შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ყოველთვის ათიანის მიღება ძალიან სტრესულია, შფოთვითი აშლილობების ბაზისი მთლიანად მოდის ამაზე ,“ - ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე
ფსიქოთერაპევტმა ნათია კუჭუხიძემ ბავშვებში კომპლექსების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვისთვის მთავარია წახალისება, რათა მან იგრძნოს, რომ მისი მონდომება სათანადოდ ფასდება:
„მთავარია, რომ ბავშვი წავახალისოთ. ვუთხრათ მას, რომ თუ რამე ამ ეტაპზე არ გამოსდის, არაუშავს. დავფიქრდეთ ერთად, რა დაეხმარება მას. მისი მონდომება შევაქოთ. არ უნდა ვუთხრათ, მაგალითად, რომ „ათიანები მინდა!“ ყოველთვის ათიანის მიღება ძალიან სტრესულია. როდესაც ბავშვი თავისი ინტელექტუალური უნარებიდან გამომდინარე ამას ვეღარ ახერხებს, მას უჩნდება განცდა: „მე არაფერი არ ვარ, რადგან ათიანებს არ ვიღებ, რადგან ცხრიანი მაქვს.“ შფოთვითი აშლილობების ბაზისი მთლიანად მოდის ამაზე, შეიძლება დეპრესიული განწყობაც ჩამოყალიბდეს.“
ნათია კუჭუხიძის თქმით, რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მეტი სიფრთხილე მართებს მასთან ურთიერთობაში მშობელს:
„რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, მით უფრო მეტად უნდა იყოს მშობელი ფრთხილად, მით უფრო მეტად მხარდამჭერი უნდა იყოს. მოზარდობის ასაკში ასეთი ბავშვი უფრო მარტივად ძლევს პრობლემებს. ათიანების მოთხოვნა ძალიან მძიმე ტვირთია ბავშვისთვის. ემოციურად ვინ როგორ გაუმკლავდება ამას, ეს არავინ არ იცის.“
ნათია კუჭუხიძემ აღნიშნა, რომ ზემზრუნველი და მაკონტროლებელი მშობელი არ არის მხარდამჭერი შვილისთვის:
„მაკონტროლებელი და ზემზრუნველი მშობელი არ არის მხარდამჭერი მშობელი. უფრო ავტორიტეტული მშობელი არის მხარდამჭერი და არა ავტორიტარი. ავტორიტეტი მშობელი აძლევს ბავშვს თავისუფლებას, რომ თვითონ იფუნქციონიროს. თუ ბავშვს სწავლას ვაიძულებ, ის არ დაინტერესდება. შეიძლება რევანშის გამო გააკეთოს ეს და ყველაფერი მიიღოს. ამიტომაც არის, ზოგჯერ ადამიანს ყველაფერი აქვს და მაინც უბედურია. იმიტომ, რომ ის ვიღაცის ჯიბრზე ან რაღაცის დასამტკიცებლად აკეთებს ამას.“
„ბავშვს სოციალიზაციის პირველი კრიზისი 3 წლის ასაკში აქვს. სოციუმში რომ გავიდეს და კრიზისი გადალახოს, ეს მტკივნეულია. ძალიან კარგი სტრატეგიები არსებობს, როგორ მოხდეს ბავშვის ბაღთან ადაპტაცია. თუ ზემზრუნველები ვართ, მაშინ რას ვიტყვით? ვიტყვით, რომ ოღონდ ბავშვმა არ იტიროს და გამოვიყვან ბაღიდან. შემდეგ მოდის სკოლა და მას სკოლაში შეიძლება უფრო გაუჭირდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნათია კუჭუხიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.