Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძლიერი ქალი არასდროს ვარდება დეპრესიაში... დაბრკოლებები და ცხოვრებისეული გამოწვევები გვაძლიერებს,“- ფსიქოლოგი ირმა ჩიტაშვილი

ფსიქოლოგმა ირმა ჩიტაშვილმა ძლიერი ქალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შინაგანად ყველა ქალი ძლიერია:

„ზოგადად ყველა ქალი ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს გვეძახიან, ყველა ქალში არის ძალიან დიდი ძალა. თუ ზოგიერთი ქალბატონი ამ ეტაპზე არის მსხვერპლის როლში, ეს მხოლოდ ცხოვრებისეული დაბრკოლებებიდან გამომდინარეა და მას შეუძლია ეს გადალახოს. თუ ქალი სიძლიერეს ვერ გამოხატავს, მას მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება.

როდესაც ქალი არის ძლიერი, მას ყველანაირად დალაგებული აქვს როგორც პირადი ცხოვრება, ასევე კარიერული. ყველა ძლიერი ქალი ალაგებს ოჯახურ და პირად ცხოვრებას, თუ ის სწორად წარმართავს პრიორიტეტებს. რა არის ქალის ბედნიერება? ჯანმრთელობა უმთავრესია, შემდეგ მოდის, რომ ჰქონდეს პირადი ურთიერთობა დალაგებული და ჰქონდეს კარიერა. თუ აქედან მხოლოდ ერთი სფერო გვაქვს, ქალს მაინც აქვს დანაკლისი. პირადი ურთიერთობა და კარიერა ერთმანეთს ხელს არ უშლის, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობენ ძიძები, დამხმარეები.

ვთქვათ, ქალი წავიდა წინ, არის კარიერულად შემდგარი და ხდება, რომ პირად ურთიერთობაში აქვთ არეულობა, ე.ი. სწორ პარტნიორს ვერ შეხვდა, მხოლოდ ეს არის მიზეზი. დამერწმუნეთ, თუნდაც ის შემდგარი ქალები, რომლებიც არიან კარიერულად წინ და მათ არ აქვთ ოჯახი, სრულყოფილად ბედნიერად თავს ვერ გრძნობენ. შეიძლება ეს გარეგნულად არ ჩანს, მაგრამ როდესაც გვაქვს პირადი საუბრები, ისინი სრულყოფილად თავს ვერ გრძნობენ. ყველაზე არ მაქვს საუბარი, უმეტესობაზე ვსაუბრობ.

ძლიერი ქალი არასდროს ვარდება დეპრესიაში. მასაც აქვს დაბრკოლებები, მასაც აქვს პრობლემები, მაგრამ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი, სტატუსი, რომ ამ ყველაფერს არ იმჩნევს. თუ სუსტი ქალები დეპრესიაში არიან, მსხვერპლის როლში არიან, ძლიერი ქალებისთვის დაბრკოლება ამოცანაა, რომელსაც ამოხსნი. მეც სანამ საკუთარ თავზე დავიწყებდი მუშაობას, გარკვეულ პრობლემებს ვუყურებდი უფრო რთულად, დღეს დაბრკოლებას ვუყურებ როგორც ამოცანას, რომელიც უნდა ამოვხსნა, გადავლახო და ამის მერე მეტად ვძლიერდები. დაბრკოლებები გვაძლიერებს, ცხოვრებისეული გამოწვევები გვაძლიერებს. ქალი მაშინ არის ბრძენი, როდესაც თავის სიძლიერეს შეიძლება საერთოდ არ ანახვებს მამაკაცს. აქ შინაგან სიძლიერეზეა საუბარი. ქალი მრავალფეროვანია, ბრძენია და როგორც უნდა ისე იყენებს ამ როლებს,“- მოცემულ საკითხზე ირმა ჩიტაშვილმა ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად