Baby Bag

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

37 წლის თამუნა გახოკიძე ერთადერთი ქალია საქართველოდან, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებულია. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვე​ბა:

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი. ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და "არამიანცის" კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი - პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“. „ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო. არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები - ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა. ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. "ციხის ბუნტში" მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა. საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით - ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა. მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.
ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ - ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი. ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა - პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხუთი წიგნი მაქვს წაკითხული თუ შვიდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამან ცვლილებები არ მოახდინა. რაღაც რომ წაიკითხე, პიროვნულად წინ უნდა წახვიდე,“ - ზურა მხეიძე

„ხუთი წიგნი მაქვს წაკითხული თუ შვიდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამან ცვლილებები არ მოახდინა. რაღაც რომ წაიკითხე, პიროვნულად წინ უნდა წახვიდე,“ - ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ბავშვის ცხოვრებაში ქცევითი მოდელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქცევითი მოდელი ბავშვისთვის განმსაზღვრელია:

„ბავშვი სწავლობს ქცევითი მოდელებით. მე თუ მინდა, რომ ჩემმა ბავშვმა წიგნები იკითხოს, ის კი არ უნდა ვუთხრა, რომ წიგნები იკითხოს, ის უნდა მხედავდეს, რომ მე წიგნებს ვკითხულობ. ბავშვისთვის ქცევითი მოდელია განმსაზღვრელი. ​ავტორიტეტები და ტიპები, რომლებიც ჩვენზე გავლენას ახდენს, უნდა იყვნენ ჩვენთვის მისაღები და მისაბაძი. თავის დროზე 3-5 წლის ბავშვებს ზღაპრებს ვუკითხავდით. კვლევა იყო და ეს ზღაპრები შევცვალეთ. იცით, რომ ჩვეულებრივ ზღაპარში სიკეთე იმარჯვებს. ეს ზღაპრები ისე გადავაკეთ, რომ სიკეთე არ იმარჯვებდა და იმარჯვებდა ბოროტება. ცუდი ტიპი იყო გამარჯვებული, ცუდ ტიპს რჩებოდა ქონება. როდესაც ეკითხები ბავშვს: „ვინ გინდა იყო?“ ის სოციალურ სამართლიანობაზე კი არ მიუთითებს, გამარჯვებული უნდა იყოს. თუ მე ცუდ ტიპს ვამარჯვებინებდი, ორიენტირს იღებდა ამისკენ. ზღაპარშიც ეს იდეა იყო ჩადებული, რომ სიკეთე და ძალა ერთი გახადოს, რათა ბავშვმა ორიენტირი აქეთ აიღოს. აქ იდო ფილოსოფია, რომ ბოლოში სიკეთე იმარჯვებს. აქ იდო, რომ ადამიანი გაეშვათ აქეთ მხარეს. ესენი მოიშალა. წარმატებულობა შემოვიდა უკვე. მე ვხედავ ვინაა წარმატებული, ვინაა გამარჯვებული. ჩემთვის მოდელი უკვე ის ხდება. მოდელი რომ ის ხდება, ახლა თქვენ ნახეთ რა „კარგი“ მოდელები გვყავს ჩვენ საზოგადოებაში.“

ზურა მხეიძემ ერთმანეთისგან განასხვავა განათლებული და ნაკითხი ადამიანი. მისი თქმით, წიგნის კითხვამ ადამიანში დადებითი ცვლილებები უნდა გამოიწვიოს:

„შეთანხმებაზეა, რას ვეძახით განათლებულობას. მე ვიცი ნაკითხი ადამიანები და არა განათლებულები. რაღაც რომ წაიკითხე, პიროვნულად წინ უნდა წახვიდე. არა ის, რომ გახსოვდეს მეთოთხმეტე გვერდის მეორე აბზაცზე რა წერია. ასეთი ხალხიც არის. განათლებამ უნდა მომცეს, რომ მე თავი რეალიზებულად ვიგრძნო მაშინაც, როდესაც არ მაქვს მილიონი, იმიტომ, რომ მე სხვა უპირატესობები მაქვს. მე რეალიზებული ვარ, მე არ მჭირდება ის, რაც სხვებს სჭირდებათ. ეს არის განათლების პრინციპი. ხუთი წიგნი მაქვს წაკითხული თუ შვიდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამან ცვლილებები არ მოახდინა.“

ზურა მხეიძის თქმით, ბავშვი იმ ადამიანს მიბაძავს, ვინც მისთვის ავტორიტეტული პიროვნებაა:

„გააჩნია, ვინ იქნება თქვენი ბავშვისთვის ავტორიტეტული პიროვნება. ავტორიტეტულში იმას არ ვგულისხმობ ,რომ თქვენი ეშინია, არამედ პატივს გცემთ. თუ თქვენ, მშობელი ხართ ბავშვისთვის ავტორიტეტი, ​მაშინ თქვენ ხართ მისთვის ღირებულებების საზომი. ის თქვენი ღირებულებების სისტემიდან შეაფასებს ქცევებს. თუ მისთვის ავტორიტეტი ტელევიზორში გამოსული ტიპია, რა თქმა უნდა, მაგალითს მისგან აიღებს. სად უნდა დაინახონ ჩვენს ტელევიზიებში ადამიანი, რომლისგანაც რამის აღება მოგინდება?! ძალიან ცუდად გამომდის, მაგრამ მასობრივად ასეა.“

„მითხარით ბავშვი, რომელიც ოცნებობს, რომ როდესაც გაიზრდება მასწავლებელი გამოვიდეს. თუ ნახავთ ასეთ ბავშვს, სტუდიაში უნდა მოიწვიოთ. მე რამდენჯერ ვიკითხე, თუ არსებობს ასეთი ბავშვი ბუნებაში. ყველაზე ავტორიტეტული ტიპი მეოცე საუკუნის დასაწყისში მასწავლებელი იყო. მასწავლებელი იყო სხვა ფენის წარმომადგენელი, რომელიც იყო ავტორიტეტი ბავშვებისთვის.​ ავტორიტეტი ის კი არ არის: „ნიშანი დაგიწერე, არ დაგიწერე.“ ავტორიტეტი არის სამაგალითო ტიპი. ეს ინსტიტუციაც მოშლილია. მასწავლებელი ყოველთვის ინტელიგენციას წარმოადგენდა. ყოველთვის ელიტარული ფენა იმით კი არ იყო, რომ ფინანსურად იყო დაწინაურებული, უბრალოდ იყო ადამიანი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება,“ - აღნიშნულ თემებზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.

წყარო​: „შემდეგი გაჩერება“

წაიკითხეთ სრულად