Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი 8-12 თვიდან იწყებს ჩვენით მანიპულირებას,“ - ბავშვთა ფსიქოლოგი ანუკა მეუნარგია

„ბავშვი 8-12 თვიდან იწყებს ჩვენით მანიპულირებას,“ - ბავშვთა ფსიქოლოგი ანუკა მეუნარგია

ბავშვთა ფსიქოლოგმა ანუკა მეუნარგიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვებისთვის „არას“ თქმის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვი 8-12 თვიდან იწყებს ჩვენით მანიპულირებას. პატარა როდესაც არის მისთვის ჩვეული კომუნიკაციის გზა არის ტირილის ფორმა. 8-12 თვიდან ბავშვი ხვდება, რომ მისი ტირილი ჩვენზე ზეგავლენას ახდენს. ბავშვისთვის ყველა სურვილის დაკმაყოფილება არ არის სწორი. ცხოვრებისეულად რაღაც ლიმიტები გვაქვს. ყველა სურვილი შეიძლება არ იყოს ბავშვის უსაფრთხოებისთვის სასარგებლო. ბავშვური სურვილების დაკმაყოფილებისას, შესაძლოა, ბავშვს მოზარდობაში ფრუსტრაციასთან გამკლავების სირთულე ჰქონდეს.“

ანუკა მეუნარგიას თქმით, როდესაც ბავშვი არასდროს შეჯახებია სიტყვა „არას,“ მას უჭირს უარის მიღებასთან შეგუება:

„როდესაც ბავშვი არასდროს შეჯახებია სიტყვა „არას“, როდესაც ესმის არა, ეს მისთვის პირველი გამოცდილებაა. შეიძლება, მას გაუჭირდეს ამ სიტყვის გაგონებასთან გამკლავება და ამ პერიოდში დაიწყოს გარემოში მანიპულაციური ქცევა. შესაძლოა, მან ძალადობრივი ქცევაც განახორციელოს.“

„ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ოჯახში გვაქვს წესი და ამ წესის შესრულების შემდეგ შემიძლია მივიღო რაღაც. ჩემი გარემო უნდა იყოს წინასწარმეტყველებადი. ამ შემთხვევაში მშობელი არის ავტორიტეტი. ბავშვი, რომელიც ხედავს, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მასზე ბევრი პასუხისმგებლობა გადადის და იმატებს მისი შფოთვის დონე. ის უფრო ჭირვეული შეიძლება გახდეს,“- აღნიშნულ საკითხზე ანუკა მეუნარგიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად