Baby Bag

„ოთხი თვის ასაკში უკვე შეგვიძლია, რომ კოვზით კვება წავახალისოთ,“ - ოკუპაციური თერაპევტი ნინო ჭუმბურიძე

„ოთხი თვის ასაკში უკვე შეგვიძლია, რომ კოვზით კვება წავახალისოთ,“ - ოკუპაციური თერაპევტი ნინო  ჭუმბურიძე

ოკუპაციურმა თერაპევტმა ნინო ჭუმბურიძემ ბავშვებში მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ჩვევების განვითარება ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ:

„ჩვევების გამომუშავებას ვიწყებთ ძალიან ადრეული ასაკიდან. ​დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებზე როდესაც ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ: ხელების დაბანას, კბილების გამოხეხვას, ჩაცმა-გახდას, ტუალეტის მოხმარებას და ა.შ. მაგალითად ავიღოთ კვება. კვებას არ აქვს ის ოქროს ასაკი, საიდანაც უნდა დავიწყოთ დამოუკიდებლად კვებაზე მუშაობა. როდესაც ჩვილობისას ბოთლიდან იკვებება ბავშვი , დავადებინოთ ხელი, რომ შეიგრძნოს ტემპერატურა, მოძრაობები, რომელსაც აკეთებს. ოთხი თვის ასაკში უკვე შეგვიძლია, რომ კოვზით კვება წავახალისოთ. დავაჭერინოთ ბავშვს ხელში კოვზი. შესაძლებელია ამ პერიოდში ბავშვი დამოუკიდებლად კოვზით ვერ ჭამდეს, მაგრამ ეჭიროს კოვზი ხელში და აბრახუნებდეს მაგიდაზე, ფაფაში დაასველოს და მეორე კოვზით დედა კვებავდეს ფაფით.“

​ნინო ჭუმბურიძემ მშობლებს ურჩია ბავშვისთვის უნარების სწავლებისთვის დრო გამონახონ, რათა მომავალში მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ:

„მშობლები მეუბნებიან: „არ გვაქვს დრო.“ ვიცი, რომ ყველას გვაქვს გადატვირთული გრაფიკი. ყოველთვის ვეუბნები მშობლებს, რომ ახლა გამოყოფილი ზედმეტი 20 წუთი ნიშნავს, რომ 2-3 თვის შემდეგ თქვენ გაქვთ გამოთავისუფლებული დრო, როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად შეჭამს საჭმელს. რა თქმა უნდა, არსებობს განვითარების ასაკობრივი ჩარჩო. თუ ბავშვი ოთხი თვის ასაკში კოვზით არ ჭამს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ტრაგედიაა. ორი წლის ასაკში ბავშვი, შესაძლოა, დამოუკიდებლად ჭამდეს, თუმცა, შესაძლოა, სჭირდებოდეს გარკვეული ტიპის დახმარება.“

ნინო ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ ბავშვებს წესები და ბრძანებები არ უყვართ და მათთან სხვაგვარი მიდგომაა საჭირო:

​ბავშვებს არ უყვართ წესები. არ უყვართ, როდესაც ვეუბნებით, რომ ეს უნდა გააკეთო, ეს არ გააკეთო. ყოველთვის ვთავაზობთ ორ ალტერნატივას. მაგალითად, ერთად დავალაგოთ. „მიდი, დაალაგე“ არასდროს იქნება ბავშვისთვის საინტერესო. ვუთხრათ: „მოდი, შენ ეს კონკრეტული ფერი ერთ კალათში ჩაყარე, მე მეორე ფერის სათამაშოებს ჩავყრი სხვა კალათში.“ ის, რომ ბავშვს ყოველდღე ვუმეოროთ: „გაიხეხე კბილები, დაიბანე ხელი,“ ძალიან მოსაწყენია მისთვის. ბავშვს ათამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარებას.“

„ბავშვებს უმეტესობა სათამაშო უკვე მობეზრებული აქვთ. ასეთ შემთხვევაში მშობელს ვეუბნებით, რომ ​ბავშვს ყოველდღიურად გამოყენებადი საგნებით ეთამაშეთ. ხელთათმანები გაუბერეთ, შპრიცით დაასხით სხვადასხვა ფერის საღებავი ხელთათმანზე, უთხარით, რომ გარეცხოს. ყველაზე საყვარელი თამაშია ბავშვების, რომ ხელთათმანს ვუკეთებთ და საღებავებით იგივე მოძრაობები უნდა გააკეთოს, რასაც აკეთებს საპნის მოხმარების დროს. ყველაფერი დაისვრება, მაგრამ მერე ბავშვს ჩავრთავთ სახალისოდ გასუფთავების პროცესში. მას ვაძლევთ ჯაგრისს, რომ ჩამოწმინდოს ნიჟარა. ეს არის ხელის ძალიან კარგი მოძრაობები, რაც ბავშვს მერე ეხმარება კვებაში, კბილის გახეხვაში.,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო ჭუმბურიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

-ps-5325-pe

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად