შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ბავშვის ტემპერამენტს ჩვენ ვერ შევცვლით, მაგრამ ნახეთ, რა შეგვიძლია შევცვალოთ...“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ემოციური რეგულაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, ბავშვებს საკუთარი სისუსტეების აღიარება ასწავლონ:
„მშობლები გეუბნებიან: „როგორ ბავშვმა თავი არ უნდა დაიცვას?! ჩაგრავენ ჩემს შვილს.“ ჩვენ ერთ წრეზე ვტრიალებთ. ჩვენ რაც ვიცით, ჩვენს საზოგადოებაში რაც არის მიღებული, არის ის, რომ შენ უნდა დარჩე მოგებული, არ უნდა იყო არასდროს წაგებული, სისუსტე არ არის სტატუსი, სუსტი არ უნდა იყო. ემოციური რეგულაცია რას გვეუბნება? ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი სისუსტეც. თუ არ აღიარე და თუ არ დაინახე, როგორ მოახერხებ ამის კორეგირებას. ამის მართვას შენ ვერ მოახერხებ, თუ არ ხედავ, თუ არ იცი.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვი მიმბაძველია და ის მშობლის მაგალითზე სწავლობს:
„ჩვენს შვილებს მაგალითს ვაძლევთ ჩვენ. მშობელი რომ მოვიდა ჩივილით და მეუბნება, რომ მისი ექვსი წლის ბიჭი იგინება და უწმაწურ სიტყვებს იძახის, კარგად რომ გამოკითხავ, მამაც ასე იგინება. რაც გვესმის ქალაქში ყოველი ფეხის ნაბიჯზე, იმ სიტყვებს ამბობს ეს მამაც. ბავშვები არიან ძალიან მიმბაძველი არსებები. ამას ჩემი ლაპარაკი არ უნდა. ცნობილი თეორიაა სოციალური დასწავლის თეორია, რომელიც გეუბნება, რომ მოდელი არის და იმის მიხედვით სწავლობს ყველა ბავშვი. მშობელი თვითონ სწავლოს და თვითონ რომ სწავლობს, ბავშვსაც ასწავლის.“
„ბავშვის ტემპერამენტს ჩვენ ვერ შევცვლით, მაგრამ ნახეთ, რა შეგვიძლია შევცვალოთ: თუ მე ვიცი, რომ ჩემი შვილი ცოტა აგრესიულია, შემართებითია, პლუსად ვაქცევ ამას. რის მიმართ უნდა იყოს აგრესიული? უსამართლობის მიმართ, ჩაგვრის მიმართ. მე ღირებულებებს ვაძლევ ჩემს შვილს, ტემპერამენტს ვერ შევუცვლი. იმას კი არ ვასწავლი, რომ „მოგკლავთ და ბედნიერს გაგხდით,“ შენ რომ კარგის გაკეთება გინდა და ლამის მოკალი ადამიანი, ასე არა, არამედ მისაღები გზით. ამაში ვასწავლი ემოციურ რეგულაციას. ჩვენ ვერ შევცვლით ადამიანებს, მათ შორის, შვილებსაც. ეს უნდა გვახსოვდეს. ისინი ასეთი ტემპერამენტით თქვენგან დაიბადნენ. ასეთი კონსტიტუცია აქვთ. ჩვენ შეგვიძლია აღზრდით ამ კუთხეების მორბილება, პლუსად ქცევა იმ მინუსების,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.