Baby Bag

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას
ბავშვებში დამოუკიდებელი უნარების განვითარების ხელშეწყობას მშობლები, როგორც წესი, არ ჩქარობენ, რადგან თვლიან, რომ მოზრდილობის ხანამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და ამ მხრივ საჩქარო არაფერია, თუმცა რაც უფრო ნაადრევ ასაკში ასწავლით თქვენს შვილებს ორ ფეხზე მყარად დგომას, მით უფრო დაეხმარებით დამოუკიდებელ და წარმატებულ ადამიანებად​ ჩამოყალიბებაში.

გამონახეთ დრო სწავლებისთვის

მცირეწლოვან შვილს მოზრდილი ადამიანის მსგავსად თუ მოექცევით, ის თავს მეტად თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად იგრძნობს. მიეცით თქვენს შვილს ახალ-ახალი დავალებები, თქვენს მაგალითზე ასწავლეთ, როგორ უნდა იქცეოდეს ზრდასრული ადამიანი. ზრდასრულობა მის პროფესიად უნდა აქციოთ. დავალებები, რომლებსაც თქვენს შვილს მისცემთ, თქვენთვის ძალიან მარტივად შესასრულებელი აქტივობა უნდა იყოს, რომელიც ბავშვისთვის მეტისმეტად რთული არ იქნება. ასწავლეთ ბავშვს საკუთარი სათამაშო სივრცის მოწესრიგება, თავისი ჭუჭყიანი ტანსაცმლის სპეციალურ ყუთში მოთავსება. შედარებით მოზრდილ ასაკში კი სასადილო მაგიდის მოწესრიგებას და საკუთარი ჭურჭლის გასუფთავებასაც უნდა მიაჩვიოთ.

ხაზი გაუსვით ბავშვის მიღწევებს

სწავლების პროცესში, შესაძლოა, თქვენთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ, მაგრამ ამის გამო ბავშვს ნუ გაკიცხავთ. ხაზი გაუსვით მის ნებისმიერ მიღწევას, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს. ასე ბავშვს წაახალისებთ და მას მოტივაციის გაზრდაში დაეხმარებით. შეაქეთ თქვენი შვილი, თუ ხილის წვენს დამოუკიდებლად ჩაასხამს ჭიქაში და თქვენი დახმარების გარეშე დალევს. თქვენგან დადებითი შეფასების მოსმენის შემდეგ ბავშვი საკუთარი თავისადმი მეტი ნდობითა და პატივისცემით განეწყობა.

მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების უფლება

დამოუკიდებლობა ადამიანს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლებას აძლევს. მშობელმა ბავშვს აუცილებლად უნდა აგრძნობინოს, რომ მას გადაწყვეტილების მიღება თავად შეუძლია. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რის მირთმევას ისურვებდა სადილად: ყველიანი მაკარონის თუ არაქისის კარაქისა და ჟელესი? ბავშვი ისეთი არჩევანის წინაშე უნდა დააყენოთ, რომ მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება თქვენთვის მისაღები იყოს.

ბავშვისთვის დახმარების გაწევა ყოველთვის აუცილებელი სულაც არ არის

არასდროს გაუკეთოთ ბავშვს ისეთი რამ, რისი გაკეთება მას დამოუკიდებლადაც შეუძლია. ნუ შეუკრავთ მას ფეხსაცმლის თასმებს და ნუ ჩააცმევთ ქურთუკს სახლიდან გასვლისას, თუ ის ამ ყველაფრის გაკეთებას თავადაც შეძლებს. თუ ბავშვი დამოუკიდებლად ჩაცმას ვერ ახერხებს, საქმის დაწყებაში დაეხმარეთ, შემდეგ კი ნება მიეცით ჩაცმის პროცესი თავად დაასრულოს. თუ დილით სახლიდან გასვლას ჩქარობთ და იძულებული ხართ ბავშვს ჩაცმაში დაეხმაროთ, ეცადეთ მაღვიძარა 15 წუთით ადრე დააყენოთ, რათა ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმისთვის საკმარისი დრო მისცეთ.

შეუქმენით ბავშვს კომფორტული გარემო

საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვას რომ მიაჩვიოთ, ბავშვისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთები ისეთ ადგილას უნდა დააწყოთ, სადაც მას ხელი მიუწვდება. თეფშები, ბავშვის საჭმელი, ჭიქა, წვენი ან წყალი ისეთ სიმაღლეზე უნდა დაალაგოთ, რომ ბავშვმა საჭმლის მირთმევა ან წყლის დალევა თქვენი დახმარების გარეშე შეძლოს. დააკვირდით მის ქცევას, ეცადეთ ყოველდღიურად გაახალისოთ გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება. შეუქმენით მას მაქსიმალური კომფორტი, რათა თვითმომსახურება მარტივად შეძლოს.

იპოვეთ დადებითი უარყოფითში

თქვენი შვილის მიერ შეცდომების დაშვებას ტრაგედიად ნუ აქცევთ. შეცდომა პოზიტიურ მოვლენად უნდა აღიქვათ, რომელიც ბავშვს ახალი გამოცდილების შეძენაში ეხმარება. იმის ნაცვლად, რომ ბავშვი შეცდომის გამო გაკიცხოთ, ეცადეთ მასთან ერთად იპოვოთ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა. მიეცით თქვენს შვილს შეცდომების დაშვების უფლება. დამოუკიდებელ ადამიანებს შეცდომები არ აშინებთ.

ერიდეთ პერფექციონიზმს

არასდროს მოთხოვოთ ბავშვს თქვენ მიერ მიცემული დავალებები უნაკლოდ შეასრულოს. თუ ბავშვს პერფექციონისტული მოლოდინებით დატანჯავთ, ის მომავალში უარს იტყვის ახალი გამოწვევების მიღებაზე და უუნარო ადამიანად ჩამოყალიბდება, რომელსაც ყველაფერი აშინებს. თუ თქვენი შვილის მიღწევებით უკმაყოფილო ხართ, იმედგაცრუებას პირდაპირ ნუ გამოხატავთ. ეცადეთ ბავშვის შეცდომებს გაგებით მოეკიდოთ, რადგან მათი გამოსწორება გვიანი არასდროს არის. 

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მიღწევის მოტივაციის თვალსაზრისით, მშობლის, ამ შემთხვევაში კი მამის წვლილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიჭის აღზრდაში“ - რა როლი აქვს მამას შვილების აღზრდის პროცესში?

„მიღწევის მოტივაციის თვალსაზრისით, მშობლის, ამ შემთხვევაში კი მამის წვლილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიჭის აღზრდაში“ - რა როლი აქვს მამას შვილების აღზრდის პროცესში?
რა როლი აქვს მამას შვილის/შვილების აღზრდის პროცესში, არის თუ არა განსხვავება ბიჭების და გოგონების შემთხვევებში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი ესაუბრა. 

- ქალბატონო ლელა, ზოგადად, რომ ვისაუბროთ მამის როლზე შვილის აღზრდის პროცესში.

- ბოლო დროს სულ უფრო მეტს საუბრობენ მშობლების განსხვავებულ როლზე ოჯახში - ბავშვთა აღზრდის პროცესში. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოჯახის დინამიკის შეცვლაა - ოჯახების სულ უფრო დიდი ნაწილია არასრული.

ბუნებრივია, იდეალურ შემთხვევაში ბავშვი უნდა იზრდებოდეს დედ-მამის გარემოცვაში, რადგან ტრადიციულად და ევოლუციურად ისინი ბავშვს განსხვავებული სახის სიყვარულს სჩუქნიან. არსებობს სიყვარულის გასხვავებული სახეობა - ე.წ. ​დედობრივი სიყვარული, რომელიც უპირობო სიყვარულის სახეობაა და უსიტყვოდ, უარგუმენტოდ, ყველაფრის მიუხედავად სიყვარულს გულისხმობს. დედას მაინც უყვარხარ, ყველა შემთხვევაში. განპირობებული, პირობადებული სიყვარული, რომელსაც დამსახურება და მოპოვება სჭირდება და რომელიც შესაძლოა, დაკარგო - ამ ტიპის სიყვარულს მამობრივს უწოდებენ. არა იმიტომ, რომ ასეთი სიყვარული მხოლოდ მამებს შეუძლიათ, უბრალოდ ის მამისათვის უფრო დამახასიათებელი და ტიპურია. მამობრივი სიყვარული ისეთივე ფასდაუდებელია, როგორც დედობრივი და მნიშვნელოვანი რესურსია ადამიანის ჰარმონიული პიროვნული განვითარების თვალსაზრისით.

ზოგადად, კვლევების თანახმად, სრულ ოჯახებში აღზრდილი ბავშვები (სხვა ფაქტორების მხრივ განსხვავებას თუ არ მივიღებთ მხედველობაში) ნაკლებად ამჟღავნებენ ქცევით და თვითმართვის პრობლემებს ზოგადადაც და საკლასო ოთახშიც, ხოლო 10-11 წლისთვის დამატებით თავს იჩენს გენდერული უფსკრულიც. კერძოდ, მარტოხელა დედების გაზრდილ გოგონებს, ზემოაღნიშნული თვალსაზრისით, თითქმის ორჯერ ნაკლები პრობლემები ჰქონდათ, ვიდრე ანალოგიურ სიტუაციაში აღზრდილ ვაჟებს. ასე რომ, მიღწევის მოტივაციის თვალსაზრისით მშობლის, ამ შემთხვევაში კი მამის წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიჭის აღზრდაში.

ჩვენი ეს მტკიცება ეფუძნება კვლევებს და არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად მარტოხელა დედების სტიგმატიზებას. პირიქით, სწორი აღზრდის შემთხვევაში მარტოხელა დედას უწევს, გადავიდეს მამობრივი სიყვარულის და მომთხოვნელობის რეჟიმში, ამავე დროს, შეინარჩუნოს უპირობო სიყვარულიც, რათა არ დააზარალოს ბავშვის ემოციური სფერო და ამავე დროს დაეხმაროს ნებისყოფის გამომუშავებასა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში. კარგია, თუ დედა მოახერხებს, დაიხმაროს სანდო, გათვითცნობიერებული და კეთილგანწყობილი ადამიანი, ერთი ან მეორე ფუნქციის გადანაწილებაში. ამით ის ნაწილობრივ მოახერხებს პრობლემის დაბალანსებას, არაიშვიათად კი უკეთესად მოგვარებასაც, ვიდრე ეს არსებული, მაგრამ გულგრილი ან აგრესიული მამის არსებობის პირობებში იქნებოდა.

- რა ხდება ბავშვის ფსიქიკაში, თუ მამა დროის ძალიან მცირე ნაწილს უთმობს შვილთან ურთიერთობას და არის თუ არა სხვაობა ამ თვალსაზრისით ბიჭებისა და გოგონების აღზრდის შედეგებში?

- ბავშვობის დასასრულს თინეიჯერს გაცილებით უფრო ხშირად აქვს ეკრანი საძინებელში, ვიდრე ჰყავს მამა სახლში, ბოლო დროს კი ეს დედასაც შეეხება. მაშინაც კი, როცა მამა გვერდით არის, მასთან გატარებული ნახევარი საათის საპირწონედ ბავშვები ეკრანთან 44 საათს ატარებენ. ეს განსაკუთრებით ხშირად ბიჭებში შეინიშნება.

თანამედროვეობის ერთ-ერთი ავტორიტეტული ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო აღნიშნავს, რომ ბიჭების უმრავლესობა (მათი დაახლოებით მესამედი) „ქალთა სამყაროში“ ცხოვრობს. მამა ან არ ცხოვრობს მათთან, ან იშვიათად და ცოტა დროით არის სახლში. ასეთი ოჯახების რაოდენობა, როგორც აღვნიშნეთ, სულ უფრო იმატებს.

დღეს, ბევრი იწერება ქალებისა და გოგონების მხარდაჭერაზე, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებაზე. ამ ფონზე და სხვა მიზეზებითაც შეიმჩნევა გოგონების მზარდი წინსვლა და განვითარება. ეს ამ სასიხარულო პროცესის მხოლოდ დასაწყისია და მთავარი შედეგები წინ გვაქვს, მაგრამ ტენდენცია აშკარად პოზიტიურია.

იმავეს ვერ ვიტყვით ბიჭებზე. ისინი სულ უფრო მეტად „გადიან“ კიბერსამყაროში. ალბათ ლოგიკურია, ვიკითხოთ, რას ეძებენ და რას იღებენ მისგან ისეთს, რომ არათუ უჭირთ თავის დანებება, მეტიც, სულ უფრო ეფლობიან მასში. რატომ არის ეს უფრო მეტად ბიჭების, ვიდრე გოგონების პრობლემა?

უმამობა და ფემინიზირებული სააღმზრდელო გარემო შინ და სკოლაში - აი რა განაპირობებს იმას, რომ ბიჭები ჩათრეულები არიან რეალობისგან მოწყვეტილ - პორნო და ვიდეოთამაშების ონლაინ სამყაროში. ამის უპირველესი მიზეზი არის ვირტუალურ უსაფრთხოებასა და მხარდაჭერასთან, ქცევის განმტკიცებასთან დაკავშირებული ემოციების ძიება, რადგან ამ ემოციებს ისინი სხვა გზით ვერსაიდან ვერ იღებენ. სკოლა და სასწავლო პროცესი ვერ იწვევს მათ სტიმულირებას, მასწავლებლების 90% ქალია, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, როცა საფუძველი ეყრება ადამიანის პიროვნულ განვითარებას. ბიჭებს არ ჰყავთ საკუთარი სქესის/გენდერის შესაბამისი მიბაძვის მოდელი. დავალებები და მოსაწონ-მიუღებელი ქცევები სტერეოტიპულია. წახალისებულია ისეთი უნარები, რაც გოგონებისთვის მეტად მისაწვდომია, მაგალითად, წვრილ მოტორიკასთან დაკავშირებული - ლამაზად წერა, არ არის წახალისებული ფიზიკური აქტიურობა, რაც ბიჭებს მეტად უყვართ, ესსეების და პროექტების თემატიკაშიც ნაკლებად არის გათვალისწინებული ბიჭების ინტერესები.

ამას თუ დაემატება ის, რომ ბიჭებს ძალიან ხშირად არ ჰყავთ გვერდით მამა, რომელიც გაუძლიერებდა გარეგან მოტივაციას და თავდაჯერებულობას, არა აქვთ ჩვევები, რომლებიც შესძენდენ გამბედაობას რომანტიკულ ურთიერთობებში, მივხვდებით, რატომ ხდება, რომ ისინი ცდილობენ, აიცილონ თავიდან ზრდასრული ადამიანის ცხოვრება. შედეგად ისინი განმარტოვდებიან საძინებელში, სადაც ვირტუალურ სამყაროში საკუთარ თავს საწინააღმდეგოს უმტკიცებენ. ეს ბიჭების გაუცხოების, რეალური ცხოვრებიდან „ამორთვის“ ახალი სახეობაა.

ასე რომ, მაშინ, როდესაც ქალები სულ უფრო თავდადებით შრომობენ და წარმატებულები არიან სკოლებში და კარიერაში, მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევების მონაცემების მიხედვით, ბიჭები სულ უფრო ხშირად ანებებენ თავს სწავლას.

ასე მომრავლდნენ ადამიანები, ბიჭები, რომლებიც არიან უფრო და უფრო ინფანტილურები, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არა აქვთ ეკონომიკური მიზნები, აკლიათ ემოციური ინტელექტი, უგროვდებათ შეუსრულებელი მოვალეობები, ვერ ახერხებენ ეფექტიან კომუნიკაციას, რეალურ რომანტიკულ ურთიერთობებს.

რა ხდება გოგონებთან დაკავშირებით? - უმამოდ აღზრდის ზეგავლენა აქაც მნიშვნელოვანია, ზარალდება მათი ემოციური და ინტიმური სფერო, მაგრამ რაც შეეხება სწავლას და კარიერულ წინსვლას, გოგონები უფრო აგრესიულად მიზანდასახულები ხდებიან, აქვთ მისწრაფება, აჯობონ ბიჭებს და აღწევენ კიდეც ამას.

სასწავლო მოსწრების თვალსაზრისით ცვლილებების მიმართ გოგონები უფრო მდგრადები არიან, ვიდრე ბიჭები, არა იმიტომ, რომ ეს მათი სქესით არის განპირობებული, არამედ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გოგონები თავიანთი სქესის უფროსების გარემოცვაში იზრდებიან, შექებას ან რაიმე სხვა სახის განმტკიცებას მათგან იღებენ, თუმცა აკლიათ განსხვავებული გენდერის მხრიდან აღიარება, რამაც, სამომავლოდ, შესაძლებელია, იმოქმედოს მათ ინტიმურ ცხოვრებაზე - გახდეს ზედმეტად ფრთხილი, უნდობი ან იყოს პარტნიორის მუდმივ ძიებაში. ეს შესაძლებელია მოზარდულ პრომისკუიტეტში (პარტნიორის ხშირი ცვლაში) აისახოს, რაც დევიაციურ ქცევადაც კი შეგვიძლია განვიხილოთ.

ასე რომ, შეიძლება თუ არა განსაზღვრული დარწმუნებულობით ვთქვათ, რომ უმამობა ნაკლებად აზიანებს გოგონების, ვიდრე ბიჭების ფსიქიკას? - ამას ცალსახად მაინც ვერ დავადასტურებთ.

- რა შეიძლება იყოს პრობლემიდან სავარაუდო გამოსავალი?

- პრობლემის გადაწყვეტა რთულია, მისი აღმოცენების მიზეზებსა და გამოწვეულ შედეგებს ერთდროულად უნდა მივხედოთ. ოჯახებმა უნდა განავითარონ კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარები, გააკონტროლონ ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ყოფნის დრო (ეს სულ მცირე, პრობლემის გაცნობიერების საშუალებას მოგვცემს) და არჩევანი რეალურ ურთიერთობებზე გააკეთონ.

უარყონ აღზრდის პასიური მოდელი ოჯახსა და სკოლაში, რომელიც მორჩილებასა და შემსრულებლობაზეა აგებული, წარმატებულობისათვის კონცენტრაციის განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს.

მამებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ მარტო მიტოვებული შვილები (განსაკუთრებით ვაჟები) იმყოფებიან ვირტუალურ სამყაროში გადაჩეხვისა და ინტიმური ცხოვრების თვალსაზრისით თვითიზოლაციის რისკის წინაშე.

ციფრული ხელსაწყოების გამო ტვინი მუდმივი აგზნების, მუდმივად ახალი ინფორმაციის პერმანენტული აღქმის მდგომარეობაშია, შესაბამისად, კი ტრადიციულ საქმიანობებში (სწავლა, შრომა, რომანტიკული და საყოფაცხოვრებო ურთიერთობები) აღინიშნება დესინქრონიზაცია და უუნარობა.

საბოლოოდ, მამის გარეშე ზრდასრულობამდე მიღწევა ბევრ პრობლემას აგროვებს. ამიტომაც არის, რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ სპეციალისტები მამების და ზოგადად, მამაკაცების ჩართვაზე ბავშვების აღზრდის პროცესში, რათა ბავშვებს, განსაკუთრებით კი ვაჟებს, ჰყავდეთ დამმოძღვრავი, მხარდამჭერი მამაკაცები. არის და სასურველია მეტი იყოს ისეთი პროგრამები, რომლებიც დაეხმარება ოჯახებს, რომ შენარჩუნებული და ჩართული იყოს მამა საოჯახო სიტუაციაში, რაც, თავის მხრივ შვილების რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას და ჯანსაღ, ზრდასრულად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური


წაიკითხეთ სრულად