Baby Bag

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ პრეპარატს უკვე ვადევნებთ თვალყურს, შესაძლოა, მალე მოხდეს მისი აღიარება და 2022 წელს გამოჩნდეს კლინიკური გამოყენებისთვის,“ - გიორგი კამკამიძე

„ამ პრეპარატს უკვე ვადევნებთ თვალყურს, შესაძლოა, მალე მოხდეს მისი აღიარება და 2022 წელს გამოჩნდეს კლინიკური გამოყენებისთვის,“ - გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ პრეპარატ მოლნუპირავირის ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა. აღნიშნული პრეპარატი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ახალი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელზეც კვლევები აქტიურად ტარდება:

„ამ პრეპარატს უკვე ვადევნებთ თვალყურს. ძალიან სასიამოვნოა, რომ კვლევის ადრეულ ეტაპზე მან აჩვენა ისეთი კარგი შედეგები, რომ ​შესაძლებელია, მალე მოხდეს ამ პრეპარატის აღიარება ამერიკის FDA-ს მიერ. შეიძლება ველოდოთ, რომ ეს პრეპარატი გამოჩნდება უკვე 2022 წელს კლინიკური გამოყენებისთვის. რა აჩვენა ძირითადად ამ პრეპარატმა? მისი გამოცდა მიმდინარეობდა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტებში. კვლევა იყო მიმართული იქითკენ, თუ რამდენს განუვითარდა მძიმე კოვიდი და რამდენი გარდაიცვალა. ეფექტი იყო 50 %-იანი რისკის შემცირება.“

გიორგი კამკამიძის თქმით, ანტივირუსულ პრეპარატებზე ფაიზერი და ასტრაზენეკაც მუშაობენ:

​პარალელურად მიმდინარეობს ფაიზერისა და ასტრაზენეკას კვლევები პრეპარატზე. ისინი ჩამორჩებიან დროში და არ არის დამაიმედებელი, რომ ახლო მომავალში მათ დაუშვებენ კლინიკური გამოყენებისთვის. თუ ისევ დავუბრუნდებით ჩვენ მიერ განხილულ პრეპარატს, ის არის ტაბლეტირებული ფორმით. აქამდე არსებული პრეპარატები იყო უკვე დამძიმებული პაციენტების მკურნალობისთვის. ეს არის ტაბლეტირებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება შედარებით ადრეულ ეტაპზე, ინფიცირებიდან მეხუთე-მეექვსე დღემდე.“

​ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები მოქმედებენ ვირუსის უჯრედის შიგნით ჩამოყალიბების გარკვეულ ეტაპებზე. ისინი ბლოკავენ ვირუსის გამრავლების გარკვეულ ეტაპს. რაც შეეხება პრეპარატს, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, მისი მოქმედებით ვირუსის ჩამოყალიბების პერიოდში ხდება შეცდომის დაშვება. შედეგად ყალიბდება არასიცოცხლისუნარიანი ვირუსი. მოლნუპირავირის მოქმედება სწორედ ეს არის,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი კამკამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად