Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

6 მნიშვნელოვანი რამ, რასაც ბავშვები ბაღში სწავლობენ

6 მნიშვნელოვანი რამ, რასაც ბავშვები ბაღში სწავლობენ

ბაღში ბავშვები ბევრ მნიშვნელოვან რამეს სწავლობენ. ჩვენს სტატიაში იმ ექვს უნარს გაგაცნობთ, რომლის განვითარებაში ბავშვს ბაღში სიარული ძალიან ეხმარება.

1. საკლასო ოთახში მოქცევის წესები

ბავშვები ბაღში თვითკონტროლს, კონფლიქტის გადაჭრის უნარსა და მოთმინებას სწავლობენ. სამივე ეს უნარი საკლასო ოთახში საჭირო ქცევის წესების ასათვისებლად ძალიან მნიშვნელოვანია. სასკოლო ასაკისთვის ბავშვები უკვე ფლობენ თვითკონტროლის, კონფლიქტის გადაჭრისა და მოთმინების გარკვეულ უნარებს.

2. ჰიგიენის წესების დაცვა

ხუთი-ექვსი წლის ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ ესაჭიროებათ იმის შეხსენება, რომ მათ ეზოში თამაშის, აბაზანიდან გამოსვლის ან ჭამის დაწყების წინ ხელები უნდა დაიბანონ. ბაღი ბავშვს ამ უნარის ათვისებასა და განმტკიცებაში ეხმარება.

3. კითხვის უნარის გაუმჯობესება

ბავშვები ბაღში სიტყვების სწორად წარმოთქმას, მისი გამოყენებისთვის საჭირო კონტექსტს, წაკითხულის გააზრებასა და გამეორებას სწავლობენ. ეს უნარები ბავშვს სკოლაში კითხვის ათვისებაში ეხმარება.

4. თვლა

ბაღის დასრულების შემდეგ ბავშვებმა გარკვეულ რიცხვებამდე თვლა უკვე იციან. ბაღში ბავშვები არამხოლოდ თვლას , არამედ რიცხვების მნიშვნელობასაც ითვისებენ. თითების გამოყენებით თვლა, 10-მდე დათვლა და სხვა სავარჯიშოები ბავშვებს რიცხვების სამყაროში გზის გაკვალვაში ეხმარება.

5. სპორტული უნარების განვითარება

ბაღში ბავშვებს სპორტული უნარებიც უვითარდებათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა ბავშვებს ასწავლონ, რომ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისას პირველ ადგილზე გასვლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არ არის. მთავარია, ბავშვმა გააცნობიეროს, რომ მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად მცდელობა არ დაიშუროს.

6. დროის აღქმის უნარის განვითარება

ბავშვები ბაღში კვირის დღეების და თვეების დასახელებებს სწავლობენ. ისინი აცნობიერებენ, რომელ საათზე უნდა იყვნენ ბაღში, როდის უნდა დაბრუნდნენ სახლში. ამ უნარის განვითარებას საბავშვო ბაღში სიარული ხელს მნიშვნელოვნად უწყობს.

მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით

წაიკითხეთ სრულად