შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„7-8 წლამდე მნიშვნელოვანია თამაში, ამ ასაკში ბავშვი და მისი ძვალ-სახსროვანი სისტემა ვითარდება თამაშით,“ - ბავშვთა ორთოპედი ნინო ჭოლოკავა
ბავშვთა ორთოპედი ნინო ჭოლოკავა ბავშვებში ძვალ-სახსართა სისტემის პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის მოძრაობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია:
„თუ ვილაპარაკებთ ძვალზე და ძვალ-სახსართა სისტემის ჯანმრთელობაზე, ამას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს: თვითონ პიროვნება, მისი კვების რეჟიმი, მიდრეკილებები, ცხოვრების სტილი. ეს, მით უმეტეს, მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში, იმიტომ, რომ მან ძირითადი დეპოზიტი უნდა შექმნას თავიდანვე მინერალური ცვლის, ვიტამინების, პროტეინების. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ზრდისთვის. პანდემიის დროს, ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობა. იმისთვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს და არ გვქონდეს რაიმე პრობლემები ძვალ-სახსართა სისტემასთან დაკავშირებით, უნდა გავიაზროთ, რომ მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ სისტემის სწორი ჩამოყალიბებისთვის.“
ნინო ჭოლოკავა ბავშვებში ეკრანმიჯაჭვულობის პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეკრანთან ხანგრძლივად ყოფნა ბავშვებს სახსრების პრობლემებს უქმნის:
„პრობლემები წარმოიშვა ეკრანმიჯაჭვულობასთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით, თუ ბავშვები დღეში 4 საათს ან მეტს ატარებენ ეკრანთან, მათ 65 %-ს აღენიშნება სახსრის ტკივილები, ჩივილები, რომელსაც შემდგომ მკურნალობა სჭირდება. მშობელმა თავიდანვე უნდა გაიაზროს, რომ როდესაც იზოლაციაში ან შეზღუდვის რაიმე ფორმაზე გადავდივართ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან ვარდება აქტივობა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გავდივართ სადარბაზოდან, მივდივართ ლიფტთან, გაჩერებაზე, მაღაზიაში. ამ ყველაფერს არ ვაქცევთ ყურადღებას. ეს მცირე მოძრაობები უმნიშვნელო გვგონია. როდესაც სახლში ვიკეტებით, ეს ფუნდამენტალური ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა დაგეგმონ სწავლის რეჟიმი. ბავშვს ჰქონდეს ხშირი შესვენებები ეკრანთან ყოფნისას. მშობელმა უნდა დაგეგმოს ბავშვის აქტივობა გარეთ, რამდენადაც პანდემია იძლევა ამის საშუალებას.“
„სეირნობა, ველოსიპედით ან ფეხით გასეირნება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ასაკობრივი ჭრილებიც. 7-8 წლამდე მნიშვნელოვანია თამაში. ბავშვს როგორმე მოუწყვეთ სივრცე, სადაც ის ბევრს ითამაშებს. ამ ასაკში ბავშვი და მისი ძვალ-სახსროვანი სისტემა ვითარდება თამაშით. უფრო მოზრდილისთვის ეცადეთ დაგეგმოთ რაიმე სახის სპორტული აქტივობა. სასურველია ამაში მშობელიც ჩაერთოს, რადგან ეს პრობლემა უფროსებისთვისაც მნიშვნელოვანია. მართალია, ბავშვთა ორთოპედი ვარ, მაგრამ ასაკოვან ადამიანებსაც ვურჩევ, დაგეგმონ დრო ისე, რომ დღის განმავლობაში ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას გაისეირნონ. ეს მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ნინო ჭოლოკავა.