Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის გადამეტებული წახალისება არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით, როდესაც სათამაშოებს ეხება საქმე,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბავშვის გადამეტებული წახალისება არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით, როდესაც სათამაშოებს ეხება საქმე,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველ მეორე ბავშვს მსგავსი პრობლემა აქვს:

„ყოველ მეორე ბავშვს, რომელიც ჩემთან ვიზიტზე შემოდის, ხელში უჭირავს ტელეფონი. გარეთ რომ გამოვდივარ, მშობლებსაც ტელეფონი უჭირავთ ხელში. მე მარტო თქვენზე არ ვსაუბრობ, ჩემს თავზეც მაქვს საუბარი. იგივე პრობლემა მეც მქონდა და მეტ-ნაკლებად გადავწყვიტე. ​მეტი ჩართულობაა საჭირო, ზოგ შემთხვევაში დასჯა. დასჯაში არ ვგულისხმობ ცემას.“

თემურ მიქელაძის თქმით, თითოეულ ბავშვს სჭირდება წახალისება, თუმცა ზომიერების ფარგლებში:

„ყველა ბავშვს მეტ-ნაკლებად ყოველთვის სჭირდება წახალისება. ​გადამეტებული წახალისებაც არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით, როდესაც სათამაშოებს ეხება საქმე. ჩვენს დროს გახსოვთ, ალბათ, ბაღის ხის ცხენი იყო ერთი და იმას დავსდევდით ყველა. ჯამში სულ 5-6 სათამაშო იყო. ჩვენ ვერთობოდით მაინც და ცუდადაც არა. იქ სხვა ღირებულებები იყო, მუსიკა იყო, ცეკვა იყო, ხატვა იყო, ძერწვა და ა.შ.“

„ახლა არის პრობლემა, რომ ერთ ოთახში თითო ბავშვს 200-300 სათამაშო უყრია. ა​რ ინტერესდება ბავშვი ამ სათამაშოებით და ეჯაჭვება ელექტრონულ მოწყობილობებს. მულტფილმებში მარკეტინგულად რა დევს? ის ისე აჯაჭვავს გმირებს ბავშვებს, რომ შემდეგ მშობლები მიდიან და ყიდულობენ ამ სათამაშოებს. მშობელი ყიდულობს უხარისხო სათამაშოებს. ამის გამო ბავშვის ეკრანდამოკიდებულებას დაემატება არამხოლოდ ტყვიით მოწამვლა, არამედ სხვა პრობლემებიც. მთავარი და აუცილებელი არის მშობლის ჩართულობა. ერთი ელექტრონული გამღიზიანებელი რაც ღირს, იმ თანხით ბავშვს ერთი წლის განმავლობაში მოუარეთ. ეს გაჯეტი ერთი წლის მერე მაინც უნდა გამოიცვალოს, ბავშვები ხომ მაინც ვერ უფრთხილდებიან,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად