როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დიდი რისკი გვაქვს, რომ განვითარდეს ტოქსიურობა, ორგანიზმის მოწამვლა D ვიტამინით,“ - ზაზა თელია ჰიპერვიტამინოზის საფრთხეებზე
დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ჰიპერვიტამინოზის საფრთხეებზე ისაუბრა და D ვიტამინის დანამატების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოგვიწოდა:
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ჰიპოვიტამინოზი, ისევე ჰიპერვიტამინოზი არის სერიოზული საფრთხე. ამ თემაზე არავინ არ საუბრობს. ვიტამინების მოჭარბება ორგანიზმში არის ასევე პრობლემა. როდესაც დანამატის სახით იღებენ ადამიანები ვიტამინებს, დიდი რისკია, რომ მოხდეს ჰიპერვიტამინოზი. D ვიტამინის რეკომენდებული ნორმა 600-დან 800 ერთეულამდეა. თქვენ რომ გადახედოთ, რა რაოდენობის D ვიტამინი ინიშნება, ეს საგანგაშოა.“
ზაზა თელიას თქმით, D ვიტამინის ზედმეტი დოზებით მიღება ტოქსიურობის განვითარების რისკებს ზრდის:
„4000-5000 ერთეულის მიღება დღის განმავლობაში, როდესაც რეკომენდებულია 600-800 ერთეული, წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაა. რიცხვები განსხვავებულია ასაკის მიხედვით, ასევე განსხვავებაა ორსულებთან და ბავშვებთან. ჩვენ დიდი რისკი გვაქვს, რომ განვითარდეს ტოქსიურობა. ტოქსიურობა ნიშნავს, როდესაც D ვიტამინით მოწამვლა ხდება ორგანიზმის. შესაძლებელია, რისკი იყოს ჰიპერკალცემიის, ორგანიზმში კალციუმის მოჭარბების. ეს რატომ არის საგანგაშო? ჩვენ ვიცით, რომ D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს, რომ შეითვისოს კალციუმი და შექმნას ე.წ. რეზერვი. როდესაც კალციუმის რეზერვი შევსებულია და ჩვენ დამატებით ვიღებთ D ვიტამინს, ხდება წებოს სახით კალციუმის ჩალაგება, ამან შესაძლოა განაპირობოს სისხლძარღვებსა და რბილ ქსოვილში კალციუმის ჩალაგება. თირკმელში კენჭების გაჩენის რისკი იმატებს.“
„წარმოდგენილია უზარმაზარი კვლევა. ამ კვლევაში 443 000 ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. შესწავლილი იყო D ვიტამინის როლი კოვიდ-19-ის დროს. კვლევამ ვერ ანახა ვერანაირი სარგებელი. არსებობს D ვიტამინის გენეტიკურად დეტერმინირებული დაბალი მაჩვენებლი. ამ შემთხვევაში ადამიანი, რაც უნდა დანამატის სახით D ვიტამინი მიიღოს, ვერ აიყვანს ორგანიზმში D ვიტამინს მაღლა. გენეტიკურად დეტერმინირებული ვიტამინ D-ს ნაკლებობა ვისაც ჰქონდა, ამ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო ბევრად დაბალი, ვიდრე იმ ადამიანებში, ვისაც ეს მაჩვენებლი დაბალი არ ჰქონდა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.