Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენი საინფორმაციო სივრცე გეუბნება: „შანსი არ გაქვს!“ ის იძლევა იმპულსს აგრესიისკენ ან სასოწარკვეთისკენ,“ - ზურაბ მხეიძე

„ჩვენი საინფორმაციო სივრცე გეუბნება: „შანსი არ გაქვს!“ ის იძლევა იმპულსს აგრესიისკენ ან სასოწარკვეთისკენ,“ - ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ მედიაში მოჭარბებული ნეგატიური ინფორმაციის ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნეგატიური ინფორმაცია ადამიანს ისევე აზიანებს, როგორც დაბინძურებული ჰაერი, ნიადაგი და წყალი:

​თითოეულ ადამიანს საინფორმაციო საშუალება სულ თან დააქვს. ეს არის გარემო, რომელიც ჩვენ უკვე გარს გვახვევია. ჩვენ მივედით იმ შეგნებამდე, რომ ჰაერი არ უნდა დაბინძურდეს, გვაქვს თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო კამპანია, ხოლო საინფორმაციო გარემოზე პრაქტიკულად არავინ არ საუბრობს. ემოცია, რომელიც აღიძვრება ადამიანში დაკავშირებული უნდა იყოს ორგანიზმში ბიოქიმიურ ცვლილებებთან. არის ბედნიერების ჰორმონი, სტრესის დროს კორტიზოლის ჭარბი გამოყოფა ხდება, აგრესიის დროს - ადრენალინის. ამის ჭარბი გამოყოფა ცვლილებებს იწვევს ადამიანში. ვერაფრით ვერ ვიფიქრებ, რომ დაბინძურებული წყალი, ჰაერი და ნიადაგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს საკითხი, რომელსაც ჩვენ ვსვამთ.“

ზურაბ მხეიძის თქმით, ნეგატიური ინფორმაცია ადამაიანში აგრესიისა და განრიდების იმპულსებს აღძრავს:

„იურისტებს აქვთ მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანის, მაგრამ არ გვაქვს მუხლები ინფარქტამდე მიყვანის, ინსულტამდე მიყვანის. თორმეტი დაავადება არსებობს, რომელიც ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად ჩნდება. რას აკეთებს ნეგატიური ინფორმაცია? ის ორ იმპულსს აღძრავს: ​ერთი იმპულსია აგრესია და მეორე არის განრიდება. ნეგატიური ინფორმაციის მუდმივი მოსმენა იწვევს იმედგაცრუებას. ჩვენი საინფორმაციო სივრცე გეუბნება: „შანსი არ გაქვს.“ ის არ იძლევა იმპულსს ქმედებისკენ, იძლევა იმპულსს აგრესიისკენ ან სასოწარკვეთისკენ.“

„საინფორმაციო სივრცეში არის ტოტალური ნეგატივი. მე ვამბობ, რომ ძალიან ჭარბი ნეგატივია. არ გადმოიცემა ინფორმაცია, რა ხდება მსოფლიოსა და საქართველოში კარგი. როდესაც ძალიან მცირე დოზით პოზიტივია, როგორ ფიქრობთ, რა განწყობაზე დადგება ადამიანი? აღმოჩნდა, რომ ვინც ხუთი წლის წინ უყურებდა საინფორმაციო გადაცემებს, 63 % აღარ უყურებს. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური თავდაცვითი რეაქცია. ე​ს ბავშვებზე ახდენს სერიოზულ გავლენას. ყველაზე მოწყვლადი ბავშვები არიან. როდესაც მე სახლიდან გამოსვლისას მოვისმინე ნეგატიური ინფორმაცია, ეს ინფორმაცია დამავიწყდა, მაგრამ მთელი დღე ვარ ცუდ ხასიათზე,“ – აღნიშულ საკითხზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად