Baby Bag

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

37 წლის თამუნა გახოკიძე ერთადერთი ქალია საქართველოდან, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებულია. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვე​ბა:

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი. ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და "არამიანცის" კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი - პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“. „ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო. არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები - ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა. ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. "ციხის ბუნტში" მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა. საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით - ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა. მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.
ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ - ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი. ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა - პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში არ ველაპარაკოთ ბავშვს ენის მოჩლექით,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში მეტყველების შეფერხებისა და ენაბორძიკობის პრევენციისთვის მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„აუცილებელია ბავშვთან ასაკის შესაბამისი აქტივობები, ასაკის შესაბამისი მეტყველების გამომუშავება. ჩვენ არ უნდა ვესაუბროთ რთული წინადადებებით ბავშვს, რომელიც არის ორი წლის. არავითარ შემთხვევაში არ ველაპარაკოთ ბავშვს ენის მოჩლექით. უბრალოდ ვსაუბრობთ სწორად, გამართულად, მშვიდ ტონალობაში, აუცილებლად ნელა, გარკვევით, არააგრესიულად. ვცდილობთ, რომ ბავშვმა სწორად გადმოსცეს თავისი აზრი.

ენაბორძიკობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების და გარშემომყოფების რეაქციას. როდესაც ბავშვი, რომელსაც აქვს ენაბორძიკობა, იწყებს საუბარს და მშობელი ამ დროს ან დაძაბული უყურებს, ან არ აცდის საუბრის დასრულებას, ბავშვი ამ დროს უფრო მეტად იძაბება და ეს კიდევ უფრო მეტად იწვევს ენაბორძიკობას. ბავშვი უფრო სტრესში ვარდება.

 ძირითადად ხდება ფსიქოლოგების ჩართვა, თუ ეს არის განსაკუთრებით სტრესულ ფონზე განვითარებული, შეიძლება ჩავრთოთ ლოგოპედი, მეტყველების თერაპევტი. თუ არის ნეიროგენული მიზეზით განპირობებული, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება მედიკამენტოზური თერაპია შესაბამისი დანიშნულებით. გააჩნია დიაგნოზს, რა მიზეზის გამო განვითარდა ენაბორძიკობა.

ექვსი თვის ბავშვი, რომელიც იწყებს მარცვლების წარმოთქმას და თუნდაც გაუაზრებლად, მაგრამ ამბობს ორმარცვლიან სიტყვებს, წყვეტილად, მაგრამ ერთი და იგივე მარცვლების გამეორებით, ეს, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება ენაბორძიკობად. ენაბორძიკობა ითვლება უკვე იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვი იწყებს უკვე მეტყველებას და ამ მეტყველების დინამიკურობა ირღვევა. ბავშვი ვეღარ ალაგებს წინადადებას, იწყებს ერთი და იგივე სიტყვის ან მარცვლის გამეორებას, ან აკეთებს პაუზებს მარცვლებს ან სიტყვებს შორის,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

წაიკითხეთ სრულად