Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ათი თვიდან ბავშვს ხელში მივცეთ ფანქარი, რომ რაღაც დახატოს,“- პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს

„ათი თვიდან ბავშვს ხელში მივცეთ ფანქარი, რომ რაღაც დახატოს,“- პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვის ჯანსაღ გარემოში გაზრდისა და მისი დადებითი ემოციური სტატუსის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩვენი მიზანია დედასთან თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება, რომ ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს ბავშვი და მას ჰქონდეს დადებითი ემოციური სტატუსი, მუდმივად იყოს წარმატებული და სულ აქებდნენ, როგორც წარმატებულს. ეს ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. ექვსი თვიდან აუცილებელია, რომ ბავშვს წაუკითხონ წიგნი. დედას შეუძლია ამოიკითხოს რაც უნდა ის, იმ წიგნში, მაგრამ ხელი გააყოლოს ასოებს. 8 თვიდან ბავშვს დააწყებინოს თითებით ჭამა, რომ სენსორები განვითარდეს და ათი თვიდან ხელში მისცეს ფანქარი, რომ ბავშვმა რაღაც დახატოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველაფერს აგროვებს. მისი ყველა რეკომენდაცია არის მისაღები ჩვენთვის. 4-5-ჯერ ბავშვი უნდა გახდეს ავად ვირუსებით. ეს ნორმაა. ეს არის იმუნოლოგიის ვარჯიში. არავითარ შემთხვევაში ვირუსულ ინფექციაზე ანტიბიოტიკი არ ინიშნება. ანტიბიოტიკი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სტრეპტოკოკული ინფექცია, ან რომელიმე ბაქტერია გააქტიურდება. ამ პროცესს მხოლოდ ექიმმა უნდა უხელმძღვანელოს. თვითნებური მკურნალობით თქვენ აფერხებთ ვირუსთან გამკლავების მეთოდოლოგიას, რომელიც ბავშვს აქვს. ორგანიზმში არის ასეთი რამ: იმუნიტეტი იმიტომ კი არ არის, რომ უცხოს ებრძოლოს. იმუნიტეტი არის იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზმის შემადგენლობის მუდმივობა დაიცვას. როგორც კი უცხო გამოჩნდება, იმას ებრძვის. ჩვენ ათასამდე კიბოს უჯრედს ვბეჭდავთ შეცდომით დღის განმავლობაში და ამას ორგანიზმი ანადგურებს. როდესაც ეს ტოლერანტობა იშლება, მაშინ ვითარდება სიმსივნური წარმონაქმნები,“- მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად