Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლების საყურადღებოდ: ვაჩვენოთ ბავშვებს საქართველოს ხედები, ვატაროთ მუზეუმში,“- პედიატრი ყარამან ფაღავა

„მშობლების საყურადღებოდ: ვაჩვენოთ ბავშვებს საქართველოს ხედები, ვატაროთ მუზეუმში,“- პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ კულტურული კოდის განვითარებისა და საქართველოში განათლების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ყველაზე მტკივნეული ამბავი არის მიგრაცია. თუ მშიერი კვდები, თუ თავის რეალიზაციას ვერ ახდენ, თუ მოსაკლავად მოგსდევენ, უნდა წახვიდე. ვინც მიდის უცხოეთში, ყველას უნდა შინაგანად დაბრუნება. კულტურული კოდის გაღვივებაა საჭირო. ჩანერგვა, ჩაბეჭვდაა საჭირო.“

ყარამან ფაღავამ მშობლებს ურჩია შვილებს ქართული ლიტერატურა უკეთ გააცნონ:

„ავიღოთ აკაკი წერეთლის გამზრდელი. აკაკის გამზრდელს რომ წაიკითხავს ბავშვი 13-14 წლის ასაკში, სამუდამოდ ჩაიბეჭდება მის ტვინში, რომ მეგობრის ცოლთან საქმის დაჭერა „ვაშინერს.“ ისეთი საშინელებაა, რომ თქმაც არ შეიძლება. „იავნანამ რა ჰქმნა,“ ​„ვეფხისტყაოსნის“ მაქსიმები, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები - ეს იბეჭდება და იბეჭდება.“

„მშობლების საყურადღებოდ: ვაჩვენოთ ბავშვებს საქართველოს ხედები, ვატაროთ მუზეუმში, მოვასმენინოთ მუსიკალური ჰანგები. ხელოვნება უნდა იყოს შინაარსით ეროვნული და ფორმით იყოს საერთაშორისო. კულტურული კოდი არ არის გაყინული რამ. ამას განვითარება და მხარდაჭერა ესაჭიროება, შრომა უნდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, შრომა უდიდესი სიქველეა. როდესაც ამბობენ, რომ ქართველები ზარმაცები არიან, არ ვეთანხმები. როგორ სვეტიცხოველი და კაცხი მონებმა აგვიშენეს?! მეტი, მეტი შრომაა საჭირო, განათლება და ცოდნა აქვს ჩვენებს, მაგრამ შრომის გარეშე ამის ფასი იკარგება,“- აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად