Baby Bag

რატომ არის გასაბერი აუზი ბავშვის სიცოცხლისთვის სახიფათო?

რატომ არის გასაბერი აუზი ბავშვის სიცოცხლისთვის სახიფათო?

ზაფხულში მშობლები ბავშვების გასაგრილებლად გასაბერ საცურაო აუზებს ხშირად ყიდულობენ. პედიატრები ფიქრობენ, რომ პატარა აუზები ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და უფროსებს ურჩევენ მათი შეძენისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.

გასაბერი აუზები უმეტესწილად ეზოში თავსდება. მშობლები წყალს თვალს არ აშორებენ და ბავშვებს ყურადღებით აკვირდებიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აუზზე უბედური შემთხვევები მაინც ხდება. მსგავსი უბედური შემთხვევის მსხვერპლი ერთ-ერთი ბავშვის მშობლებმა სპეციალური ორგანიზაციაც კი დააარსეს, რომელშიც მშობლებს 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო ცურვისა და ბანაობის წესებს აცნობენ. მცირეწლოვანი ბავშვი, საშუალოდ, 40 სანტიმეტრი სიმაღლის წყალშიც კი შეიძლება დაიხრჩოს. უბედური შემთხვევების 70% მაშინ ხდება, როდესაც ცურვის პროცესი უკვე დასრულებულია.

უსიამოვნებებისა და ლეტალური გამოსავალის თავიდან ასაცილებლად მშობლებმა შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ:

  • ერთი ადამიანი აუცილებლად უნდა ადევნებდეს თვალს ბავშვის ცურვის პროცესს და აუზს ერთი წამითაც არ უნდა მოშორდეს.
  • არასდროს დატოვოთ ბავშვი აუზში მარტო, რამდენიმე წამითაც კი.
  • როდესაც ბავშვი აუზში ცურვას დაასრულებს, წყალი მაშინვე გადმოღვარეთ და აუზი დააცარიელეთ.

მშობლები აუზს წყლისგან იშვიათად ცლიან. ისინი არ ითვალისწინებენ, რომ მეზობლის ეზოდან, შესაძლოა, ბავშვი გადმოვიდეს და წყლით სავსე აუზთან მარტო მივიდეს, რაც, შეიძლება, ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს. ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი აუზის მეთვალყურის შერჩევაა, რომელიც წყალს ყურადღებით დააკვირდება, ტელეფონზე არ ისაუბრებს და მთლიანად ბავშვზე იქნება კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული საქმეა და ყურადღების გაფანტვისგან დაზღვეული არავინ არის. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, თუ უფროსები აუზის მეთვალყურის როლს შეითავსებენ და ერთმანეთს პოსტზე ყოველ 15 წუთში ჩაანაცვლებენ.

მომზადებულია ​abc13.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცო​დნე დედების ჯგუფი“)

მოცურავე ჩვილები დროულად და ზოგჯერ თანატოლებზე უფრო ადრეც იწყებენ ჯდომას, ხოხვას, სიარულს
რატომ არის სასარგებლო ცურვა ჩვილისათვის? - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე ​​საუბრობს​. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:„ევოლუციის პროცესს თუ გავიხსენებთ, იმ ფაქტს, რომ სიცოცხლე წყ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ხანდაზმულობასთან და საპენსიო ასაკთან შეგუების უნარების მიხედვით ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა:

„ქალები უფრო ადაპტირებულები არიან ამასთან. საპენსიო ასაკში, სამსახურიდან თუ გამოუშვეს ქალი, მას შეუძლია დატვირთვა უფრო სწრაფად აკრიფოს, ბავშვს მოუაროს, სახლი დაალაგოს. მას ფუნქცია აქვს. კაცმა არ იცის რა გააკეთოს. სამსახური არ აქვს და ბოდიალს იწყებს სახლში, ფეხებში გედება.“

ზურა მხეიძის თქმით, ბაბუებს შვილიშვილები ფუნქციას სძენენ, რის გამოც მათ ისინი განსაკუთრებუთ უყვართ:

„ამიტომ უხარიათ ბაბუებს შვილიშვილები. შვილები დიდი ჰყავს, არავინ ეფერება. ერთი სული აქვს შვილიშვილი ჰყავდეს, იმიტომ, რომ შვილიშვილს უყვარს ბაბუ. მე ბაბუა ჯერ არ ვარ, მაგრამ ბაბუებს რომ ვეკითხები, შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ამას მეუბნება. სულ სხვა განცდააო, ამბობენ. ფუნქციას ნახულობს ადამიანი.“

„კაცისთვის სამსახურიდან გათავისუფლება უფრო რთულად ასატანია. სამსახური რომ არ აქვს კაცს, იმის გამო, რომ „ამტკიცოს, რომ კაცია,“ სახლში ყვირის, სვამს. სხვანაირად ვერაფერს ვერ ამტკიცებს,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად