შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,საქართველოში, სამწუხაროდ, ,,გლანდების" ამოჭრა ჩვეულებრივ რუტინულ ოპერაციად იქცა ბავშვებში, რომელსაც თითქმის ყველას უკეთებენ, კლინიკები კი ,,ცეხებად" იქცნენ''
ექიმი ზაზა თელია ბავშვებში გლანდების ამოჭრის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში სამწუხაროდ ,,გლანდების" ამოჭრა ჩვეულებრივ რუტინულ ოპერაციად იქცა ბავშვებში:
,,საქართველოში სამწუხაროდ ,,გლანდების" ამოჭრა ჩვეულებრივ რუტინულ ოპერაციად იქცა ბავშვებში, რომელსაც თითქმის ყველას უკეთებენ, კლინიკები კი ,,ცეხებად" იქცნენ.
კლინიცისტის მიერ რეკომენდირებული უნდა იყოს დაკვირვებითი მოცდითი ტაქტიკა (watchful waiting approach) მორეციდივე ყელის ინფექციის დროს, თუ სახეზეა:
1. შვიდზე ნაკლები ეპიზოდი გასული წლის განმავლობაში,
2. ხუთზე ნაკლები ეპიზოდი წელიწადში გასული ორი წლის განმავლობაში,
ან
3. სამზე ნაკლები ეპიზოდი წელიწადში გასული სამი წლის განმავლობაში.
კლინიცისტის მიერ ტონზილექტომია რეკომენდირებული უნდა იყოს მორეციდივე ყელის ინფექციის დროს რომელიც არის:
1. სულ მცირე შვიდი ეპიზოდი გასული წლის განმავლობაში,
ან
2. სულ მცირე ხუთი ეპიზოდი წელიწადში გასული ორი წლის განმავლობაში,
ან
3. სულ მცირე სამი ეპიზოდი წელიწადში გასული სამი წლის განმავლობაში
+
ამასთან ერთად დოკუმენტურად, სამედიცინო ჩანაწერი თითოეულ ეპიზოდზე, რომ მას თან ახლავდა ჩამოთვლილთაგან სულ მცირე რომელიმე: ტემპერატურა >38.3°C-ზე, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, ტონზილარული ექსუდატი, ან დადებითი ტესტი A ჯგუფის beta-hemolytic streptococcus-ზე.
ტონზილექტომიის გამოსავალი:
რესპირატორული, ალერგიული და ინფექციური დაავადებების განვითარების გრძელვადიანი რისკების კავშირი - ბავშვებში ადენოიდების და ტონზილების ამოკვეთასთან - Association of Long-Term Risk of Respiratory, Allergic, and Infectious Diseases With Removal of Adenoids and Tonsils in Childhood.
ჩატარებულ იქნა კვლევა რომელშიც მონაწილეობდა 1.2 მილიონ ბავშვი, აქედან 17 460 შემთხვევა - ადენოტომია, 11 830 ტონზილექტომია და 31 377 ადენოტონზილექტომია.
კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ეს ქირურგიული ჩარევები დაკავშირებული იყო რესპირატორული, ალერგიული და ინფექციური დაავადებების განვითარების გრძელვადიანი რისკების მომატებასთან.
ეს კვლევა მიუთითებს ტონზილების, როგორც იმუნური სისტემის, ლიმფური ორგანოს მნიშვნელობაზე და აქედან გამომდინარე, ქირურგიული გზით მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებამდე (decision-making) გათვალისწინებულ უნდა იყოს გრძელვადიანი რისკები, ასევე ოპერაციის ჩვენება უნდა ეფუძნებოდეს 2019 წლის ტონზილექტომიისა და ადენოტომიის ჩატარების ჩვენების კრიტერიუმებს.
დღეისათვის სამწუხაროდ ეს ოპერაციები იქცნენ ,,ცეხურ ოპერაციებად", - აღნიშნავს ზაზა თელია.