Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორც ექცევი მშობელს, როგორი დამოკიდებულებაც გაქვს მის მიმართ, ზუსტად ისე გექცევა მერე შენი შვილი,“ - მამა საბა ჭიკაიძე

„როგორც ექცევი მშობელს, როგორი დამოკიდებულებაც გაქვს მის მიმართ, ზუსტად ისე გექცევა მერე შენი შვილი,“ - მამა საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მშობლების პატივისცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობლის კურთხევა ადამიანისთვის ღმერთის კურთხევის მსგავსია:

„ძველი აღთქმა გავიხსენოთ, როგორ იქცეოდნენ ჩვენი მამამთავრები, როგორი პატივისცემა ჰქონდათ მათ მშობლის. მშობელს, როგორც უფალს, ისე ექცეოდნენ და ისე უყურებდნენ, საოცარი კრძალვა და მოწიწება ჰქონდათ მათ მიმართ. მშობლის კურთხევა პირდაპირ ღმერთის კურთხევაა. ეს მინდა, რომ იცოდეს ყველამ. როდესაც ახალგაზრდები მოდიან ხოლმე ჩემთან, ერთმანეთი უყვართ, დაოჯახება უნდათ, ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რასაც ვეკითხები ხოლმე არის, მშობლები რას ფიქრობენ მათ ამბავზე. შენ თუ გინდა, რომ ბედნიერი ოჯახი შექმნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობელი როგორ უყურებს ამ ურთიერთობას. რატომ უნდა იყოს მშობელი წინააღმდეგი? ე.ი. რაღაც ისეთს ხედავს, რაც შენ შეიძლება გამოგეპაროს მხედველობიდან. მას მეტი გამოცდილება აქვს.​ ყველაზე მეტი კეთილისმყოფელი ვინ არის შენი? მშობელი არ არის?!

მამა საბა ჭიკაიძის თქმით, თუ ადამიანს სურს შვილებისგან პატივისცემა და სიყვარული მიიღოს, მან მათ შესაბამისი მაგალითი უნდა მისცეს:

„როგორ შეიძლება შენ მშობლის აზრი არ გაითვალისწინო? მშობლის პატივისცემა უაღრესად მნიშვნელოვანია. მცნებაში გვიწერია პირდაპირ, თუ გინდა დღეგრძელი და ბედნიერი იყო ამქვეყანაზე, მშობელს პატივი ეციო. მინდა შევახსენო ყველას, ცოდვას ბუმერანგის პრინციპი ახასიათებს. რასაც დასთეს, იმას იმკი აუცილებლად.თუ გინდათ, რომ ​თქვენი შვილებისგან პატივისცემა და სწორი დამოკიდებულება მიიღოთ, თვითონ დათესეთ უპირველეს ყოვლისა ეს სიყვარული და პატივისცემა თქვენი მშობლების მიმართ.“

„როგორც ექცევი ადამიანი მშობელს, ​როგორი დამოკიდებულებაც გაქვს მშობლის მიმართ, ზუსტად ისე გექცევა მერე შენი შვილი. როგორც ორჯერ ორი არის ოთხი, ზუსტად ასე მუშაობს ეს პრინციპი. ამიტომაც ამბობს უფალი, შენ ხომ გინდა, რომ იყო ბედნიერი და დღეგრძელი, პატივი ეცი მშობელსო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლის პატივისცემა გვქონდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მამა საბა ჭიკაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“


წაიკითხეთ სრულად