შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„განათლების სამინისტრომ უპრეცედენტო დაშვება გააკეთა, რომ მოიკითხოთ, მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ არის,“- ეკატერინე დგებუაძე
განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სწავლის საკლასო ოთახებში განახლების შესახებ ისაუბრა და იმ პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი, რომელიც სკოლის დაწყებასთან ერთად დაგვეკისრა:
„პასუხისმგებლობა აიღო არამარტო განათლების სამინისტრომ, არამედ მთელმა ქვეყანამ, რათა განათლების უფლება იყოს დაცული. შარშანდელი გამოცდილებით მშობლები იდგნენ ჯგუფად და ადმინისტრაცია სთხოვდა, რომ ერთმანეთთან დისტანცია დაეცვათ. ამ პროცესების მართვა ძალიან რთულია. უნდა დავიცვათ ჩვენი შვილებიც და სხვისი შვილებიც.“
ეკატერინე დგებუაძის თქმით, განათლების სამინისტრომ უპრეცედენტო დაშვება გააკეთა, როდესაც მშობლებს დისტანციურ და დასწრებულ სწავლებას შორის არჩევანის გაკეთების შესძლებლობა მისცა:
„თუ გაქვთ შიში იმისა, რომ ბავშვს სკოლაში გაუშვებთ და იქ მას გარკვეული საფრთხე ექნება, განათლების სამინისტრომ უპრეცედენტო დაშვება გააკეთა. რომ მოიკითხოთ, მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ არის. აირჩიეთ, ყოველ ხუთშაბათს იხსნება ფანჯარა, რომ შეატყობინოთ სკოლას, თუ გინდათ შვილი გადაიყვანოთ დისტანციურ სწავლებაზე. მოსწავლისთვის ორგანიზდება ცალკე სასწავლო პროცესი.“
„მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს სასწავლო ოთახში, მერე მოდის და დისტანციურადაც უნდა ჩაუტაროს იმ ბავშვებს, ვინც დიტანციურ სწავლებაზე რჩება. პედაგოგის უფლებებიც რომ არ დავარღვიოთ, გავითვალისწინეთ მათი სახელფასო პოლიტიკაც. დამატებით ჩატარებულ საათებში მასწავლებლები ასევე მიიღებენ ანაზღაურებას,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.