Baby Bag

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

37 წლის თამუნა გახოკიძე ერთადერთი ქალია საქართველოდან, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებულია. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვე​ბა:

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი. ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და "არამიანცის" კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი - პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“. „ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო. არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები - ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა. ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. "ციხის ბუნტში" მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა. საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით - ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა. მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.
ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ - ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი. ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა - პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

შეიძლება დაინტერესდეთ

8 უსიამოვნო ქცევა ბავშვებში, რომელიც არა ცუდი აღზრდით, არამედ ასაკობრივი თავისებურებებით არის გამოწვეული

8 უსიამოვნო ქცევა ბავშვებში, რომელიც არა ცუდი აღზრდით, არამედ ასაკობრივი თავისებურებებით არის გამოწვეული

ბევრი მშობლისთვის ნაცნობია ვითარება, როდესაც ბავშვი მოულოდნელად იცვლის ქცევას. პატარა, რომელიც მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდა, ისტერიკებს აწყობს, დაუმორჩილებელი ხდება და საკუთარ თავს აღარ ჰგავს. კეთილისმსურველები მშობლებს მაშინვე უწყებენ დარიგებას და ურჩევენ ბავშვი გამოცდილ ფსიქოლოგს მიუყვანონ. ზოგიერთი მიუღებელი ქცევა ბავშვისთვის მისი ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე სავსებით ბუნებრივია. ჩვენს სტატიაში ბავშვებში გავრცელებულ რთულ ქცევებზე გესაუბრებით, რომლებმაც არ უნდა შეგაშინოთ.

1. ბავშვი ყველა მოწოდებასა და თხოვნაზე უარით გპასუხობთ

ბავშვი მოულოდნელად ყველაფრისადმი ნეგატიურად განეწყობა და ​უარს ამბობს ნებისმიერ შეთავაზებაზე. მას საყვარელი ნივთებიც აღარ მოსწონს. მისი უარი ხშირად აგრესიული და უხეშია. როგორც წესი, „არას“ ეტაპი ბავშვს 2,5-3 წლიდან ეწყება, როდესაც ის საკუთარი თავის გაცნობას იწყებს. ის აცნობიერებს, რომ პიროვნებაა და საკუთარი სურვილები აქვს. მშობლებმა ამ დროს მოთმინება უნდა გამოიჩინონ. არ სცადოთ ბავშვის წინააღმდეგობის დაძლევა. არაფერი მოხდება, თუ ბავშვი თავად შეარჩევს ტანსაცმელს, რომელსაც ბაღში წასვლისას ჩაიცვამს. თუ ბავშვის უარს და ნეგატიურ განწყობას გაგებით მოეკიდებით, ის თავდაჯერებულ ადამიანად ჩამოყალიბდება. ამასთან თქვენი შვილი ყოველთვის გამოხატავს თქვენდამი მადლიერებას იმ თანადგომის გამო, რომელსაც მის მიმართ გამოიჩენთ.

2. ბავშვი გამუდმებით სვამს ერთსა და იმავე კითხვას

​ბავშვი ერთსა და იმავე კითხვას უბრალოდ კი არ სვამს, ის პასუხებსაც მოითხოვს. ზოგჯერ ეს უსასრულოდ მეორდება. საოცარი მოთმინების უნარის მქონე მშობლებსაც კი უჭირთ ბავშვის ცნობისმოყვარეობასთან მშვიდად გამკლავება. გამეორების დახმარებით ბავშვი უკეთ სწავლობს სიტყვების გამოყენებას, აინტერესებს, იცვლის თუ არა სიტყვა მნიშვნელობას სხვადასხვა დროსა და ვითარებაში. ამ გზით ის კომუნიკაციას სწავლობს. გახსოვდეთ, რომ ბავშვის მეტყველების უნარის განვითარებისთვის ფრაზებისა და სიტყვების გამეორება ძალიან სასარგებლოა. ბავშვის მიერ კითხვების გამეორებით დასმის ეტაპი აუცილებლად გაივლის, თქვენი ნეგატიური რეაქცია კი მასზე დიდ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, ბავშვს კომპლექსებიც ჩამოყალიბდეს.

3. ღამის განმავლობაში ბავშვი რამდენჯერმე იღვიძებს

ბავშვს ძილის რეჟიმი ჩამოყალიბებული ჰქონდა, მაგრამ ის მოულოდნელად ​იწყებს ღამით ხშირად გაღვიძებას, სამ საათზე თამაშს ითხოვს და ისტერიკასაც აწყობს. რაც უფრო ხშირად ხდება ეს, მით უფრო უჭირთ მშობლებს ამის ატანა. როგორც წესი, ძილის რეჟიმის დარღვევას ემოციური გადატვირთვა იწვევს. შესაძლოა, ბავშვმა ღამით აქტიურად ითამაშა, ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღო და ახალი უნარებიც შეიძინა. ეს ყოველივე მას მშვიდად დაძინების შესაძლებლობას ართმევს. ეცადეთ, ბავშვი აქტივობებით დღის პირველ ნახევარში დატვირთოთ. თუ ბავშვი ღამით გაიღვიძებს, ნუ გაუბრაზდებით. მასთან ერთად გარკვეული დრო გაატარეთ და კვლავ საწოლში დააბრუნეთ.

4. ბავშვი ამბოხს აწყობს და მშობლებს არ უსმენს

დილით მშობლები სამსახურში მიდიან, ბავშვს კი ბაღში ეჩქარება. ამ დროს ის სახეს და ხელებს ფაფაში ჰყოფს, ოთახში დარბის, კარადაში იმალება, რაც მშობელს მოთმინებას აკარგვინებს. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ​ბავშვი ამ დროს ცუდად არ იქცევა. დილით მას უზარმაზარი ენერგია აქვს და ცდილობს ითამაშოს. ბავშვის პრობლემა იმაშია, რომ მისი სურვილი მშობლების ინტერესებთან თანხვედრაში არ მოდის. ეცადეთ დილით ადრე გაიღვიძოთ, რათა ბავშვმა ენერგიის დახარჯვა შეძლოს. თუ ამას ვერ ახერხებთ, მის ქმედებებს არასწორად ნუ შეაფასებთ და ეცადეთ, თქვენს შვილს გაუგოთ.

5. ბავშვი წვრილმანების გამო ტირის და ყვირის

ბავშვს მულტფილმის ყურებაზე უარს ეუბნებით, რის გამოს ის ​ყვირის და ისტერიკას აწყობს. თქვენ ბავშვს სჯით, რადგან გავიწყდებათ, რომ გუშინ თავად შესთავაზეთ მას მოგვიანებით მულტფილმების ნახვა. თქვენ არ გეცალათ და ბავშვის გულის მოგებას ცდილობდით. ბავშვებს თამაშის წესები ძალიან კარგად ესმით, თუ თამაში მათ სასარგებლოდაა. როდესაც რაღაც იცვლება და პატარები სურვილებს ვერ იკმაყოფილებენ, ეს მათ ფსიქიკაზე ძალიან ნეგატიურად ზემოქმედებს. ბავშვთან ურთიერთობისას გარკვეული წესები უნდა შეიმუშაოთ, რომელსაც არასდროს გადაუხვევთ.

6. ბავშვი ნივთებს ოთახში ფანტავს

​ბავშვი ფანქრებს იატაკზე ყრის, სათამაშოებს ოთახში ფანტავს. ის საწოვარას ძირს დაახლოებით ათჯერ აგდებს და ათივეჯერ ტირილით ითხოვს მის დაბრუნებას. ბავშვს იმპულსური ქცევა ახასიათებს. ტვინის ის უბნები, რომლებიც ქცევის კონტროლზეა პასუხისმგებელი, მას სათანადოდ განვითარებული ჯერ კიდევ არ აქვს. ნივთების გაფანტვის დროს ბავშვი კოორდინაციისა და ნატიფი მოტორიკის უნარებს ივითარებს. ის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს იკვლევს. ბავშვი ამჩნევს, რომ ნივთის მოსროლის შემდეგ ის იატაკზე ეცემა. ბავშვს აუხსენით, რომელი ნივთების დაყრა შეიძლება და რომლის არა. მას ორი წლის ასაკიდან ამის გაგება თავისუფლად შეუძლია.

7. ბავშვმა ნორმალურად ჭამა შეწყვიტა

ბავშვი ყოველთვის კარგად იკვებებოდა, მაგრამ მოულოდნელად​ მადა დაუქვეითდა. ის საყვარელ საკვებზეც ხშირად ამბობს უარს. პედიატრები მადის დაქვეითების სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ. შესაძლოა, ეს იყოს ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობა, კბილების ამოჭრის პროცესი ან გართობის სურვილი. ბავშვს არ სურს, რომ თამაშზე უარი თქვას და ისადილოს. ბავშვების მადაზე რაციონში ახალი საკვები პროდუქტების გამოჩენაც ახდენს გავლენას. პატარები კონსერვატორები არიან, მათ სიახლე აშინებთ. ბავშვის რაციონში სიახლე ფრთხილად შეიტანეთ. მას საკვებისადმი ნეგატიური განწყობა არ უნდა შეუქმნათ.

8. ბავშვი ხშირად აწყობს ისტერიკებს

ბავშვის ისტერიკა მშობლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ორი წლის პატარები ტირილს ხშირად გარკვეული სურვილის დაკმაყოფილების მიზნით იწყებენ, შემდეგ კი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ზოგჯერ ეს საჯარო სივრცეში ხდება, რაც ორმაგად რთულია.​ ისტერიკის მიზეზი გადაღლა, ემოციური გადატვირთვა, შიმშილი ან სხვა სახის უსიამოვნებაა. ბავშვი ისტერიკისთვის საბაბს ეძებს და შემდეგ ემოციებს ვეღარ აკონტროლებს. ძალიან კარგია, თუ ბავშვს ისტერიკის დაწყებისთანავე დაამშვიდებთ და რამით გაართობთ. თუ ბავშვმა კონტროლი დაკარგა, ის თავად უნდა დამშვიდდეს. როდესაც ბავშვი დაწყნარდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაესაუბროთ მას და მისი ემოციების გაგება სცადოთ.

მომზადებულია ​adme.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად