Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ყველაფერს სხვას ვაბრალებ, ჩემი ფსიქიკა წყვეტს განვითარების გზას,“ - ზურა მხეიძე

„თუ ყველაფერს სხვას ვაბრალებ, ჩემი ფსიქიკა წყვეტს განვითარების გზას,“ - ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ წარმატებული კომუნიკაციისთვის გულწრფელობისა და ბუნებრივობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანს შეცდომა არ უნდა აშინებდეს:

​შეცდომის დაშვება არ არის პრობლემა. ადამიანები ვართ და შეცდომას აუდიტორია გვპატიობს. ჩვეულებრივი ამბავია, რომ რაღაც სიტყვა ისე ვერ გამოვთქვი. ბუნებრივი თუ ხარ, უკვე გულწრფელი ხარ. თუ ჩვენ ტექსტს ძალიან მაგრად გავმართავთ ურთიერთობაში, აი, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" რომ არის: რავა გაზეთივით მელაპარაკებიო, აი, ასეა. არ გეჩვენება, რომ სანდოა.“

ზურა მხეიძის თქმით, კომუნიკაციის შეფასების მთავარი კომპონენტი ადამიანებზე მისი ემოციური ზეგავლენაა:

„თუ ვლაპარაკობთ ურთიერთობაში გავლენებზე, თქვენი კომუნიკაცია უნდა შეფასდეს ემოციურ კომპონენტში, რა ემოციას აღძრავს იგი და არა რამდენად ტექნიკურად სწორად არის დალაგებული წინადადება. როგორ მოქმედებთ გარეთ? რადგან ემოციური ინტელექტი გინდათ და გსურთ, ვიღაცები მართოთ, გთხოვთ, რომ ორი რამ დაიმახსოვროთ: თუ რაღაც თქვენს ცხოვრებაში ისე არ გამოდის, როგორც თქვენ გინდათ, ​ეს არის თქვენი ბრალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ ჩემი ბრალი არ არის და მე ყველაფერს სხვას ვაბრალებ, ჩემი ფსიქიკა წყვეტს განვითარების გზას. თუ რაღაც არ გამომივიდა, მე უნდა ვიფიქრო, როგორ უნდა გამეკეთებინა ისე, რომ გამომსვლოდა.“

„როგორ დასკვნას ვაკეთებთ ხოლმე?! „ამას რა უნდა ველაპარაკო, იდიოტია.“ იდიოტი და უტვინო თუა, იმას თუ ვერ მართავ, ორჯერ იდიოტი გამოდიხარ, თუ შენი თავი ჭკვიანი გგონია. ამბობ, რომ შენ უფრო მაღლა დგახარ და ამ დროს ვერ მართე იმის სიტუაცია. ​როდესაც რაღაც არ გამომივიდა შვილთან, მეუღლესთან, სამსახურში უფროსთან, კოლეგასთან, ჩემი ფიქრი უნდა იყოს მიმართული აქეთკენ: რა დავაკელი? რა უნდა გამეკეთებინა სხვანაირად,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად