Baby Bag

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

37 წლის თამუნა გახოკიძე ერთადერთი ქალია საქართველოდან, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებულია. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვე​ბა:

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი. ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და "არამიანცის" კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი - პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“. „ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო. არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები - ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა. ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. "ციხის ბუნტში" მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა. საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით - ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა. მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.
ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ - ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი. ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა - პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ განაყოფიერება არ ხდება მშობიარობის შემდგომ, სანამ ციკლი აღდგება? - ამ და სხვა საკითხებზე ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა მეან-გინეკოლოგი დიანა ჭანუყვაძე

რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ განაყოფიერება არ ხდება მშობიარობის შემდგომ, სანამ ციკლი აღდგება? - ამ და სხვა საკითხებზე ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა მეან-გინეკოლოგი დიანა ჭანუყვაძე

არსებობს მოსაზრება, რომ განაყოფიერება არ ხდება მშობიარობის შემდგომ, სანამ ციკლი აღდგება. რამდენად მართებულია და რამდენი უნდა იყოს ორსულობებს შორის შუალედი? - ამ და სხვა საკითხებზე ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი დიანა ჭანუყვაძე.

- არსებობს მოსაზრება, რომ განაყოფიერება არ ხდება მშობიარობის შემდგომ, სანამ მენსტრუაციული ციკლი აღდგება, ლაქტაციის პერიოდში. რამდენად მართებულია?

- დიახ, არსებობს ასეთი მითი, რომ სანამ ჩვილს ძუძუთი კვებავთ, ორსულობა არ დადგება, თუმცა სიმართლე ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ დაორსულდეთ ბავშვის დაბადებიდან 3 კვირის შემდეგ, მაშინაც კი, თუ ძუძუთი კვებავთ და მენსტრუაცია არ დაგწყებიათ. თუ არ გსურთ მშობიარობის შემდეგ მალევე დაორსულება, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ რაიმე სახის კონტრაცეფცია, ყოველი სქესობრივი კავშირის დროს, მათ შორის, პირველის ჩათვლით.

ძუძუთი კვება ხშირად თრგუნავს ოვულაციას, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ქალებს, რომლებიც ექსკლუზიურად ძუძუთი კვებავენ ჩვილს, 6 თვის განმავლობაში, ნაკლებად აქვთ ოვულაცია ამ პერიოდში, ვიდრე ქალებს, რომლებიც ძუძუთი არ კვებავენ თავიანთ ჩვილს - კონტრაცეფციის ამ მეთოდს უწოდებენ ლაქტაციურ ამენორეას. ამ მეთოდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მისი სწორად გამოყენება, ჩვილის კვება 3-4 საათში ერთხელ. თუ კვებათა შორის შუალედს არ დაიცავთ, მეთოდი ნაკლებად ეფექტური იქნება.

Planned Parenthood-ის მიხედვით, ლაქტაციური ამენორეა დაახლოებით 98%-ით ეფექტურია, როდესაც ამ მეთოდს ბავშვის დაბადებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში სწორად იყენებთ. მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ ის ნაკლებად ეფექტური ხდება.

- თავდაცვის საშუალებებზე რომ ვისაუბროთ...

- აღსანიშნია, რომ 100%-ით არცერთი კონტრაცეფციული საშუალება არ იცავს ორსულობისგან, მნიშვნელოვანია თითოეული მეთოდის სწორად შერჩევა და გამოყენება, რომ მისი კონტრაცეფციული მოქმედება მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. მშობიარობის შემდეგ ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი კონტრაცეფციული საშუალებები:

• მამაკაცის პრეზერვატივი;
• ქალის პრეზერვატივი;
• იმპლანტი;
• მხოლოდ პროგესტოგენის შემცველი აბები - მინი პილი;
• შეგიძლიათ აირჩიოთ IUD (საშვილოსნოს შიდა საშუალება), ბავშვის დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში. თუ IUD არ ჩაიდგმევა 48 საათის განმავლობაში, რეკომენდებულია დაელოდოთ მშობიარობიდან დაახლოებით 4 კვირის გასვლას.

თუ ბავშვს არ კვებავთ ძუძუთი და თქვენმა გინეკოლოგმა ჩაგიტარათ კონსულტაცია, რის საფუძველზეც გაიგეთ, რომ არ გაქვთ უკუჩვენება კომბინირებულ ჰორმონალურ პრეპარატებზე, შეგიძლიათ დაიწყოთ:

• კომბინირებული აბები;
• ვაგინალური რგოლი;
• კონტრაცეპტული პლასტირი.
ხოლო თუ ძუძუთი კვებავთ, ჯანმრთელობის გარკვეული დარღვევები გაქვთ ან სისხლის შედედების მომატებული რისკი, ჩვეულებრივ გირჩევთ გადადოთ კომბინირებული აბების, რგოლის ან პლასტირის გამოყენება.

- ახდენს თუ არა ზეგავლენას ორგანიზმზე მშობიარობიდან მოკლე პერიოდში ხელახალი ორსულობა და რა მხრივ?

- მშობიარობის შემდგომ ხელახალი დაორსულება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა ასოცირდება გაზრდილ რისკებთან, როგორებიც არის:

• ნაადრევი მშობიარობა;
• თანდაყოლილი პათოლოგიები;
• ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა და მასის დეფიციტი;
• დედის ანემია;
• მშობიარობის წინ პლაცენტის ნაწილობრივი ან სრული აცლა.

გარდა ამისა, CDC-ის ბოლო დროინდელი მონაცემებით, მშობიარობიდან 18 თვეზე ადრე და 60 თვეზე მეტი ინტერვალის შემთხვევაში დაორსულება შეიძლება ასოცირებული იყოს აუტიზმის განვითარების გაზრდილ რისკთან. კავშირი უფრო გამოკვეთილია აუტიზმის მძიმე ფორმების დროს (​https://www.cdc.gov/ncbddd/autism/features/time-between-births.html).

მშობიარობის შემდგომ მალევე ორსულობამ შესაძლოა ქალს არ მისცეს საკმარისი დრო, რომ მოხდეს ორგანიზმის აღდგენა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მაგალითად, ორსულობამ და ძუძუთი კვებამ შეიძლება გამოიწვიოს ქალის ორგანიზმში სხვადასხვა ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი (რკინა, ფოლიუმის მჟავა, კალციუმი და ა.შ), მშობიარობის შემდგომი დეპრესია და ა.შ.

- რამდენი უნდა იყოს ორსულობებს შორის შუალედი?

- ორსულობის და ჯანმრთელობის რისკის გართულებების შესამცირებლად, კვლევების მიხედვით გვირჩევენ, რომ ორსულობებს შორის შუალედი იყოს 18-დან 24 თვემდე, მაგრამ 5 წელზე ნაკლები. დედის ასაკი 35 წლის ზევით ასოცირდება გაზრდილ რეპროდუქციულ რისკებთან, მათ შორის, უნაყოფობასთან, ქრომოსომულ ანომალიებთან და მშობიარობის არასასურველ შედეგებთან. საჭიროა რისკის და სარგებლის დაბალანსება 35 წელზე მეტი ქალების ორსულობის გადადებასა და ორსულობათა შორის შემცირებულ შუალედებს შორის.

რისკები და რეკომენდაციები არ ვრცელდება წყვილებზე, რომლებსაც ჰქონდათ სპონტანური აბორტი. თუ ჯანმრთელი ხართ და მზად ხართ, არ არის საჭირო ხანგრძლივი შუალედი ორსულობებს შორის.

ბავშვის გაჩენის დროის არჩევა წყვილის პირადი გადაწყვეტილებაა. შემდეგი ორსულობის დაგეგმვისას თქვენ და თქვენმა პარტნიორმა შეიძლება გაითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორი, ჯანმრთელობის რისკებისა და სარგებელის. სანამ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, როდის გააჩინოთ შემდეგი შვილი, ექიმის რეკომენდაციით გამოიყენეთ თქვენთვის მისაღები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად