებას, რომლის გამოყენებასაც მშობელი, ჯერ კიდევ საყიდლებზე გასვლამდე მიმართავს.
ფრანკლინის სიტყვებია, თუ ჩაგივარდა მოსამზადებელი სტრატეგიები, მოემზადე ჩავარდნისთვის - „By failing to prepare, you are preparing to fail“.
მაღაზიაში წასვლამდე ეუბნებით, თუ რატომ და რისთვის მიდიხართ მაღაზიაში,
ერთად ადგენთ საჭირო პროდუქტების ჩამონათვალს. ეუბნებით, რომ გაქვთ კონკრეტული თანხა საჭირო პროდუქტების საყიდლად.
შესაძლოა, დაუსვათ შეკითხვა - გეგმავს თუ არა რამის შეძენას მაღაზიაში და აქვე სთავაზობთ მისთვის განკუთვნილ, ფიქსირებულ თანხას, რაც გაქვთ გამოყოფილი მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასევე, წინასწარ ეუბნებით, რა მოჰყვება, თუ წესებს დაარღვევს. (უხსნით დეტალურად და საჭიროების შემთხვევაში მზად ხართ დანაპირები შეასრულოთ კიდეც).
ბავშვი ძირითადად ითვალისწინებს წინა გამოცდილებებს ყოველი ახალი მოთხოვნისას, შესაბამისად, ყოველი მოთხოვნა და მისი დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილებისთვის გადადგმული ვერბალური თუ ფიზიკური ნაბიჯი გარკვეული გამოცდილებაა მისი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების გზაზე.
მოლაპარაკების გზა, სიტყვების შინაარსი, მოთხოვნის ფორმა და უარზე რეაგირება, აბსოლუტურად დამოკიდებულია ასაკობრივ კატეგორიაზე, პატარა ასაკის ბავშვებისთვის ტანტრუმის მოწყობა ჩვეულებრივი ამბავია, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული ემოციური თვითრეგულაცია, სასკოლო ასაკისთვის „მოლაპარაკებების“ გზით მოთხოვნების მოგვარება მეტად მისაღებია, თუმცა 8 წლიდან ელოდეთ კონტრარგუმენტებს და საკუთარი მოთხოვნების ლეგიტიმურობაზე მტკიცებას. ტანტრუმები ამ ასაკში უკვე აღარ გვხვდება.
- რა არ უნდა ვუთხრათ ასეთ დროს ბავშვს, რაც უფრო მეტ ღელვას გამოიწვევს?
- დავამატებდი რამდენიმე ეფექტურ რეკომენდაციას, „ყიდვის“ მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის გასაცემად.
წინადადების დასაწყისში გამოიყენეთ უარყოფითი პასუხის მიზეზი და მხოლოდ შემდეგ დააფიქსირეთ, სიტყვა „არა“ (ხშირად, პირველ სიტყვა „არა“-ს მოჰყვება ხოლმე ისეთი ფრუსტრაცია, რომ შესაძლოა, მიზეზი არც კი გააცნობიეროს ბავშვმა, ვეღარც გაიგოს).
იყავით ერთგული საკუთარი გადაწყვეტილების და ნუ შეცვლით მას. ნუ მისცემთ საშუალებას მანიპულირების, ნუ დაასწავლით, რომ ერთხელ ნათქვამი ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს, მიეცით საკუთარ სიტყვას ფასი.
შესაძლოა, ჩამნაცვლებელი სტრატეგიების გამოყენება. უარის სანაცვლოდ პოზიტიურის შეთავაზება. „ძალიან ძვირია და ვერ ვიყიდით, მაგრამ ამაზე უკეთეს ტკბილეულს სახლში ერთად მოვამზადებთ, დღეს ბებომ საუკეთესო რეცეპტი ჩამაწერინა“.
ყოველთვის წაახალისეთ მისი ქცევა, თუ უარყოფითი პასუხი მშვიდად და ადეკვატური ფორმით მიიღო - არ დაგვავიწყდეთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ემოციური უნარია, რაც ემოციური თვითრეგულირების არაჩვეულებრივი მაგალითია, როგორ გაუმკლავდეს უარყოფით პასუხს, იმედგაცრუებას, როგორ დარჩეს ასერტიული აღნიშნულ სიტუაციაში.
- ხშირად მშობლები ყველას თვალწინ ტუქსავენ, ეს როგორ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე?
- ზოგადად ნებისმიერი ტიპის, ეს იქნება საჯარო, თუ პრივატული, დასჯას აქვს თავის შედეგები. აღნიშნული ინფორმაციის სადემონსტრაციოდ საკმარისია კვლევა, რომელიც მაგალითად, 2013 წელს Child Development-ში გამოქვეყნდა. 976 მოზარდზე ჩატარებული ლონგიტუდური კვლევით, რომელიც განიხილავდა დედის და მამის უხეში ვერბალური შენიშვნების, კომენტარების, შეურაცხყოფის გავლენას მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. აღმოჩნდა, რომ უმეტესობას ჰქონდა სხვადასხვა ქცევითი და გუნება-განწყობის (კერძოდ, დეპრესია) აშლილობის სიმპტომები, საკმაოდ გრძელვადიანი უარყოფითი შედეგებით.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„პირველივე კლასიდან მშობელი ცდილობს, ბავშვს არ ჰქონდეს თავისუფალი დრო - ეს არის ბავშვზე ძალადობა“
„არავინ იფიქროს, რომ მშობლებს რამეს ვაბრალებ. მშობლები დღეს არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში. რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს უზრუნველი მომავალი შეუქმნან, მისცენ განათლება, ასწავლონ იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ძლიერები, პირველები, კარიერა გაიკეთონ და ა.შ. ასე ფიქრობს ყველა მშობელი, ამისთვის კი არაფერს არ იშურებს და მერე ძალიან უკვირს, როცა უკუღმა გამოდის. ეს არ არის სწორი ფიქრი. ჩვენ რა გვგონია? - ჩვენი შვილი პირველი იქნება? და საერთოდ, რა არის განათლება? ჩვენ ხომ ესეც არ ვიცით წესიერად.
ჩვენ რა გვგონია? - თუ ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას რომ ისწავლის კერძო სკოლაში, სადაც 5000 ევროს ვიხდი და ამიტომ უნდა იმეცადინოს კარგად, რადგან მე ინვესტიციას ვდებ ამაში. პირველივე კლასიდან ვცდილობთ, რომ დრო არ დავუტოვოთ თავისუფალი, რადგან თავისუფალი დრო „კრიმინალია“ ჩვენი შვილებისთვის. მას არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, არ უნდა დაუშვას შეცდომები, რადგან ესეც „კრიმინალია“. ყველაფერი იწყება აქედან. ეს არის ძალადობა ბავშვზე. ჩვენი ფსიქოლოგია ისეა მოწყობოლი, ან უნდა მოკვდე, ან ადაპტაცია უნდა განიცადო. დაწყებით კლასს რომ გაივლის ბავშვი, უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებს და აღარაფერი აღარ უნდა საერთოდ. მერე ჩივის მშობელი, რომ შვილს არ აინტერესებს არაფერი.
როგორ ექნება ინტერესი, როცა პირველ კლასში დაგყავდა ინგლისურზე, ფრანგულზე, საფრანგეთის ისტორიაზე, ცეკვაზე, ცურვაზე და ა.შ. სად შეუძლია პირველკლასელს ამდენი სიარული? თავისულაფი დრო არ უნდა დაუტოვო იმიტომ, რომ შენ არ გაქვს თავისუფალი დრო.
და როცა შენ არა გაქვს თავისუფალი დრო, შენ მიყვები ცხოვრების ნაკადს, გარბიხარ და შენი შვილიც მორბის შენთან ერთად. არასოდეს არ დაფიქრდები და არ იტყვი რა არის შენი საზრისი და შენი ცხოვრება. მე ლაპარაკი მაქვს მშობელზე. მშობელს ვეკითხები - თქვენ რას გრძნობთ? მიყურებენ როგორც უცნაურ ადამიანს. რას ნიშნავს, რას ვგრძნობ? რას ფიქრობ, რომ მკითხო, მესმისო. რას ფიქრობს შეიძლება იცის, რას გრძნობს, სხეული რას ეუბნება, არ იცის.
როცა მშობელს არ აქვს რეგულირებული ემოცია, შვილსაც არ ექნება რეგულირებული ემოცია. ჩვენ ასეთი ტემპერამენტის მქონე ადამიანებს, საკმაოდ ფიცხი სახიათის მქონე ადამიანებს ემოცია ამოღებული გვაქვს ყველანაირი ცნობიერებიდან. ეს არის დამღუპველი.
დღეს დასავლეთში ყველაზე დიდი ძალისხმევა იხარჯება, რომ ბავშვებს ასწავლონ ემოციური რეგულაცია. ჯერ ეს თვითონ უნდა ისწავლოს მშობელმა და შემდეგ ბავშვს ასწავლოს.
რას ნიშნავს ემოციური რეგულაცია? - ეს არის სხვისი ემოციის გაგება, თავისი ემოციის გაგება და სიბრაზის მართვა. ჩვენმა საზოგადოებამ სიბრაზის მართვა არ იცის და მოვედით ბულინგამდე. მე რომ გავბრაზდები სხვაზე, თუ ვიპოვი ჩემზე სუსტ ადამიანს, ავდგები და და იმას დავჩაგრავ.
სარკეში ჩავიხედოთ, ჩვენს სახეს შევხედოთ, რა ტონით ვლაპარაკობთ, როგორ ვესაუბრებით სხვა ადამიანს.
ჩვენი საზოგადობა იცით როგორია? - ყველას საფრთხის განცდა აქვს. საზოგადოებას, რომელსაც მაღალი შფოთვა აქვს, მას არაფერს არ უპირებს, მაგრამ ის უკვე დგას „ბოქსიორის“ პოზაში. ყველა ასეა. სანამ ურთიერთობის თანამშრომლური მოთხოვნილება არ გაჩნდება და სანამ ერთმანეთს წაგება-მოგების ენით ვესაუბრებით, მე ვერაფერს ვერ ვურჩევ მშობლებს და მასწავლებლებს. ძალიან ვწუხვარ.
ვურჩევ ერთს - ჯერ ჩვენ უნდა ჩავიხედოთ საკუთარ გრძნობებში და ვისწავლოთ ჩვენი სიბრაზის მართვა.
სხვათაშორის დღეს უკვე ამერიკულ და ბრიტანულ სკოლებში მისაღწევ მიზნად არის შეტანილი ემოციური რეგულაცია. აღმოჩნდა, რომ ცოდნის მიღებისთვისაც ეს არის მთავარი, კარიერის გაკეთბისთვისაც და ზოგადად, ცხოვრებისთვისაც. ისინი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ ამ თვალსაზრისით, ეს აღიარეს, დაინახეს. სახელმწიფო კერძო ორგანიზაციებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ ეს გადალახონ.მითუმეტეს ჩვენი ქვეყანა არ არის დიდი ქვეყანა და ამის მოგვარება არ არის ძნელი. მთავარია იყოს ნება ყველა მხარის. მთავარია ჯერ უფროსებმა ვისწავლოთ ეს თანამშრომლობა და მაგალითი მივცეთ ბავშვებს. პედაგოგიკა მაგალითია.
თბილისის იმ სკოლაში, სადაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა უბედურება, ერთი კვირით ადრე იყო კვირეული სახელწოდებით „არა ბულინგს, არა ძალადობას“. ეს იმას ნიშნვს, რომ ლოზუნგი რჩება ლოზუნგად....
ეს ყველაფერი არის ფასადი. საბოლოო ჯამში ფასადის მიღმა ყველა ადამიანი არის უბედური და გარშემო რასაც ვუყურებ, ცხოვრება არავის არ უხარია. რატომ არ შეიძლება გვიხაროდეს ცხოვრება? ჩვენ ძალიან ვართ მატერიაზე მიწებებული. ეს საწყალი მშობელი 24 საათი რომ მუშაობს, რათა თავისი შვილი უზრუნველყოს, მაშინ რა არის ბედნიერება.
ჩემმა ნაცნობმა უცხოელმა პროფესორმა, მეორე პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათ საქართველოში, საკუთარ მანქანებში რომ სხედანო. ქართველი პროფესორი ვერ მიხვდა, რას ნიშნავს წარმატებული. უცხოელმა პროფესორმა იგულისხმა, რომ ამ ახალგაზრდამ თავად შეიძინა ეს ავტომობილი. როცა გაიგო, რომ მშობლები ყიდულობენ მანქანებს, კაცი იყო გაოგნებული. ასეთი რამე დაუშვებელია. შენ ყიდულობ მანქანას შენი შვილისთვის იმიტომ, რომ შემდეგ ის შენი „მონა“ იყოს და რაც გინდა ის გააკეთო, გარიგება გაქვს მასთან. შეიძლება ახლა ძალიან ცუდ რაღაცას ვლაპარაკობ... ვერ აცნობიერებს ამას მშობელი. უნდა, რომ ეს გაუკეთოს შვილს, მაგრამ ისიც უნდა, რომ შვილი მისი უფლებებით ცხოვრობდეს. ამიტომ მშობელსაც არ უხარია ცხოვრება და ბავშვსაც არ უხარია ცხოვრება. არავის არ უხარია. ასეთ დეპრესულ საზოგადოებაში, იქნება აგრესია, აბა არ იქნება?“