შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს, იყოს ღიმილი,“ - ბაკურ კოტეტიშვილი
ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის ცხოვრებაში ღიმილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის ღიმილი თავისუფალი, გულწრფელი და გადამდებია:
„ბავშვის ღიმილი, განსაკუთრებით პირველი 3-5 წლის განმავლობაში აბსოლუტურად თავისუფალი და გადამდებია. როდესაც ბავშვი იცინის, ყველა მოზრდილი, ვინც არის ბავშვთან ერთად, ავტომატურად იწყებს სიცილს. ეს გადამდები სიცილი თავის ტვინის სარკისებური ნეირონების დამსახურებაა.“
ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვებს ხშირად გაუღიმონ:
„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს იყოს ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ბავშვისთვის ეს ძალიან იოლი მიმღებლობაა. გაიღიმეთ, რა თქმა უნდა, ბუნებრივად და არა იძულებით, რომ ბავშვმა ეს დაინახოს. ბავშვი ამას გრძნობს ძალიან კარგად. ჩვენი სახე და მერე უკვე ჩვენი ქმედებები, მოძრაობები, ბავშვისთვის არის კოდი. ეს არის შიფრი ქცევისა, თუ როგორ მოვიქცე.“
„მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დადებითი ფორმით ურთიერთობა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ემოცია. ემოციის ყველაზე კარგი და ლამაზი გამოხატვა არის ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს უნიკალური ენაა მთელს მსოფლიოში, ყველა ადამიანში, განსაკუთრებით ბავშვებში. გაუღიმეთ ბავშვს, მისგან მიიღებთ უფრო მეტ ღიმილს, უფრო ბუნებრივ ღიმილს, რომელიც ისევ თქვენ გაგაცინებთ. ღიმილით და სიკეთით იცხოვრეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას,“ - აღნიშნა ბაკურ კოტეტიშვილმა.