Baby Bag

„თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან,“- შალვა ამონაშვილი აღზრდის შესახებ

„თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან,“- შალვა ამონაშვილი აღზრდის შესახებ

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდისას ჰუმანური მიდგომების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„თუ ბავშვი მოვლენაა და თუ თავისი გზით მოვიდა, თავის თავში ეს გზა ჩადებულია და თუ იმას ყველაფერი შეუძლია, მაშინ როგორ უნდა მოვექცეთ ამ ბავშვს სახლში, სკოლაში? ბრძანებებით? თანასწორობით! მე დიდი ვარ, ის პატარაა, მინდობილია დიდზე, მაგრამ არც უნდა ვაგრძნობინოთ ეს ბავშვს, რომ მე დიდი ვარ და შენზე მეტი ვიცი. აი, სად ვბორძიკობთ ჩვენ. უნდა გაუტოლო ბავშვს თავი!“

„ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ შვილი გაგიხდეს. ეს სიბრძნე რატომღაც ძნელად ედება ადამიანს თავში. თუ გაიგო, მერე გაკეთება არ უნდა. პედაგოგიკა კეთებაში იწყება, არა ცოდნაში. ცხოვრება სიბრიყვეებს, სისულელეებს გვთხოვს ხშირად, რომ გავაკეთოთ. ვაკეთებთ ბევრ რამეს, რაც ვიცით, რომ არ უნდა გავაკეთოთ. ცოდნა გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულება ცოდნის მიმართ არ გვაქვს, ან გვაქვს უარყოფითი. განა თქვენმა გულმა არ იცის, როგორ უნდა გაზარდოს ბავშვი?! თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან. მამას არ აქვს ეს სიბრძნე აღზრდისა. მას მერე გამოცდილებაში მოუვა ეს სიბრძნე, დედას კი დაბადებიდან დაჰყვება, მაგრამ ეს სიბრძნე გაეხსნება იმას, ვისაც უნდოდა, რომ შვილი ჰყოლოდა. ვისაც არ უნდოდა შვილი ჰყოლოდა, წუხდა, მაგრამ ბავშვი მაინც დაიბადა, იმას გადაეკეტა გზა თავისი სიბრძნის. მერე უნდა ირბინოს, ეხვეწოს, იკითხოს ბევრგან როგორ გაზარდოს შვილი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის, რაც იყო, გაუშვი და ჩაწერე წარსულში. ის, რაც ახლაა, არის ცოცხალი და ნამდვილი,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

„ის, რაც იყო, გაუშვი და ჩაწერე წარსულში. ის, რაც ახლაა, არის ცოცხალი და ნამდვილი,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

​​ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი საქართველოს რადიოს გადაცემაში „ფსიქოლოგის საათი“ სიხარულის განცდის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ადამიანმა საკუთარ თავს სიხარულის განცდის უფლება არ უნდა წაართვას;

„სიხარულის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფსიქიკური თვალსაზრისით, არამედ ფიზიკურადაც, იმიტომ, რომ ამ დროს გამოიყოფა ენდორფინები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ განცდის აქ და ამჟამად, ძალიან ცხადად გრძნობა. საკუთარ თავს ამის ნება უნდა მისცეთ. თითქოს ადამიანი ვერ აძლევს თავს იმის უფლებას, რომ განიცადოს ეს სიხარული, იმიტომ, რომ სხვას უჭირს. მე მომეცა სიხარულის განცდის შესაძლებლობა და მაქვს არჩევანი: განვიცადო ეს, თუ უარი ვთქვა ამ განცდაზე. არის სიტუაციები, როდესაც სოლიდარობა მნიშვნელოვანია. როდესაც არამხოლოდ ჩვენი ერი, არამედ მთელი სამყარო დგას უჩვეულო რეალობის წინაშე, ​ჩვენ თითოეულს გვჯერა, რომ ესეც ჩაივლის, ვერ იქნება ესეც მარადიული. ჩვენ ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ და დღეს ვეცადოთ, ამ რეალობაში როგორიც შეგვიძლია, ისეთი ფორმა მივცეთ ამ სიხარულის მოწყობას, სიხარულის განცდას.“

​თეა გოგოტიშვილი აღნიშნავს, რომ წარსულით ცხოვრება უდიდესი შეცდომაა და აწმყოსთვის თვალის გასწორება აუცილებელია:

„ყოველი მოცემული მომენტი ერთ წამში უკვე წარსულში გადადის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღვიქვამთ სამყაროს წარსულის პოზიციიდან, წარსულის თვალით ვუყურებთ და ვხედავთ, რა ხდება ახლა. სინამდვილეში ის უკვე განვლილია. ერთადერთი შანსი, რომ ჩვენ სისხლსავსე, ცოცხალი განცდა გვქონდეს მოცემული მომენტის, არის ის, რომ ჩავერთოთ ამ მომენტში. გავუშვათ წარსულში ის, რაც უკვე იყო. ის, რაც იყო გაუშვი და ჩაწერე წარსულში. ის, რაც ახლაა არის ცოცხალი და ნამდვილი. აქ ჩავდოთ ჩვენი რესურსები. ნუ შევადარებთ იმას, რა იყო. შეიძლება ისეთ განსაცდელში გადაგვაგდოს წარსულში ყოფნამ და წარსულზე ფიქსირებამ, რომ არათუ დღესასწაული ვერ აღვნიშნოთ, არამედ საერთოდ რეალობის განცდაც დაიკარგოს.“

„სხვისი სიხარულის გამო მწუხარებაშიც კი შეიძლება ჩავარდეს ადამიანი, თუ მან დაკარგა საკუთარი მეს განცდა. ​ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ საკუთარ მესთან გულწრფელი, დავინახოთ ჩვენი რეალობა, დავაფასოთ ის, რაც გვეძლევა. ვეცადოთ, რომ მოვძებნოთ მადლიერების მიზეზები,“ - აღნიშნავს თეა გოგოტიშვილი.

წყარო: ​ფსიქოლოგის საათი

წაიკითხეთ სრულად