შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
როგორ დავიცვათ პატარები მწერებისაგან, რა გავაკეთოთ მწერის კბენის შემდეგ და როგორ მოვაცილოთ სწორად ტკიპა კანიდან - პედიატრის რეკომენდაციები
როგორ დავიცვათ პატარები მწერებისაგან და როგორ მოვაცილოთ სწორად ტკიპა კანიდან, ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ზაფხული მოვიდა და მასთან ერთად აქტუალური გახდა საზაფხულო პრობლემებიც. დღეს მწერებზე ვისაუბრებთ, რომელთა ნაკბენს დისკომფორტის გარდა სერიოზული დაავადებაც შეიძლება მოჰყვეს. კოღოებიდან გამოვყოთ ანოფელისი, რომელსაც მალარიის გამომწვევი გადააქვს და ფლებოტომუსი, რომელიც ლეიშმანიოზის გამომწვევის გადამტანია. რწყილებსა და ტკიპებს მძიმე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები გადააქვთ. ამ პარაზიტებთან კონტაქტი შესაძლოა, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისას, ასევე ტყეებსა და მინდვრებში სეირნობისას მოხდეს. მწერების ნაკბენს ადგილობრივი რეაქციების გარდა შესაძლოა, მძიმე ალერგიული რეაქციაც მოჰყვეს.
რა გავაკეთოთ მწერის კბენის შემდეგ?
ნაკბენზე პატარას ყინული ან ცივი კომპრესი დაადეთ
ძლიერი ქავილისას ექიმთან შეთანხმებით ქავილისა და შეშუპების საწინააღმდევო მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ
ნესტრიანი მწერის კბენის ან კანზე ტკიპას აღმოჩენისას ნუ ეცდებით ნესტარი დანით მოაცილოთ ან ტკიპა ძალით ააძროთ, პირიქით, შესაძლებელია, ტკიპას ხორთუმი კანში ჩატოვოთ
ნაკბენზე ზეთში დასველებული საფენი დაადეთ და შემდეგ ნესტარი ან ტკიპა ფრთხილად მოაცილეთ
როგორ დავიცვათ თავი მწერებისგან?
ნუ ასეირნებთ პატარას გარეთ შებინდების შემდეგ, რადგან კოღოები სწორედ ამ დროს აქტიურდებიან
ტყეებსა და მინდვრებში გასვლისას სხეული სჯობს სრულად იყოს დაფარული სამოსით
საღამოს ნუ აანთებთ ოთახში სინათლეს, თუ ფანჯრები ღიაა ან ბადით არაა დაცული
აუცილებლად გამოიყენეთ ბადეები ფანჯრებზე
თუ ირგვლივ ბევრი მწერია, გამოიყენეთ რეპელენტები, თუმცა შემდეგ ოთახი გაანიავეთ
არასოდეს გამოიყენოთ მწერებთან საბრძოლველად ის საშუალებები, რაც შინაური ცხოველებისათვისაა განკუთვნილი. ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ბავშვის ჯანმრთელობას!
თუ კბენის შემდეგ სუნთქვის გაძნელება, ძლიერი შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გამონაყარი შენიშნეთ, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს!“