ოჯახი საზოგადოების მთავარ ქვაკუთხედად მიიჩნევა. ის ჩვენი ცხოვრების სტილს, მიზნებსა და სურვილებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. გოგონებს ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ მომავალში ისინი კარგი მეუღლეები უნდა იყვნენ. მათ ადრეული ასაკიდანვე უნერგავენ, რომ კარგ მამაკაცზე უნდა დაქორწინდნენ და ბედნიერი ოჯახი შექმნან. ბიჭებს მშობლები მოუწოდებენ ოჯახისთვის შესაფერისი საცოლე შეარჩიონ. დაქორწინება და შთამომავლობის ყოლა ახალგაზრდა ადამიანების ერთ-ერთ მთავარ ცხოვრებისეულ მიზანს და საზრუნავს წარმოადგენს. წყვილები ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების დამყარებას და ცხოვრებაში წარმატების მიღწევას მონდომებით ცდილობენ.
რა ხდება, როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან თანაცხოვრება არ აბედნიერებთ და მათი ქორწინება სერიოზულ კრახს განიცდის? რა სჯობს ბავშვებისთვის: უბედურ, მაგრამ ერთიან ოჯახში ცხოვრება თუ მშობლების განქორწინება? მოცემულ კითხვაზე პასუხის გაცემა ზოგიერთ ჩვენგანს ძალიან მარტივად მიაჩნია. ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ბავშვები ყველასა და ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ. დაქორწინებული ადამიანები საკუთარ თავს, პირველ რიგში, მშობლებად აღიქვამენ და მხოლოდ ამის შემდეგ - მეუღლეებად ან ინდივიდებად. ძალიან ბევრი ქალი და მამაკაცი ტოქსიკურ ურთიერთობას შვილების სიყვარულის გამო ინარჩუნებს. ისინი ცდილობენ ბავშვებს ნორმალურ გარემოში ცხოვრების საშუალება მისცენ. მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შვილები დედამ და მამამ ერთობლივად აღზარდონ. მიუხედავად ამისა, ბავშვების გამო ტოქსიკური ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა ხშირად არ ამართლებს.
არ დაგავიწყდეთ !!! Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მშობლების განქორწინება შვილებზე ძალიან მტკივნეულად ზემოქმედებს. ნებისმიერი ბავშვი განიცდის, როდესაც ხედავს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს შორდებიან. 2019 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების უდიდეს ნაწილს მშობლების განქორწინების გადატანა უჭირს. მათი სტრესის მაჩვენებელი 17%-ით მატულობს. მათ უმრავლესობას დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის სიმპტომები უვლინდება. არის თუ არა აღნიშნული პრობლემის მოგვარების მთავარი გზა მშობლების მხრიდან ტოქსიკური ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა?
მეუღლეები, რომლებიც თანაცხოვრებას შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვის გამო აგრძელებენ, საკუთარ ბედნიერებას მსხვერპლად წირავენ. მათ შორის არსებული ფარული მტრობა ურთიერთობაში ყოველდღიურად ვლინდება. წარმოიდგინეთ, რას განიცდის ბავშვი, როდესაც ხედავს, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები ერთმანეთით გამუდმებით უკმაყოფილოები არიან. რა მაგალითს აძლევენ მშობლები შვილს, როდესაც ერთმანეთისადმი მტრული განწყობის დამალვას ვეღარ ახერხებენ? როდესაც მეუღლეები გრძნობენ, რომ მათ ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებთ, გარდა შვილებისა, უმჯობესია, ტოქსიკური ურთიერთობის შენარჩუნებაზე აღარ იფიქრონ. როგორც წესი, წყვილები დანგრეული ურთიერთობების აღდგენას ძნელად ახერხებენ. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ შვილების ერთობლივი აღზრდა მშობლებისა და ბავშვების ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრებას არ გულისხმობს.
დედამ და მამამ შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა იტვირთონ. თუ განქორწინება წყვილისთვის ფსიქიკური წონასწორობისა და ბედნიერების მომტანია, მაშინ ის თითოეულ მათგანს დაეხმარება უკეთესი მშობელი გახდეს. განა შესაძლებელია, რომ უბედური ქალი ან მამაკაცი შვილებს კარგ მშობლობას უწევდეს?! განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სერიოზული დაფიქრება სჭირდება. თითოეული წყვილი თავად წყვეტს, რა არის მისთვის უკეთესი. მართალია, შვილების კეთილდღეობაზე ფიქრი აუცილებელია, მაგრამ არც თქვენი ინდივიდუალური სურვილები და ინტერესები უნდა დაივიწყოთ.
თარგმნა ია ნაროუშვილმა