Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნებისმიერი მიხუტების შემთხვევაში ჩვენი და ბავშვის ტემპერატურა ემთხვევა, რაც იწვევს ჩახურებას,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

„ნებისმიერი მიხუტების შემთხვევაში ჩვენი და ბავშვის ტემპერატურა ემთხვევა, რაც იწვევს ჩახურებას,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის სწორად დაჭერისა და ჩვილის დასმის წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის დასმა მისი დაბადების დღიდანვე არის შესაძლებელი:

„რატომღაც ვადაც კი არის გამოყოფილი, რომ ექვს თვემდე ბავშვი არ უნდა დასვან. უბრალოდ მოცემულობაა ასეთი. არამარტო არასწორია, ეს ძალიან ცუდია ბავშვის განვითარებისთვის. ​ამით ჩვენ სტიმულს არ ვაძლევთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას. დღიდან დაბადებისა შესაძლებელია ბავშვის დაჯდომა. რა თქმა უნდა, ამას თავისი ტექნიკა აქვს. ეს არაფერ შუაში არ არის არც ხერხემლის გამრუდებასთან, არ შეიძლება ასეთი რამე მოხდეს.“

ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, პედიატრის შეფასების შემდეგ, თუ ბავშვი ჯანმრთელია, მის დაჯდომაზე შეზღუდვა არ არსებობს:

„პირველ რიგში, როდესაც შეაფასებს პედიატრი, ნეონატოლოგი, რომ ბავშვის კუნთთა ტონუსი, ანატომიური სტრუქტურები ყველაფერი ნორმაშია აბსოლუტურად, მაშინ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ბავშვის დაჯდომაზე. რა თქმა უნდა, დაჯდომას ხელშეწყობა უნდა. ეს არ ნიშნავს მიყუდებას. ბავშვი რომ მიყუდებული არ გყავთ, ​მისი კისრის სისტემა აქტიურად მუშაობს. ამ რეფლექსს ვერ ამუშავებ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მით უმეტეს, როდესაც საწოლზე წევს ბავშვი. ჩვენ ამ პოზით ვაძლევთ მას სწორ მიმართულებას, რომ ის, რაც მას თანდაყოლილად ჩადებული აქვს, გამოიყენოს სწორად.“

„ძალიან ხშირად ახალბედა დედებს აშინებენ რომ არ შეიძლება, კისერი ჩამოუვარდება, მოტყდება, მენჯები გაეღუნება და ა.შ. გენდერული დაყოფაც არის, რომ ბიჭები უფრო გვიან უნდა დასვან, ვიდრე გოგოები. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი რაღაც. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამხოლოდ მოტორული განვითარებისთვის, არამედ უბრალოდ ელემენტარულ ფიზიკას მოგახსენებთ. ნებისმიერი მიხუტების შემთხვევაში ჩვენი და ბავშვის ტემპერატურა ემთხვევა, რაც იწვევს ჩახურებას. ჩვენთვის ეს მოსახერხებელია, რადგან ხელში დიდხანს ჭერით ხელი გვეღლება. ჩვენთვის არის უფრო კომფორტული, რომ ბავშვი არის მოხუტებული. იღლიის ქვემოთ ხელები და ბეჭებთან ფიქსაცია არის სწორად დაჭერა. ბავშვი ნიავდება, არის კომფორტულად, გადახურება არ ხდება. მხრის სარტყელი და კისერი ბიოლოგიურად სწორად დგას. ბავშვი სმენით და მხედველობით აკონტროლებს გარემოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ბავშვის განვითარებისთვის, მისი სიმშვიდისთვის. როდესაც ვერ ვხედავთ არეალს და ვხედავთ მხოლოდ ერთ საგანს, ეს შემზღუდავია. ტარების დროს​ ვთხოვ ხოლმე მშობლებს, რომ ასევე ატარონ, მხოლოდ წინ გადახრილად, რომ მოძრაობისას მან დააფიქსიროს მოძრაობის პარალაქსი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად