Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენ ხანს ეყოფა ადამიანს ორჯერადი აცრის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი? - მაია ბუწაშვილის პასუხი

რამდენ ხანს ეყოფა ადამიანს ორჯერადი აცრის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი? - მაია ბუწაშვილის პასუხი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ორჯერადი ვაქცინირებით ჩამოყალიბებული იმუნიტეტის განლევის ვადებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისრაელის მაგალითზე 6-8თვის შემდეგ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში იმუნიტეტის განლევა მოხდა:

„ისრაელის მაგალითი უკვე გვაქვს ჩვენ, რომ ​6-8 თვის შემდეგ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში მოხდა იმუნიტეტის განლევა. მათ შესთავაზეს მესამე ბუსტერ დოზა. ამას უკავშირდებოდა ისრაელის ტალღა. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. მესამე დოზით ცრიან 6-8 თვის წინ აცრილებს, მხოლოდ მასიურად არა, აქ უფრო საუბარია ხანდაზმულებზე. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არ არსებობს, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ ფაიზერით აცრილებს შესთავაზებენ მესამე დოზას ექვსი-რვა თვის შემდეგ. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით მყარი ინფორმაცია არ გვაქვს. დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენ ხანს ეყოფა ადამიანს ორჯერადი აცრის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი, ჯერ არ გვაქვს.“

მაია ბუწაშვილის თქმით, ვირუსის ყოველი შემდგომი მუტაცია წინამორბედთან შედარებით მეტად გადამდებია:

„ყოველი შემდგომი მუტაცია იმით განსხვავდება წინამორბედისგან, რომ უფრო ადვილად მრავლდება და გადაეცემა. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ არის მიკროორგანიზმი თავისი გამჭრიახობით ადამიანთან შედარებით. ​ადამიანების ინფიცირება უფრო ადვილდება ყოველი შემდგომი შტამის დროს. დელტამ, სამწუხაროდ, რეკორდები მოხსნა საერთოდ.“

​ბევრი კითხვა იყო, რამდენად უფრო იწვევს ლეტალობას დელტა შტამი. საბედნიეროდ, მკაფიო განსხვავება პროგნოზებში არ შეინიშნება. რადგან უფრო გადამდებია დელტა, ის უფრო მეტ ადამიანს აზარალებს. ის სეგმენტი, რომელიც თავიდან უფრო ნაკლებად ზარალდებოდა, ახალგაზრდა ასაკის ადამიანები და ბავშვები, დელტას შემთხვევაში უფრო მეტად აღმოჩნდნენ წინა ხაზზე,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად