Baby Bag

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს ფილმი ძალიან ძვირფასი ფილმია, რომელიც მინდა, რომ ყველა ადამიანმა ნახოს,“ - ნათია ფანჯიკიძის რეკომენდაცია მშობლებს

„ეს ფილმი ძალიან ძვირფასი ფილმია, რომელიც მინდა, რომ ყველა ადამიანმა ნახოს,“ - ნათია ფანჯიკიძის რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვებში სიყვარულის დეფიციტის პრობლემაზე და მისგან გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრა:

​ადამიანი, რომელსაც სიყვარულის დეფიციტი აქვს, ემსგავსება ურჩხულს. რაც უფრო მეტად ემსგავსება ის ურჩხულს, მით უფრო ძნელი ხდება მისი შეყვარება. აქედან გამომდინარე ის უფრო საშინელ წრეზე მიდის. უნდა გაუმართლოს და გამოჩნდეს იშვიათი ადამიანი, რომელიც მას დიდი მოთმინებით გაჰყვება. რაც მთავარია, მხოლოდ მოთმინებაც არ კმარა. მთავარია გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც სწორად ამოიცნობს რა სჭირდება მას და ამოავსოს ეს ნაპრალი.“

ნათია ფანჯიკიძემ ყველას ურჩია ნახონ ფილმი „საოცრება,“ რომელიც აღმზრდელობით თემატიკაზეა:

​მე გაზიარებული მქონდა ფილმი, მგონი, „საოცრება“ ერქვა. ეს ფილმი მხატვრული თვალსაზრისით ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. მე ზოგადად ხელოვნებაში არ მიყვარს ნამდვილი ან ნამდვილთან მიმსგავსებული ამბები. ვთვლი, რომ ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს წარმოსახვას და ჯადოქრობას. ეს ფილმი ძალიან ძვირფასი ფილმია, რომელიც მინდოდა, რომ ენახა ყველა ადამიანს. არის ასეთი აღმზრდელობითი თემატიკა ფილმებშიც. ასეთი თემატიკა არის წიგნებშიც. ხელოვნებაში განვლილი ფსევდო განცდა ჩვენ გვიმუშავებს დამოკიდებულებას რაღაც ფაქტების მიმართ.“

„მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ველი, აღზრდა და გარემო, რომელშიც თქვენ ხართ. ძალიან მოქმედებს, თქვენს ოჯახში რა ითვლება ტრაგედიად, უბედურებად, რა დროს ეცოდებოდათ თქვენს დედას და მამას ადამიანი. მშობლების აღზრდა ყველაზე ძნელია, იმიტომ, რომ მშობლებს ძალიან უჭირთ შვილის დაბადება. მათ უნდათ, რომ სურვილები, რომლებიც თვითონ ვერ აისრულეს, თავს მოახვიონ შვილებს და განხორციელდნენ შვილში. მშობლებს აქვთ ილუზია, რომ შვილი არის მათი უკვდავება. ასეთი ზრუნვა, რომელიც მოითხოვს, რომ შენ იყო მშობლის ასლი, რეალურად არ არის ზრუნვა. ეს არის მშობლის მიერ განხორციელებული ვამპირიზმი. მას უნდა, რომ შენ მუდმივად იყო მის მუცელში. ეს არის ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემა. ​ზედმეტი ზრუნვა არის ვამპირიზმი გაფორმებული ზრუნვის სახელით. ზედმეტი ზრუნვა და ადამიანის დაინვალიდება არის ჩვეულებრივი ბოროტება და არაფერი საერთო არ აქვს სიყვარულთან. არასდროს ბავშვს არ უნდა გაუკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მას თვითონ შეუძლია,“- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

​წყარო 

წაიკითხეთ სრულად