შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„საზამთრო უფრო გამოადგება მათ, ვინც არის გამხდარი, მასში არის უამრავი ფრუქტოზა,“- გიორგი ღოღობერიძე
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ პროდუქტების გლიკემიური ინდექსის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხილი და ბოსტნეული თავისი თვისებებით განსხვავებულია და მათი გლიკემიური ინდექსიდან გამომდინარე ზოგი მათგანი გამხდარი ადამიანებისთვისაა მეტად სასარგებლო, ზოგი კი - ჭარბწონიანთათვის:
„ყველა ხილი და ბოსტნეული განსხვავდება თავისი თვისებებით. ზოგიერთი ხილი ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, აწუხებს შაქრიანი დიაბეტი. არსებობს ხილი და ბოსტნეული, რომელიც უფრო კარგია მათთვის, ვინც არის გამხდარი და ფიზიკურად აქტიური. ამის შეფასების ერთ-ერთი პარამეტრი არის გლიკემიური ინდექსი.“
გიორგი ღოღობერიძის თქმით, ის პროდუქტები, რომლებსაც დაბალი გლიკემიური იდექსი აქვთ, ჭარბწონიანი ადამიანებისთვის არის კარგი:
„თუ გლიკემიური ინდექსი დაბალია, ნაკლებია 55-ზე, ამ პროდუქტებში არსებული ნახშირწყლები ეტაპობრივად შეიწოვება. ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, ან ჭარბწონიანია. მსგავსი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები არის: ვაშლი (36), ფორთოხალი 43 (50), ბანანი (51), მანგო (51), მარწყვი (49).“
„არსებობს საკვები, რომელიც ხასიათდება მაღალი გლიკემიური ინდექსით. როგორც კი შეჭამ მსგავს პროდუქტს, გლუკოზა რომელიც მასშია, მყისიერად აღმოჩნდება ჩვენს სისხლში. ასეთი საკვები ჭარბწონიანებს არ გამოადგებათ, ასევე არ გამოადგებათ მათ, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ გამოადგება მათ, ვინც არის ფიზიკურად აქტიური. ასეთი საკვები შეიძლება იყოს ანანასი (59), გოგრა (64). ამ კუთხით ლიდერი არის საზამთრო (76). მასში მართლაც ბევრი წყალია, მაგრამ მასში არის უამრავი ფრუქტოზა, ამიტომ საზამთრო უფრო გამოადგება მათ, ვინც არის გამხდარი და ფიზიკურად აქტიური. დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის დოზასაც. თუ მცირე რაოდენობით მიირთმევთ, მან შეიძლება არსებითი გავლენა არც იქონიოს,“ - აღნიშნულ თემაზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.