Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ მეხსიერება სწორი კვებით?

როგორ შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ მეხსიერება სწორი კვებით?

როგორ შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ მეხსიერება სწორი კვებით? - ამ თემაზე ექიმმა რეზიდენტმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემა „მთავარ დიაგნოზში“ ისაუბრა.

„მეხსიერების პრობლემები უამრავმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს. მათი ნაწილი არ იკურნება, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება. ზოგიერთი მათგანი შეიძლება მარტივი რჩევებით მოვაგვაროთ და მეხსიერება არამარტო შევინარჩუნოთ, ასევე გავაუმჯობესოთ კიდეც. 

რა იწვევს მეხსიერების მოშლას:

1. ვიტამინი B12-ის ნაკლებობა

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვიტამინი B12 მნიშვნელოვანი ვიტამინია უშუალოდ ნერვული ქსოვილისთვის. ის სჭირდება ჩვენს ნეირონებს. მისი ნაკლებობის პირველი ნიშნები შეიძლება იყოს მეხსიერების მოშლა, ადამიანი ვეღარ იმახსოვრებს, ვეღარ იხსენებს. ასევე მას შეიძლება ჰქონდეს დაღლილობის განცდა, საერთო სისუსტე. ასევე შეიძლება იყოს თავის ტკივილი. ვიტამინ B12-ის ნაკლებობა ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია მეხსიერების მოშლის. როგორ მოვაგვაროთ, როგორ შევივსოთ ეს ვიტამინი? ძალიან მარტივი მიდგომაა - ჩვენ უნდა მივიღოთ ის საკვები, რომლებიც შეიცავს ვიტამინ B12-ს. მას შეიცავს: ღვიძლი, ხორცი, კვერცხი, რძე - ცხოველური პროდუქტები. ამიტომ თუ ჩვენ მათ მივიღებთ დროულად, განსაკუთრებით, ასაკთან ერთად, რადგან 60 წელს ზევით ადამიანებს ძალიან უჭირთ ამ ვიტამინის შეთვისება.

2. იოდის ნაკლებობა

გარდა ვიტამინ B12-ისა, მეხსიერების მოშლა შეიძლება გამოწვეული იყოს, იოდის ნაკლებობითაც. როდესაც ჩვენს ორგანიზმში ფარისებრივი ჯირკვალი არ მუშაობს და მისი აქტივობა ქვეითდება, ვითარდება დაავადება - ჰიპოთირიოზი. ეს დაავადება, როგორც წესი, გამოწვეულია ავტოიმუნური მექანიზმებით, მაგრამ ზოგჯერ მისი მიზეზი არის ის, რომ ადამიანი არ იღებს საკმარისი რაოდენობით იოდს. ამ დროს ვითარდება იოდდეფიციტური ჰიპოთირიოზი. ყველაზე კარგი გზა იოდის შესავსებად არის იოდიზირებული მარილი. საკვების მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ არა ჩვეულებრივი მარილი, არამედ იოდიზირებული. შეიძლება ასევე გამოვიყენოთ სხვა ალტერნატივები - ეს შეიძლება იყოს ზღვის პროდუქტები, მათ შორის, თევზი ტუნა.

3. მძიმე მეტალებით მოწამვლა

მეხსიერების მოშლა შეიძლება გამოწვეული იყოს მძიმე მეტალებითაც. მძიმე მეტალები ჩვენ გარშემო ძალიან ბევრია - ტყვია, დარიშხანი, ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ქრომი... მაგრამ ჩვენს რეალობაში, ყველაზე მავნე, ახლა რაც არის გავრცელებული, არის ტყვია. იგი ყველგან არის - ნიადაგში, ჰაერში, სასმელში, საკვებში. თითქმის ყველგან გვხვდება ტყვია, მათ შორის, საღებავებში. ამიტომ იგი არის სერიოზული პრობლემა. ტყვია ჩვენს ორგანიზმში ძალიან მავნედ მოქმედებს ნეირონებზე და იწვევს მათ დაზიანებას, პირველ რიგში, მისი ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის მეხსიერების მოშლა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტყვიას თავი ავარიდოთ. როგორ? - ძალიან მარტივად. ყოველი კვების წინ ხელი უნდა დავიბანოთ. როდესაც ვეხებით რაღაცას, მასზე არსებული ტყვია ჩვენს კანზე ხვდება და მერე უკვე იქიდან ხვდება ჩვენს პირის ღრუში, ჩვენს სხეულში. ამიტომ ხელის დაბანა ძალიან კარგი პრევენციაა ტყვიით ინტოკსიკაციის წინააღმდეგ. გარდა ამისა, შეიძლება იყოს ნიადაგიდან აღებული პროდუქტების გარეცხვა და ისე მიღება. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა ონკანს მოვუშვებთ, ეგრევე არ შევავსოთ ჭიქა წყლით, ცოტა ვადინოთ წყალი იმიტომ, რომ თუ ონკანის მილები ძველია და უშუალოდ ტყვიისგანაა ფორმირებული, ამ შემთხვევაში ტყვია დალექილია მასში და როგორც კი მოვუშვებთ, ეგრევე ჩვენს ჭიქაში გროვდება და ვიღებთ დიდი რაოდენობით.

4. მარტივი ნახშირწყლები

მარტივ ნახშირწყლებს შეუძლიათ მეხსირების გაუმჯობესება. თუ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიღებთ მარტივ ნახშირწყლებს, გლუკოზის რაოდენობა სხეულში იზრდება. იზრდება სისხლის ტონურობა და საბოლოო ჯამში ეს მავნედ მუშაობს ნეირონებზე. გარდა ამისა, ხელი ეწყობა შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის განვითარებას ჭარბწონიანობასთან ერთად. მარტივ ნახშირწყლებზე უარის თქმით და მათი ჯანსაღი პროდუქტებით ჩანაცვლებით, ჩვენ შეგვიძლია შევიმციროთ შაქარიანი დიაბეტის რისკი და მეხსირების გაუარესების ალბათობა.

5. ალკოჰოლი

მეხსიერების მოშლა შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლითაც. იგი გამოხატეული ნეიროტოქსინია. მასზე უარის თქმით ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ მეხსიერება. თუ ჩვენ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი ვართ, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს ნერვულ ქსოვილზე, მაშინ ყველაზე იდეალური საკვები, შეიძლება იყოს თევზი. იგი უშუალოდ არის ტვინის საკვები. თევზი შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს. ჩვენი თავის ტვინის ქსოვილის რუხი ნივთიერების 60% ცხიმია და ამ ცხიმის უდიდესი ნაწილი არის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები. მათი მიღება შეიძლება სწორედ რომ თევზიდან. სხვათა შორის, აღმოჩნდა, რომ დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა. ამიტომაც არის, რომ დეპრესიისა და მეხსიერების მოშლის დროს თევზი შეიძლება იდეალური საკვები იყოს. გარდა თევზისა, ჩვენ ასევე გვაქვს სხვა ალტერნატივები. რა შეიძლება იყოს კიდევ კარგი საკვები უშუალოდ თავის ტვინის ქსოვილისთვის, რომ გავზარდოთ მეხსირება? - ეს შეიძლება იყოს მოცვიც. ის შეიცავს ძალიან ბევრ ანთოციანს. ეს არის ანტიოქსიდანტი, ის იცავს ჩვენს ნეირონებს დაზიანებისგან. გარდა მოცვისა, შეიძლება იყოს გოგრის თესლი. მასში ძალიან ბევრი სასარგებლო მეტალია, მათ შორის, თუთია, რომელიც ხასიათდება ანტიოქსიდანტური აქტივობით და იცავს ჩვენს ნეირონებს დაზიანებისგან. ეს შეიძლება იყოს ასევე შავი შოკოლადი. მასში ძალიან ბევრი ფლაუნოიდია, ანტიოქსიდანტია. საბოლოო ჯამში, ყველაზე კარგი საკვები შეიძლება იყოს კვერცხი. მასში ძალიან ბევრია B ჯგუფის ვიტამინები. ჩვენს ნერვულ სისტემას ყველაზე მეტად სჭირდება B ჯგუფის ვიტამინები. ეს შეიძლება იყოს: B6, B9, B12, B1. ნებისმიერი B ჯგუფის ვიტამინი შეიძლება გამოადგეს ნერვულ ქსოვილს. ამიტომ ეს ყველა ვიტამინი უნდა მივიღოთ და მათი ყველაზე კარგი წყარო სწორედ რომ კვერცხია. იგი ასევე შეიცავს ქოლინსაც, რომელიც სჭირდება ჩვენს ნერვულ ქსოვილს, რომ წარმოქმნას მედიატორი ნეირონებს შორის ურთიერთობისთვის და ამ მედიატორს ჰქვია აცეტილქოლინი.

ჩვენ შეგვიძლია მეხსიარების პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​„მთავარი დიაგნოზი“

წაიკითხეთ სრულად