Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფილტვების ანთების მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება საშიშია ჯანმრთელობისთვის და იწვევს მდგომარეობის პროგრესირებას,“ - კახა ვაჭარაძე

„ფილტვების ანთების მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება საშიშია ჯანმრთელობისთვის და იწვევს მდგომარეობის პროგრესირებას,“ - კახა ვაჭარაძე

პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული პოსტის შესახებ საუბრობს, რომლის ავტორი ადამიანებს ​ფილტვების ანთების დასამარცხებელ რჩევებს აძლევს და სპეციალურ რეცეპტსაც სთავაზობს. პოსტს სოციალურ ქსელში 28 000 გაზიარება აქვს. პოსტის ავტორი ირწმუნება, რომ კვერცხის ცილის, მაწვნისა და ფქვილისგან მომზადებული ცომის მთელი ღამით გულზე დადებით ფილტვების ანთების დამარცხება შესაძლებელია.

კახა ვაჭარაძე ფილტვების ანთების მკურნალობის აღნიშნულ მეთოდს კატეგორიულად არ იზიარებს და მას სახიფათოდ მიიჩნევს:

„არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება აღნიშნული მოწოდება და მკურნალობის მეთოდი. ზემოაღნიშნულ მეთოდზე საუბარი მიმაჩნია, რომ არასერიოზულია. ​პნევმონიების მკურნალობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მას უნდა აწარმოებდნენ მხოლოდ პროფესიონალები.“

„პნევმონიების მკურნალობა არის სპეციფიკური. ეს არის​ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით სხვადასხვა ჯგუფიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი დიაგნოსტირება ხდება რადიოლოგიური მეთოდით, კლინიკური მეთოდებით, კომპიუტერული ტომოგრაფიით და რასაკვირველია, ექიმების უდიდესი გამოცდილებით. ვფიქრობ, რომ ამ მეთოდის გამოყენება საშიშიც კი არის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან იწვევს მდგომარეობის პროგრესირებას, მკურნალობის დაგვიანებას, შესაბამისად, შესაძლოა, პროცესი დასრულდეს ლეტალურად,“ - აღნიშნულ საკითხებზე კახა ვაჭარაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ საუბრობს.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად