Baby Bag

„თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან,“- შალვა ამონაშვილი აღზრდის შესახებ

„თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან,“- შალვა ამონაშვილი აღზრდის შესახებ

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდისას ჰუმანური მიდგომების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„თუ ბავშვი მოვლენაა და თუ თავისი გზით მოვიდა, თავის თავში ეს გზა ჩადებულია და თუ იმას ყველაფერი შეუძლია, მაშინ როგორ უნდა მოვექცეთ ამ ბავშვს სახლში, სკოლაში? ბრძანებებით? თანასწორობით! მე დიდი ვარ, ის პატარაა, მინდობილია დიდზე, მაგრამ არც უნდა ვაგრძნობინოთ ეს ბავშვს, რომ მე დიდი ვარ და შენზე მეტი ვიცი. აი, სად ვბორძიკობთ ჩვენ. უნდა გაუტოლო ბავშვს თავი!“

„ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ შვილი გაგიხდეს. ეს სიბრძნე რატომღაც ძნელად ედება ადამიანს თავში. თუ გაიგო, მერე გაკეთება არ უნდა. პედაგოგიკა კეთებაში იწყება, არა ცოდნაში. ცხოვრება სიბრიყვეებს, სისულელეებს გვთხოვს ხშირად, რომ გავაკეთოთ. ვაკეთებთ ბევრ რამეს, რაც ვიცით, რომ არ უნდა გავაკეთოთ. ცოდნა გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულება ცოდნის მიმართ არ გვაქვს, ან გვაქვს უარყოფითი. განა თქვენმა გულმა არ იცის, როგორ უნდა გაზარდოს ბავშვი?! თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან. მამას არ აქვს ეს სიბრძნე აღზრდისა. მას მერე გამოცდილებაში მოუვა ეს სიბრძნე, დედას კი დაბადებიდან დაჰყვება, მაგრამ ეს სიბრძნე გაეხსნება იმას, ვისაც უნდოდა, რომ შვილი ჰყოლოდა. ვისაც არ უნდოდა შვილი ჰყოლოდა, წუხდა, მაგრამ ბავშვი მაინც დაიბადა, იმას გადაეკეტა გზა თავისი სიბრძნის. მერე უნდა ირბინოს, ეხვეწოს, იკითხოს ბევრგან როგორ გაზარდოს შვილი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდის დროს იმუნური სისტემა იქცევა განსაკუთრებულად, მას თავისი სტილი აქვს,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია

„კოვიდის დროს იმუნური სისტემა იქცევა განსაკუთრებულად, მას თავისი სტილი აქვს,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია კოვიდ-19-ის დროს იმუნური სისტემის ფუნქციონირებისა და მისი მუშაობის მექანიზმის შესახებ საუბრობს, მისი თქმით, იმუნური სისტემა ორი ნაწილისგან შედგება და ორივე განსხვავებულად რეაგირებს ვირუსზე:

„ჩვენ მუდმივად გვესმის „ანტისხეულები, ანტისხეულები.“ ანტისხეულები არის ადაპტაციური იმუნური სისტემის შტო. ანტისხეულები თვითონ არაფერს შვებიან. ისინი არ ანადგურებენ კონკრეტულად ბაქტერიას ან ვირუსს. ისინი მონიშნავენ მათ და იმუნური სისტემის სხვა წარმომადგენლებს აძლევენ საშუალებას, რომ ისინი გაანადგურონ. იმუნური სისტემა ორი ნაწილისგან შედგება: ნატიური და ადაპტაციური. ოპერატიული დაცვის მექანიზმი მოდის ნატიურ იმუნურ სისტემაზე. ცილები, არააქტიური ენზიმები, ვირუსთან შეხვედრის დროს აქტიურდებიან და დაუყოვნებლივ ანადგურებენ მას. ​ეს არის დაცვის პირველი მექანიზმი. როდესაც კოვიდი შემოდის, თუ მას პირველი ეშელონი უმკლავდება, თუ ნატიური იმუნური სისტემა მოქმედებს ნორმალურად, არავითარი სხვა ანტისხეულები აქ საჭირო არ არის.“

დავით თელიას თქმით, ადამიანებს, რომლებმაც ვირუსი მარტივად გადაიტანეს ძლიერი ნატიური იმუნური სისტემა აქვთ:

„დიდი ალბათობით, იმ ​ადამიანებში, რომლებმაც ვირუსი ისე გადაიტანეს, რომ ვერც კი გაიგეს, ნატიური იმუნური სისტემა კარგად არის ჩამოყალიბებული. ნატიური იმუნური სისტემა არ ყალიბდება ერთ წელიწადში, ორ წელიწადში. ის ყალიბდება ათასეული წლების განმავლობაში. ის არის გენეტიკურად დეტერმინირებული. თუ ნატიური იმუნური სისტემა ვერ ერევა ვირუსს, მაშინ ერთვება უკვე ადაპტაციური იმუნური სისტემა, რომელიც ცოტა უფრო ჭკვიანია, ცოტა უფრო ზანტია. ანტისხეულების წარმოქმნისთვის საჭიროა რამდენიმე დღე. შემდეგ ანტისხეულები იწყებენ თავის მოქმედებას.“

დავით თელია აღნიშნავს, რომ ანტისხეულები კოვიდთან დაკავშირებით ორი სახის მოქმედებას ავლენენ:

​კოვიდთან დაკავშირებით ანტისხეულების მოქმედების ორი ვარიანტია: ანტისხეულები ბლოკავენ და უქმად ტოვებენ პროტეინებს, ან მონიშნავენ მათ, რომ აგრესიულმა უჯრედებმა ეს ვირუსი დაშალოს და გაანადგუროს. ასე მუშაობს იმუნური სისტემა. ეს უნდა იყოს გონივრული და გაწონასწორებული. ახლა ხშირად გვესმის ციტოკინური შტორმი. ციტოკინური შტორმი შეიძლება შეადარო ორკესტრს, რომელსაც არ ჰყავს დირიჟორი. იმუნურ სისტემაში ხდება ქაოსი, ანთება ძალიან ძლიერდება. ამ ანთების დათრგუნვა არის ხოლმე საჭირო. დექსამეტაზონის ეფექტურობა იმით აიხსნება, რომ მისი დახმარებით ხდება გადაჭარბებული ანთების დათრგუნვა.“

„კოვიდმა იმდენი რაღაც დაგვანახა, რომ შეიძლება რაღაც ახალი იმუნოპათოლოგია აღმოჩნდეს რამდენიმე ხნის მერე. ​კოვიდის დროს იმუნური სისტემა იქცევა განსაკუთრებულად. მას თავისი სტილი აქვს. ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია ჯერჯერობით. ლიტერატურაში სრული ქაოსია, დრო არ არის, კვლევები არ არის საკმარისი. ამიტომ სპეციალისტები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ბევრ შეკითხვაზე პასუხი არ არის. კოვიდი აუცილებლად წავა, მაგრამ მერე რა მოვა, ამაზე უკვე ცალკეა ლაპარაკი. ყოველ 10-15 წელიწადში არის სავარაუდო ახალი, სუპერმუტირებული ვირუსების პროდუქცია,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით თელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად