შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
ხშირი გაციება ბავშვებში: როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს
ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში დაინტერესებული მშობლის კითხვას უპასუხა. დედა ღელავდა ბავშვის ხშირი ავადობის გამო და აღნიშნავდა, რომ მის 11 თვის შვილს გაციება და ბრონქიტი ხშირად აწუხებდა. ევგენი კომაროვსკის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
გაციება დაავადებაა, რომელიც ჰიპოთერმიასთან არის დაკავშირებული. ჩვილი ბავშვები, როგორც წესი, ჰიპოთერმიის რისკის წინაშე ნაკლებად არიან, შესაბამისად მათი ხშირი ავადობა გაციებასთან კავშირში არ არის. მათ როგორც წესი, ინფექციური ხასიათის ბრონქიტი ემართებათ. შესაძლოა, ინფექცია სახლში ბაღიდან დაბრუნებულმა უფროსმა ბავშვმა მოიტანოს.
ბავშვებში ხშირია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები. ვირუსულ ინფექციებს არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უმკურნალოთ ანტიბიოტიკებით. ნორმალური მკურნალობის შემთხვევაში მწვავე რესპირაციული დაავადებების ნუ შეგეშინდებათ. ყველაზე დიდი ზეწოლა ორგანიზმზე რესპირაციული ვირუსული ინფექციების წამლებით მკურნალობისას მოდის. ვირუსული ინფექციების მკურნალობისას მთავარია ბავშვს შეუქმნათ პირობები, რათა მან მინიმალური დანაკარგებით მოახერხოს დაავადებასთან გამკლავება. ბავშვს უნდა მიაწოდოთ ნაკლები საკვები და მეტი სითხე, სახლში შეინარჩუნოთ ზომიერი ჰაერის ტემპერატურა და გამოიყენოთ მარილიანი წყლის სავლები ცხვირისთვის.
სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, ბავშვების უდიდესი ნაწილი 4-5 დღეში გამოჯანმრთელდება. თუ მოთმინება და გონიერება გეყოფათ, რომ ბავშვებში მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს წამლებით არ უმკურნალოთ, სხვა არაფრის გაკეთება საჭირო არ არის. თუ ყოველი ინფიცირების დროს ბავშვს ანტიბიოტიკებს მისცემთ, მაშინ ნამდვილად დაგჭირდებათ დახმარება.
ნუ მიხვალთ იმუნოლოგებთან და ნუ მისცემთ ბავშვს ანტიბიოტიკს. თუ ექიმთან შეთანხმებას ვერ ახერხებთ, თავად იკითხეთ, გაეცანით ინფორმაციას, რა ტიპის დაავადებები არსებობს და როგორია მათი მკურნალობის წესი.