Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დიდი ალბათობაა, რომ უმაღლესი განათლების მქონე, დასაქმებულმა დედამ აღზარდოს საზოგადოების ნაყოფიერი წევრი,“ - ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე

„დიდი ალბათობაა, რომ უმაღლესი განათლების მქონე, დასაქმებულმა დედამ აღზარდოს საზოგადოების ნაყოფიერი წევრი,“ - ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე

ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ დასაქმებული და უმაღლესი განათლების მქონე დედების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმეტესწილად ისინი საზოგადოების ნაყოფიერ წევრებს ზრდიან:

„უმაღლესი განათლების მქონე დედებს, რომლებიც მუშაობენ თავიანთ სფეროში, უფრო დიდი ალბათობით, ეყოლებათ შვილები, რომლებიც უმაღლეს განათლებას მიიღებენ და იმუშავებენ. ეს ალბათობა არსებობს, რომ ისინი მიიღებენ განათლებას და შეეცდებიან, რომ თავისი პროფესიული ნიშნით დასაქმდნენ. საზოგადოების გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ნაყოფიერი წევრები ჰყავდეს. ჩვენ თუ ვიგულისხმებთ, რომ ქალი, რომელიც მუშაობს, საზოგადოების ნაყოფიერი წევრია, უფრო დიდი ალბათობაა, რომ საზოგადოების ნაყოფიერმა წევრმა აღზარდოს ნაყოფიერი შვილი, რომელსაც ექნება უფრო მეტი მოქნილობა.

დედა, რომელიც გადის, ის უკვე შედის საზოგადოებაში. ის გამოდის ჩაკეტილი ოჯახური სისტემიდან და სხვა სისტემაში შედის. სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ღიაობა იყოს და სისტემის ერთეულები ერთმანეთთან კავშირში იყოს. ჩვენ თუ ვქმნით ჩაკეტილ სისტემებს, ჩაკეტილი სისტემები უფრო მალე ინგრევა. ღია სისტემა უფრო მდგრადია. თუ ქალი არის განათლებული, აქვს დასაქმების შესაძლებლობა და აკეთებს პროფესიულ რეალიზაციას, მისი შემდეგი თაობაც უფრო დიდი ალბათობით დადგება იმავე გზაზე. მასაც ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს განათლება, ჰქონდეს პროფესია, იყოს საზოგადოების ნაყოფიერი წევრი, რაც მნიშვნელოვანია.

მომუშავე დედამ იცის, როგორ განსაზღვროს პრიორიტეტები და ამას ასწავლის ბავშვებს ძალიან მარტივად, მაგალითის ჩვენებით. ის ამას აკეთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროს უთმობს შვილებს. მნიშვნელოვანი როლი აქვს აღზრდის სტილსაც. თუ მე თავს ავტორიტეტად აღვიქვამ, მე შემიძლია ამის უფლება მივცე შვილსაც, რომ მან თავი ავტორიტეტად აღიქვას. დედას, რომელიც მუშაობს, სჭირდება მხარდაჭერა სამსახურიდან, სადაც ის მუშაობს,“- მოცემულ საკითხზე ნინო გოგიჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად