Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„იქ, სადაც ბავშვი ურჩობს, ვიღაც აქეზებს მას: არ დაემორჩილო,“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

„იქ, სადაც ბავშვი ურჩობს, ვიღაც აქეზებს მას: არ დაემორჩილო,“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის ცხოვრებაში მორჩილების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ურჩობა ადამიანის ინფლაცია და ამპარტავნებაა:

„ცხოვრებისადმი მორჩილება კარგია, რა თქმა უნდა. ურჩი ადამიანი იღუპება მერე. ​ამპარტავნებაა დაუმორჩილებლობა. ურჩობა ადამიანის ინფლაციაა. ვინც ამბობს: „ყველაფერი შემიძლია, მერე რა,“ ის იღუპება. ინფლაციის შემდეგ ვინ გადარჩენილა?! შენ რეალობას წყდები და ეცემი მერე. ინფლაციის დროს შენ შენს თავზე არაადეკვატურად დიდი წარმოდგენა გაქვს.“

რეზო კორინთელმა აღნიშნა, რომ ბავშვის ურჩობის მიზეზი ხშირად უფროსების მხრიდან წაქეზებაა:

„შოპენჰაუერი ამბობდა, ტანჯვას ატმოსფერული წნევის დანიშნულება აქვსო. თორემ ადამიანი იმხელაზე გაიბერებოდა, გასკდებოდა. ამიტომ ტანჯვა თავში ურტყამს: „შენ არ ხარ ეს.“ არაადეკვატურია ადამიანმა იფიქროს, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ​მორჩილება კანონისადმი, მორჩილება თამაშის წესებისადმი აუცილებელია. ჩოგბურთელი ემორჩილება თამაშის წესებს, თუ არა?! ოთხი წლის ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს თვითონ?! იქ, სადაც ბავშვი ურჩობს, ვიღაც აქეზებს მას: არ დაემორჩილო. დედა უკრძალავს, მამა ეუბნება: „არაუშავს, გააკეთე!“ იქ არის ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება და ბავშვს იყენებენ ჩოგბურთის ბურთივით.“

რეზო კორინთელმა განმარტა, რომ ის ბრმა მორჩილებაზე არ საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს მშობელმა უნდა ასწავლოს ცხოვრების კანონენის მორჩილება, რაც მას გამარჯვებამდე მიიყვანს:

„მე არ მითქვამს ბრმა მორჩილება. ​ბავშვს უნდა ასწავლო, რომ შენ კანონებს, ცხოვრების წესებს უნდა დაექვემდებარო, თუ გინდა გამარჯვება. თუ ამას არ დაექვემდებარები წააგებ. უნდა ანახო ბავშვს, რომელია ეს წესები.“

„რატომ არ უნდა დაემორჩილო მამას?! ის სიყვარულით გეუბნება, როგორ ჭამო, როგორ შეგერგოს. ექიმი რომ გეუბნება, ეს არ გააკეთო, ის გააკეთე, თორემ გაწყენს, რატომ უნდა გავაკეთო ეს?! ​რატომ გგონია, რომ მამა გინერგავს რაღაცას და გთრგუნავს. მოსიყვარულე მამა გასწავლის ცხოვრებას. შეიძლება მამა ცდებოდეს, შეიძლება ექიმიც ცდებოდეს, წამალს ხომ სვამთ, რა იცით, რომ ექიმი სწორია? რომ ამოწმებთ, ეს არის უნდობლობა. ნეგატიური არ არის მორჩილება,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად