Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვერც ბებია და ვერც ძიძა ვერ ანაცვლებს მშობელთან ურთიერთობას,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

„ვერც ბებია და ვერც ძიძა ვერ ანაცვლებს მშობელთან ურთიერთობას,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა ბავშვის აღზრდაში მშობლის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორივე მშობლის როლს შვილის ცხოვრებაში:

„ბავშვს სასურველია ზრდიდეს ორივე მშობელი. უამრავი კვლევა არსებობს, თუ რატომ არის ეს სასურველი. კვლევებით მტკიცდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. ზრდასრულ ასაკში ბავშვის აკადემიურ მიღწევაზე გავლენას ახდენს უფრო დედასთან ურთიერთობა, ხოლო ​ემოციურ ჩამოყალიბებაზე - მამასთან ურთიერთობა. ბავშვის აღზრდასთან მიმართებაში მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, თუ მშობლები აღზრდაში აქტიურად ვერ მონაწილეობენ, სასურველია ეს როლი ბებია-ბაბუამ იტვირთოს:

„იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა არ არის, სასურველია ბებია და ბაბუა იღებდნენ მონაწილეობას აღზრდაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ბებია-ბაბუა ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში, უკვე გადავდივართ ძიძაზე. რა თქმა უნდა, ​ვერც ბებია და ვერც ძიძა ვერ ანაცვლებს მშობელთან ურთიერთობას.“

„ძალიან ​მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა დღეში ერთი საათი მაინც გამოყოს კონკრეტულად ბავშვთან ურთიერთობისთვის. ეს დრო უნდა გამოვყოთ არა ჯგუფური აქტივობებისთვის, არამედ კონკრეტულად „მე და ჩემი შვილი.“ ეს ურთიერთობა სასურველია, რომ იყოს ყოველდღიურად დღეში ერთი საათი მაინც,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა Music Box-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Music Box

წაიკითხეთ სრულად