Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სწრაფად შემცირებული არტერიული წნევა ხშირად ბევრად უფრო სახიფათო აღმოჩნდება, ვიდრე მაღალი არტერიული წნევა,“ - ზურაბ ფაღავა

„სწრაფად შემცირებული არტერიული წნევა ხშირად ბევრად უფრო სახიფათო აღმოჩნდება, ვიდრე მაღალი არტერიული წნევა,“ - ზურაბ ფაღავა

კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ ​არტერიული წნევის რეგულირებისთვის წყლის სათანადო რაოდენობით მიღებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წყალი ადამიანს არ ასუქებს და მისი მიღებისგან თავი არ უნდა შევიკავოთ:

„ახალგაზრდა ქალბატონები წყალს არ სვამენ იმის შიშით, რომ გასუქდებიან. ეს არ მოხდება. წყალი ადამიანს არ ასუქებს. წყალი ადამიანს ამძიმებს. სასწორზე რომ დადგებით ერთი ლიტრი წყლის მიღების შემდეგ, ერთი კილოგრამით მეტი იქნებით. წყალი ცხიმად არ გარდაიქმნება. 24 საათის განმავლობაში, როდესაც თირკმელი კარგად მუშაობს, თქვენ დარჩებით იმავე წონაზე.“

ზურაბ ფაღავას თქმით, დაბალი არტერიული წნევის მიზეზი შეიძლება იყოს წყლის არასათანადო რაოდენობით მიღება:

„როდესაც წნევა არის 90:60, ეს ისეთივე ჯანმრთელი ადამიანია, როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს წნევა 110 :70. მეორეა, როდესაც ვითარდება ისეთი სიტუაცია, როდესაც წნევა ხდება არასაკმარისი იმისთვის, რომ სისხლით მომარაგდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები: თავის ტვინი, გული, თირკმელები. ამას, რა თქმა უნდა, ყურადღების მიქცევა უნდა. ამას შეიძლება ჰქონდეს შედარებით მარტივი მიზეზი, ეს არის წყლის არასათანადო რაოდენობით მიღება. თუ დაიწყებთ ნორმალურად წყლის მიღებას, ყველაფერი გაივლის. შეიძლება ამას ჰქონდეს უფრო სერიოზული მიზეზი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ​გულის სერიოზული დაავადება.“

„როდესაც სიმპტომები არის იმის, რომ ორგანოებს აკლია ჟანგბადი, ეს ვლინდება თავბრუსხვევაში, არის დაბურული ცნობიერება, ამ დროს უნდა მიმართოთ ექიმს. კოფეინი ნერვული სისტემის სტიმულატორია, ის უკეთესად გაგხდით, მაგრამ შემდეგ ხდება საპირისპირო. გაჩნდება მიჩვევა კოფეინის მიმართ.  ​სწრაფად შემცირებული არტერიული წნევა ხშირად ბევრად უფრო სახიფათო აღმოჩნდება, ვიდრე მაღალი არტერიული წნევა. როდესაც წნევის მომატების შემთხვევაში იწყება პანიკური რეაქცია, პაციენტი იღებს წამლებს წნევის დასაქვეითებლად, არ ქვეითდება წნევა, ის კიდევ ღებულობს წამლებს. არ ელოდება წამლის ეფექტს. საბოლოოდ წნევა ვარდება. ეს დავარდნილი წნევა შეიძლება გახდეს იშემიური ინსულტის მიზეზი, მაშინ, როდესაც ის წნევა, რის გამოც ის ამას აკეთებდა, თავისთავად გადაივლიდა რაღაც დროის განმავლობაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ ფაღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.

წყარო: ​„ანატომია“

წაიკითხეთ სრულად