Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამი წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს ჯგუფური თამაში და ნივთების გაზიარება,“- ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი

„სამი წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს ჯგუფური თამაში და  ნივთების გაზიარება,“- ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი

ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც ბავშვები გაზიარებისა და ჯგუფური თამაშის უნარების ათვისებისას აწყდებიან. მან აღნიშნა, რომ დასწავლის პროცესში მშობლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია:

„ნელ-ნელა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი კვლავ პატარაა, ის აღიქმება, როგორც ოდნავ მოზრდილი ან დიდი, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ამ დიდობას აქვს თავისი პლუსები და „მინუსები.“ მინუსი გახლავთ ის, რომ მან უნდა დაიწყოს სხვა თანატოლებთან ურთიერთობა, რომლებსაც მისი სათამაშო მოსწონთ ხოლმე. მან უნდა ისწავლოს, როგორ უნდა გაუყოს ეს სათამაშო სხვას. გაყოფის პროცესში ბავშვების უმეტესობა აწყდება პრობლემას, რომ არ უნდა სათამაშოს გაცემა, იმიტომ, რომ ეს მისი კუნთვნილი ნივთია. ​სწორედ აქ არის უფროსის როლი ძალიან მნიშვნელოვანი.“

ნატა მეფარიშვილმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებსაც მშობლები ბავშვის ჭირვეული ქცევის გამოვლენისას უშვებენ:

„უფროსი, რომელიც იქვეა უნდა ჩაერთოს პროცესში,​ სანამ ბავშვი ისწავლის, რომ განაწილება პრობლემა არ არის. ის, რომ ბავშვმა სათამაშო მიაწოდა ვიღაცას და ცოტა ხნით უნდა დააცადოს, რომ ხელში ჰქონდეს, არის მნიშვნელოვანი. ხშირია ხოლმე, რომ ამ აურზაურში მშობლები ისევ გამოართმევენ გაცემულ სათამაშოს, ამშვიდებენ სათამაშოთი ატირებულ ბავშვს, რომელიც ფეხებს აბაკუნებს. ეს იწვევს იმ ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას, რომ თუ ფეხს დავაბაკუნებ და მუშტებს დავაბრახუნებ, თავს კარგად დავიმკვიდრებ.“

ნატა მეფარიშვილის თქმით, ორი წლის ასაკში ბავშვს საკუთარი მოთხოვნების სწორად გამოხატვა არ შეუძლია, რაც მან ნელ-ნელა უნდა ისწავლოს:

„ორი წლის და ორი თვის ასაკში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო მქონდეს მე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ვთამაშობ, მე ვიყო ლიდერი, ყურადღება მომაქციონ, როდესაც ვითხოვ. რადგან არ ვიცი ადეკვატურად გამოხატვა ჩემი მოთხოვნების, ​ვიწყებ ისეთი ქცევის გამოვლენას, რომელსაც აგრესიულს ვეძახით და მარტივად იქცევს ყურადღებას. სასურველია, რომ უფრო პოზიტიური ქცევები: განაწილების ქცევა, რიგის დალოდების ქცევა ჩვენს შვილებს კარგად ავუხსნათ. თუ ბავშვი სხვას არ გადასცემს ამ სათამაშოს, გამოვართვათ და ვუთხრათ: „ახლა ჩვენ სათამაშოს ცოტა ხნით ვათხოვებთ.“

„ორი წლის და ოთხი თვის რომ იქნება ბავშვი, ნელ-ნელა ეს უნარი უნდა ჩამოვუყალიბოთ. ​სამი წლის ასაკში მას უნდა შეეძლოს ჯგუფური თამაში, ნივთების გაზიარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც მოგვიანებით მომიწევს თანამშრომლებთან გუნდური და ჯგუფური მუშაობა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მე ეს არ გამომდის. რომ დავფიქრდები, მივხვდები, რომ ბავშვობაში რაღაც ისე არ იყო, როგორც საჭირო იყო,“ – ნატა მეფარიშვილმა აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად